დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.10.2020
საქმის ნომერი
2კ-43-I-20
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.10.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330802220003722753

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№43I-20 ქ. თბილისი

ო–ო ნ., 43I-20 27 ოქტომბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ნ. ო–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ქ–სა და დ. ლ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. ო–ს მიმართ რუსეთის ფედერაციაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2017 წლის 3 ნოემბერს .......... ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს მთავარი საგამოძიებო სამმართველოს .............. და ..........ის ოლქში საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება ნ. ო–ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, ნ. ო–ს ბრალი დაედო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2017 წლის 14 დეკემბერს ....... ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს მთავარი საგამოძიებო სამმართველოს ............ის ოლქში საგამოძიებო ნაწილის გადაწყვეტილებით ნ. ო–ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.

2018 წლის 26 მარტს ........ ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ............. და .............ის ოლქში ოპერატიულ-სამძებრო ნაწილის გადაწყვეტილებით ნ. ო–ს მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.

2018 წლის 18 მაისს .......... ფედერაციის ............ის ..........ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ. ო–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

2018 წლის 8 ოქტომბერს ნ. ო–ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ნ. ო–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2018 წლის 6 ნოემბერს ნ. ო. ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

2018 წლის 8 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ნ. ო–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

2018 წლის 15 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ნ. ო–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინების შეცვლის თაობაზე.

2018 წლის 22 ნოემბერს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებულ იქნა ნ. ო–ს ექსტრადიციის თაობაზე .......... ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

2019 წლის 4 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ნ. ო–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვის ვადით, 6 თვემდე - 2019 წლის 6 მაისამდე.

2019 წლის 8 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ნ. ო–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინების შეცვლის თაობაზე.

2019 წლის 2 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ნ. ო–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვის ვადით, 9 თვემდე - 2019 წლის 6 აგვისტომდე.

2019 წლის 1 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ნ. ო–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაოთი 50000 ლარის ოდენობით და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

ნ. ო–მ ა. ს–ი დაარწმუნა მის მიერ დაფუძნებული კომპანია შპს სავაჭრო სახლი ...........თვის მიეყიდა ქ. ..........ში, ......ს პროსპექტის N...-ში მდებარე, 337.30 კვ.მ. ფართობის მქონე არასაცხოვრებელი შენობა, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 50 000 000 რუსულ რუბლს. მხარეებმა აღნიშნულ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს 2014 წლის 12 მაისს. ნ. ო–სთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ იგი ვერ შეძლებდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების ღირებულების გადახდას.

აღნიშნულის შემდეგ, ნ. ო–მ შპს სავაჭრო სახლი .......ის სახელით ქ. ..........ში, სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა განცხადება ზემოაღნიშნული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. .........ში, .......ის პროსპექტის N...-ში მდებარე, 337.30 კვ.მ. ფართობის მქონე არასაცხოვრებელ შენობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. სარეგისტრაციო სამსახურს ინფორმაცია წარედგინა იმდაგვარად, თითქოს ა. ს–ის მიმართ ყველა ვალდებულება შესრულებული იყო შპს სავაჭრო სახლი .......ის მიერ, რის საფუძველზეც 2014 წლის 27 მაისს განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოგვიანებით, შპს სავაჭრო სახლი .........ის იურისტმა ა. ........მა, რომლისთვისაც არ იყო ცნობილი ნ. ო–ს დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ნ. ო–ს მითითების შესაბამისად, ქ. ...........ის ს–ის რაიონულ სასამართლოში, ა. ს–სა და შპს სავაჭრო სახლი .....ის შორის, ზემოხსენებულ ქონებასთან დაკავშირებით წარმოებულ N.... სამოქალაქო საქმის განხილვის ფარგლებში წარადგინა ყალბი ხელწერილი ა. ს–ის მიერ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 50 000 000 რუსული რუბლის მიღების თაობაზე, რაც რეალურად სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ამასთან, აღნიშნული ხელწერილის საფუძველზე, ............ის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მითითებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შპს სავაჭრო სახლი ......ზე აღიარების და რეგისტრაციის კანონიერად ცნობის შესახებ. ნ. ო–ს მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულ ა. ს–ს მიადგა ჯამში 50 000 000 რუსული რუბლის ოდენობით მატერიალური ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დასაშვებად იქნა ცნობილი ნ. ო–ს .........ის ფედერაციაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ........ის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს მთავარი საგამოძიებო სამმართველოს ............სა და ..........ის ოლქში საგამოძიებო ნაწილის 2017 წლის 3 ნოემბრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ....... ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით).

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ნ. ო–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - გ. ქ–ა და დ. ლ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. .......... ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ნ. ო. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 6 ნოემბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ნ. ო. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პირი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან ნ. ო. არის ...... ფედერაციის მოქალაქე.

5. ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი ..............ში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 24 დეკემბერს ნ. ო–ს უარი ეთქვა საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ო–ს მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლოს ორ ინსტანციაში. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის 2019 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ნ. ო–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, ნ. ო–ს ...........ში საერთაშორისო დაცვა ან თავშესაფარი მინიჭებული არ აქვს. იგი აგრეთვე, არ ითვლება თავშესაფრის მაძიებელ პირად საქართველოში.

6. სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობაში მითითებული ნ. ო–ს მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედება, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაშიც, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 1 წელზე მეტი ვადით. შესაბამისად, დაცულია ორმაგი დასჯადობის პრინციპის სასჯელთან მიმართებით დადგენილი მოთხოვნები.

7. 2019 წლის 23 სექტემბერსა და 2020 წლის 24 იანვარს დაცვის მხარემ წარმოადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომართვის წერილი და ამავე ბიუროს 2019 წლის 1 ოქტომბრის N..... ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც შეეხება 2014 წლის 4 აგვისტოთი დათარიღებულ სადავო ხელწერილზე ნ. ო–ს დაცვის მხარის მიერ საქართველოში ჩატარებულ ექსპერტიზას იმ გარემოების დასადგენად ეკუთვნის თუ არა ხელწერილის ხელნაწერი ტექსტი ა. ს–ს.

8. კასატორების არგუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უდანაშაულობის მტკიცებას შეეხება, სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს და ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგ.იხ.საქმე №2I-17).

9. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარემ ექსტრადიციის პროცესში არასრულად წარმოადგინა რელევანტური დოკუმენტაცია და ......... ფედერაციის გენერალური პროკურატურიდან მიღებული დამატებითი ინფორმაციით დადასტურდა, რომ ......... ფედერაციის შესაბამისი სამოქალაქო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არათუ აქარწყლებს, არამედ პირიქით ადასტურებს ბრალდების ფაქტობრივ საფუძველს.

10. გარდა ამისა, იმის მიუხედავად, რომ იმავე დავის საგანზე პარალელურად სისხლისა და სამოქალაქო საქმეებზე მიმდინარეობდა წარმოება ნ. ო–ს მიმართ არსებული ბრალდება მიზნითა და ხასიათით (inter alia მოტყუებისა და განზრახ სიყალბის ელემენტები) აშკარად სისხლის სამართლებრივი შინაარსისაა და სამოქალაქო დავასთან აღრევის საკითხიც კი არ დგას (განსხვავება, (Navalnyy and Ofitserov v. Russia, §§ 110-115).

11. ადვოკატის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ნ. ო–ს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე.

12. ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია მართლაც წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (იხ. Sejdovic v. Italy [GC], ECtHR, no. 56581/00, § 84; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, ECtHR, no. 9808/02, 25/03/2005, §56; Drozd and Janousek v. France and Spain, ECtHR, 26/06/1992, § 110), რომ შეიძლება გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება. ასეთად, Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom (ECtHR, N8139/09, 17/01/2012, § 259) გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული მიდგომის თანახმად, ევროპული სასამართლო მიიჩნევს:

- in absentia მსჯავრდებას, როდესაც არ არსებობს საქმის ხელახლა არსებითად განხილვის შესაძლებლობა;

- სასამართლო პროცესი, რომელიც შემაჯამებელი ხასიათისაა და განხორციელდა დაცვის უფლებების სრული უგულებელყოფით;

- პატიმრობა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის და მის მიერ პატიმრობის კანონიერების განხილვის გარეშე;

- ადვოკატის ხელმისაწვდომობაზე განზრახი და სისტემატური უარი, განსაკუთრებით უცხო ქვეყანაში დაპატიმრებული პირის მიმართ.

13. ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, ECtHR, no8139/09, 17/01/ 2012, § 261).

14. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურადდარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, ECtHR, no46827/99, 46951/99, 04/02/2005, §72-73; K. v. Russia, ECtHR, no 69235/11, 23/05/2013, §58), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, ECtHR, no36378/02, 12/04/2005, §352). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხეზე.

15. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,.. როდესაც არსებობს საფუძველი რწმენისთვის, რომ პირი, ... შესაძლოა დადგეს მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, 23/05/2011, § 66).ასევე, ზოგადად ქვეყანაში არსებული ძალადობრივი მდგომარეობა თავისთავად არ არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს პირის ამ ქვეყანაში ექსტრადიციის შემთხვევაში (იხ. H.L.R. v. France, ECtHR, 29/04/1997, § 41), გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, 19/11/2019, § 79, იხ.Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, 28/06/2011). ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოს არ შეუძლია გამოიტანოს დასკვნა, რომ რუსეთში არსებული ზოგადი მდგომარეობა იმდენად სერიოზულია რომ .. პირის გადაცემა თავისთავად წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას“(იხ. Zarmaev v Belgium, ECtHR, no 35/10, 27/02/2014).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში შესაძლო დევნისა და უფლებების დარღვევის რისკები, საქართველოს გენერალური პროკურატურის პარალელურად, შეისწავლა შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელიც საერთაშორისო დაცვის მინიჭების შესახებ ნ. ო–ს მოთხოვნას განიხილავდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნ. ო–ს უარი ეთქვა საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. აღნიშნული სამინისტროს მიერ ვერ იქნა დადგენილი რეალური საფრთხის არსებობა ნ. ო–ს ექსტრადიციის შემთხვევაში მისი რაიმე ნიშნით დევნასთან ან/და უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. მსგავსი საფრთხეების არსებობა ვერ იქნა დადგენილი ვერც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ.

17. გარდა აღნიშნულისა, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ ნ. ო–ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com, yandex.ru). ნ. ო–ს მიმართ დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში. ინტერნეტის ღია წყაროებში ინფორმაციის მოძიება ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად.

18. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ექსტრადიციის შუამდგომლობაში ........ ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს წარმოუდგინა გარანტია, რომ ,,ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა არ ისახავს მიზნად ნ. ო–ს პოლიტიკური მოტივით დევნას მისი რასობრივი კუთვნილების, აღმსარებლობის, ეროვნების ან პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით“ და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში „ნ. ო. არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას. იგი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა უფლებით, მათ შორის ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობით (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლები)“.

19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მომთხოვნი სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი გარანტია, ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გაცემულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, დაკავშირებულია საპროკურორო ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან და მათთვის სავალდებულო ხასიათი აქვს.წარმოდგენილი გარანტიები არ არის ზოგადი და ბუნდოვანი (იხ.Klein v. Russia, ECtHR, no24268/08, §55; Chahal v. The United Kingdom, ECtHR, no22414/93, §105), ატარებს კონკრეტულ ხასიათს, პირდაპირ ეხება კასატორის კონვენციური უფლებების დაცვას. გარანტიები მოიცავს სიცოცხლის და წამებისგან დაცვის, ადვოკატის ხელმისაწვდომობის, დაცვის უფლების პატივისცემის (იხ. T.K. and S.R. v. Russia,ECtHR, no28492/15, 49975/15, 19/11/2019, §102, 103; Othman ( Abu Qatada) v UK, ECtHR, no8139/09, 17/01/2012, §194) და სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებებს.

20. ევროპული სასამართლოს თანახმად, „ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობა არ გამორიცხავს მისგან გარანტიების მიღებას (იხ. Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no. 8139/09, § 194, 188, 17/01/2012)და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში მიუთითებს, რომ აღნიშნულ გარანტიებს არანაირი წონა არ შეიძლება მიენიჭოთ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აფასებს გაცემული გარანტიების ხარისხს - რამდენად არის მიღებული გარანტიები საკმარისი, რომ თავიდან იქნეს აცილებული არასათანადო მოპყრობის საფრთხე (იხ. Saadi v. Italy [GC], no. 37201/06, § 148, ECHR 2008; Othman ( Abu Qatada) v UK, ECtHR, no.8139/09, 17/01/2012, §186; T.K. and S.R. v. Russia, no. 28492/15, 49975/15, 19/11/, 2019, § 99).

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო „განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, ECtHR, no 35/10, 27/02/2014, §113; Gasayev v Spain, ECtHR, no 48514/06, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, ECtHR, no 21022/08; 51946/08, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით.

22. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას და არც სასიკეთო მიზანს ყველა სახელმწიფოსთვის, როდესაც დანაშაული უფრო დიდ საერთაშორისო დონეზე გადადის“ (Trabelsi v Belgium, ECtHR, no140/10, 04/09/2014, § 11; Soering v UK, ECtHR, 07/07/1989, §86).

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ნ. ო–ს ..........ის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ......... ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს მთავარი საგამოძიებო სამმართველოს ..........სა და ........ის ოლქში საგამოძიებო ნაწილის 2017 წლის 3 ნოემბრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ....... ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) - კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ნ. ო–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ქ–სა და დ. ლ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე