საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115793288
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №345აპ-19 ქ. თბილისი
ჯ–ი ა., 345აპ-19 16 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კირჩხელმა.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რადგან ა. ჯ–ის ბრალეულობა დადასტურებულია სასამართლო გამოძიების დროს დაკითხული დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით, ასევე - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით.
2. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ა. ჯ–ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობის გამოყენებით პირადი ქონების გატაცებაში, ე.ი. დანაშაულებში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 17, 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) და სსკ-ის 152-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1960 წლის რედაქცია).
ა. ჯ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ა. ჯ–მ 1995 წლის 3 სექტემბერს .....ში, .........ის ქ. N.., ბინა N.-ში, ს. ხ–ი წააქცია იატაკზე და ხელებითა და ელექტრომადუღებლის ,,შნურით’’ დახრჩობის გზით ცდილობდა მის განზრახ მკვლელობას. მას შემდეგ რაც დაზარალებულმა გონება დაკარგა, ა. ჯ–ი დაეუფლა მის კუთვნილ 4000 აშშ დოლარს.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ა. ჯ–ი, - დაბადებული ... წელს, - დაუსწრებლად ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 17, 105-ე მუხლითა (1960 წლის რედაქცია) და სსკ-ის 152-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა ა. ჯ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა.
გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კირჩხელმა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ა. ჯ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
7. საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. იმავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე, ხოლო სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ა. ჯ–ის ბრალეულობა და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე განხილულ მტკიცებულებათა ერთობლიობით და საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი მისი დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სსკ-ის 17, 105-ე მუხლითა (1960 წლის რედაქცია) და სსკ-ის 152-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გამოტანამდე სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და, ამდენად, მასზე განმეორებით მსჯელობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი