საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100116001336411
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №541აპ-20 ქ. თბილისი
შ–ა დ., 541აპ-20 23 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების - დ. შ–ასა და გ. ე–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულების - დ. შ–ასა და გ. ე–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ჩ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და დ. შ–ასა და გ. ე–ის გამართლებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით:
დ. შ–ა, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2016 წლის 16 მარტიდან იმავე წლის 18 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 8000 ლარი. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება (აღნიშნული ვადით აეკრძალა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე აეკრძალა არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციაში საქმიანობის უფლება).
გაუქმდა დ. შ–ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
გ. ე–ე, - დაბადებული ...... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2016 წლის 16 მარტიდან იმავე წლის 18 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება (აღნიშნული ვადით აეკრძალა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე აეკრძალა არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციაში საქმიანობის უფლება).
გაუქმდა გ. ე–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ..........ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 22 იანვრის #.. ბრძანების თანახმად, დ. შ–ა დაინიშნაა(ა)იპ „........ს მუნიციპალიტეტის ..............ის ცენტრის“ დირექტორის თანამდებობაზე.
ა(ა)იპ „..........ს მუნიციპალიტეტის .................. ცენტრის“ დირექტორ დ. შ–ს 2009 წლის 2 თებერვლის #.. ბრძანების თანახმად, გ. ე–ე დაინიშნა ცენტრის სამნეო ნაწილის გამგის თანამდებობაზე.
2016 წლის თებერვალში მ. მ–მა და კ. თ–მა გადაწყვიტე ს......ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქ. ს.....ში მდებარე კულტურის სახლის შენობაში ფართის იჯარით აღება. ამ მიზნით მათ მიმართესა(ა)იპ „......ის .............. ცენტრის“ დირექტორს - დ. შ–ს და ამავე ცენტრის სამნეო ნაწილის გამგეს - გ. ე–ს.
დ. შ–მ და გ. ე–მ მ. მ–სა და კ. თ–ს შესთავაზეს, რომ 5 წლის ვადით, საბაზრო ღირებულება ზენაკლებ ფასად, იჯარით გადასცემდნენ კულტურის სახლის შენობის ნაწილს, ხოლო ამავე შენობის ფართის სხვა ნაწილს - დამატებით სარგებლობაში გადასცემდნენ ხელშეკრულებაში მითითების გარეშე, რის სანაცვლოდაც, ოფიციალური იჯარის თანხის გარდა, მოითხოვეს 30000 ლარი. 2016 წლის 16 მარტს ქ. ...........ში გ. ე–მ მ. მ–ს გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 15000 ლარი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო სასამართლოს მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის - მოწმეების: მ. მ–ის, კ. თ–ის, ნ. ზ–ას, გ. დ–ისა და სხვათა ჩვენებები, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები ქმნის საკმარის საფუძველს დ. შ–ასა და გ. ე–ის მსჯავრდებისათვის.
8. სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას დაცვის მხარე (მათ შორის: დანაშაულის პროვოცირებაზე) და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
9. იმავდროულად სასამართლო აღნიშნავს, რომ დ. შ–ია და გ. ე–ე წარმოადგენენ ,,..........ის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში არსებული ............. ცენტრის“ ხელმძღვანელ პირებს და თავიანთ სამსახურებრივ პოზიციაზე ისინი გამწესებულნი იყვნენ აღნიშნული მმართველი სახელმწიფო ორგანოს მიერ (ამათგან დ. შ–ია ხსენებული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნული იყო .........ის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2009 წლის 22 იანვრის #.. ბრძანებით, ხოლო გ. ე....ე კი იმავე ცენტრის სამნეო ნაწილის გამგის თანამდებობაზე დაინიშნა დირექტორ დ. შ.......ას 2009 წლის 2 თებერვლის #.. ბრძანებით). სასამართლო აღნიშნავს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ა(ა)იპ) შესაძლებელია დაფუძნებული იყოს როგორც სხვა კერძო ფიზიკური და იურიდიული პირის, ასევე სახელმწიფო ორგანოს მიერაც. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი, სისხლის სამართლის მიზნებისათვის, წარმოადგენს მოხელესთან გათანაბრებულ პირს, ისევე როგორც ყველა იმ კერძო საწარმოსა თუ სხვა სტრუქტურაში, სადაც საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის სახელმწიფოს და რომლის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო. ვინაიდან მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულებს არ აქვთ წარდგენილი ბრალდება მათ მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის თაობაზე, სასამართლო ვერ გასცდება ბრალდების ფარგლებს.
10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).
11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - დ. შ–ასა და გ. ე–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე