საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.12.2020
საქმის ნომერი
2კ-568აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003173577

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

#568აპ-20 ქ. თბილისი

ი–ი დ., 568აპ-20 1 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ი–ს ადვოკატ მ. დ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ი–ს ადვოკატმა მ. დ–მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. საქმეზე გადამწყვეტი, არსებითი მტკიცებულებები - დაზარალებულ გ. მ–ისა და მისი ძმის, მოწმე ლ. მ–ის ჩვენებები არის არასარწმუნო, არათანმიმდევრული და მიკერძოებული, რომლებიც არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით; მოწმეების - ნ. ი–ის, ლ. შ–ისა და ზ. შ–ის ჩვენებები, ერთი მხრივ, არის ირიბი, ხოლო, მეორე მხრივ, შინაარსობრივადაც ვერ ადასტურებს დ. ი–ს ბრალეულობას; სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ბრალდებულ დ. ი–სა და მოწმე გ. ი–ის ჩვენებები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი დაუშვებელი მტკიცებულებაა, ვინაიდან ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობდა, საგამოძიებო ექსპერიმენტში კი მითითებულია, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა დ. ი–საგან მიღებული ჩვენების/გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად; სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი დაცვის მხარეს, რომელიც ითხოვდა ახალი მტკიცებულებების საქმეზე დართვას.

2. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა საკასაციო შესაგებლით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენით დ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დავით იაშაღაშვილმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 19:45 საათზე, ქ. ......ში, ტ............ში, .........ს გზატკეცილი #.-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ი–ი დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა გ. გ–ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. ი–ს ადვოკატმა მ. დ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ხოლო დადგენილ ფაქტებს არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ცალსახად დადასტურებულად მიიჩნია დ. ი–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: მხოლოდ ის ფაქტი, რომ დანაშაულის თვითმხილველი მოწმე ლ. გ–ი დაზარალებულის ძმაა, იმთავითვე და უპირობოდ არ მიუთითებს მის მიკერძოებაზე და ვერ გამორიცხავს მოწმის ჩვენების სანდოობას; საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ დაზარალებულ გ. გ–ისა და მოწმე ლ. გ–ის ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რომელთა სისწორეში დაეჭვების ობიექტური საფუძველი მტკცებულებების გამოკვლევით არ დგინდება; კასატორის მიერ საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებებიდან - მოწმე გ. გ–ს ჩვენება დ. ი–ს ბრალეულობის დასადასტურებლად/უარსაყოფად არ გამოდგება, ვინაიდან მოწმის განმარტებითვე, ბრალად წარდგენილი ქმედების დროს მას ეძინა; ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი; დადგენილია, რომ ბრალდებულ დ. ი–ს მიერ 2019 წლის 30 ივლისს მიცემული ჩვენების შესამოწმებლად 2019 წლის 30 ივლისს ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი; საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას ამ მტკიცებულების დაუშვებლობის თაობაზე, ვინაიდან, ერთი მხრივ, ზემოაღნიშნულ სამხილს გადალახული აქვს წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებობის ეტაპი, როდესაც სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი არ ყოფილა არსებითი დარღვევით მოპოვებული, მაგრამ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, ზემოაღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსი არ დასდებია საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულების დასაშვებად ცნობის თაობაზე არის კანონიერი და დასაბუთებული, ვინაიდან საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს და არკვევს საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზს, რის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე მტკიცებულების დაშვება-არდაშვების თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებული გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან არ იყო გამოკვეთილი შუამდგომლობის დაკმაყოფლების აუცილებელი წინაპირობები კერძოდ, მოთხოვნა არ იყო არგუმენტირებული და არ დასტურდებოდა საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის ობიექტური მიზეზი; საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას დ. ი–ს უდანაშაულობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ მისი ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებეულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულ გ. მ–ის, მოწმეების - ლ. გ–ისა და ლ. შ–ის ჩვენებებითა და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც ქმნიან დ. ი–ს მსჯავრდებისათვის უტყუარ და საკმარის საფუძველს.

9. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ი–ს ადვოკატ მ. დ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი