შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 24.12.2020
საქმის ნომერი
2კ-570აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002992444

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№570აპ.-20 ქ. თბილისი

კ. ბ., 570აპ-20 24 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან -კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ირაკლი კოძახიძის

მსჯავრდებულ - ბ.კ-ს

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე, დისტანციურად განიხილა მსჯავრდებულ ბ. კ-სა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ რევაზ თოფურიას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ. კ-მ და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა რევაზ თოფურიამ.

2. მსჯავრდებულo ბ. კ. საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან მას არჩადენილი დანაშაულისათვის დაედო მსჯავრი; განაჩენი ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, თანაც -დაუსაბუთებელს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა მის მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა; მას მამასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და არასდროს აკადრებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას; შემთხვევის დღეს დაშორდა მამას და შინ წავიდა. უკან დბრუნებულმა ნახა წელსზემოთ შიშველი და სისხლიანი ა. კ., შეეცადა მის დახმარებას, რაც ვერ შეძლო და დაუძახა მეზობელს, ლ. დ-ს, რომლის სახლში გადაყვანისასსას გარდაიცვალა ა. კ.; არ დადასტურდა ბრალდების მხარის მტკიცება, რომ იგი მოქმედებდა შურისძიების მოტივით, გადამალა გარდაცვლილის სისხლიანი ტანსაცმელი და რომ ა. კ.ადგილზე გარდაიცვალა.

3. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ბ. კ-ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში ცალსახად გამოკვეთილია მამის მკვლელობის განზრახვა; სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა ზედაპირულად, სათანადო გულისხმიერების გარეშე და მათ არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა; კასატორის მტკიცებით, მამა-შვილს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, ბ. კ-ს მიერ მამის ხელებითა და ფეხებით ცემა, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანების მიყენება და ზამთარში, ღამით, ტყეში მისი მიტოვება ცალსახად მიუთითებს ბ. კ-ს განზრახვაზე, მოეკლა ა. კ., რაც უტყუარად დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით.

4. საკასაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ბ. კ-მ მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, ვინაიდან მიიჩნევს, რომ არის უდანაშაულო, ხოლო . კ-ს, მისი აზრით, დაზიანებები სხვა პირმა მიაყენა.

5. საკასაციო სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ირაკლი კოძახიძემ მხარი დაუჭირა პროკურორის საკასაციო საჩივარს, მოითხოვა მისი დაკმაყოფილება და ბ. კ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა, ხოლო მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარზე უარის თქმა.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ბ. კ., .... დაბადებული 1987 წლის 28 აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. კ-მ ჩაიდინა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ვ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მცხოვრები მამა-შვილი ა. და ბ. კ-ები სახლისაკენ მიმავალ გზაზე შეკამათდნენ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე. ურთიერთშელაპარაკებით შეურაცხყოფილმა და განაწყენებულმა ბ. კ-მ შურისძიების მოტივით, განიზრახა მამის, ა. კ-ს მკვლელობა: თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში სცემა მას და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებები, რის შედეგადაც ა. კ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. კ-ს ადვოკატმა მ. წ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა: ბ. კ-სათვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 111,117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის ჩადენაშიც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. კ-მ ჩაიდინა არა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა, არამედ - ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ ის ფაქტი, რომ ა. კ-ს სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით. გარდაცვლილს მთელს სხეულზე აღინიშნებოდა სხვადასხვა ხარისხის სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: ჭრილობების, ნაჭდევების, სისხლჩაქცევების, მოტეხილობებისა და სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც განვითარებულია სიკვდილამდე, წინა უახლოეს პერიოდში, რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დანაშაულის ჩადენის თარიღს - 2019 წლის 23 იანვარს.

3. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიმოიხილავს მსჯავრდებულ ბ. კ--ს საკასაციო საჩივრის საკვანძო არგუმენტებს და აღნიშნავს, რომ ისინი, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ხოლო, მეორე მხრივ, მეტად არადამაჯერებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

4. ბ. კ-ს მტკიცება, რომ მამასთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა და არასოდეს აკადრებდა მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეწინააღმდეგება გარდაცვლილის დის - მ. კ-ს ჩვენებას, რომელიც აცხადებს, რომ მსჯავრდებულს არ უყვარდა მამა და ემუქრებოდა მას, რომ წამებაში ამოხდიდა სულს. შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ეჩხუბა ა.კ-ს და დაემუქრა, რომ ყველა ნეკნსა და ძვალს დაუმტვრევდა. ბ. კ-ს განმარტება, რომ სახლისკენ მიმავალ გზაზე იგი დაწინაურდა, ვინაიდან მამამ სთხოვა სახლში მალე მისულიყო, ცეცხლი დაენთო და ხორცი დაედგა მოსახარშად, იმის გათვალისწინებით, რომ მამა-შვილი მ. დ-ს ოჯახში გაშლილი სუფრიდან ბრუნდებოდა, არადამაჯერებელია. ბ. კ-ს ვერსია, რომ სახლიდან უკან დაბრუნებულმა ნახა წელს ზემოთ შიშველი, სისხლიანი მამა, რომელზეც იფიქრა, კლდიდან ხომ არ გადავარდაო, ეწინააღმდეგება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რომელზე თანდართული ფოტოილუსტრაციით ნათლად ჩანს, რომ შემთხვევის ადგილზე არ არსებობს ისეთი ციცაბო ფერდობი, სადაც გადავარდნით ა. კ-ს შესაძლოა, მიეღო სხეულის იმგვარი დაზიანებები, რაც გარდაცვლილს აღენიშნებოდა. უტყუარად დადგენილია, რომ ა. კ-ს დაზიანებები მიყენებული აქვს მკვრივ-ბლაგვი საგნით (საგნებით) და არა -სიმაღლიდან ვარდნით. ბ. კ-ს მიერ ჩვენებაში შემოთავაზებული ვერსია, რომ დახმარებისთვის მიმართა ლ. დ-ს, რომელმაც უთხრა, რომ ა. კ-ს სციოდა და ცეცხლი დაენთო, ეწინააღმდეგება თავად მოწმე ლ. დ-ის ჩვენებას, რომელმაც აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა ნახა, რომ ა. კ. უკვე გარდაცვლილი იყო. საკასაციო სხდომაზე მსჯავრდებულ ბ. კ-ს მტკიცება, რომ ა. კ-ს დაზიანებები ვიღაც სხვა პირმა მიაყენა, ეწინააღმდეგება მის მიერ წარსულში განვითარებულ უბედური შემთხვევის ვერსიას. მოწმეების - ლ. დ-ს, მ. დ-ს, მ. კ-სა და თ. კ-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ბ. კ. თავდაპირველად ცდილობდა, ყველა დაერწმუნებინა, რომ ა. კ სახლისკენ მიმავალ გზაზე დაიმტვრა და გარდაიცვალა. საქმეში არსებული 2019 წლის 24 იანვრის პატაკით დასტურდება, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ა. კ-ს სისხლიან ტანსაცმელს მისი შვილი, ბ. კ. უნდა ინახავდეს თავის საცხოვრებელ სახლში. სწორედ ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა ა. კ-ს სახლის ჩხრეკა და ამოღებულ იქნა გარდაცვლილის ტანსაცმელი, რომელიც ბ.კ-მ გადამალა და არა - მსჯავრდებულის მითითებით, როგორც ამას თავად ამტკიცებდა საკასაციო საჩივარში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. კ. არ არის გულწრფელი და არ არსებობს მისი უდანაშაულოდ ცნობისა და წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

5. საკასაციო სასამართლომ პროკურორის საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისა და, შესაბამისად, სასჯელის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმად, სასამართლოში წარმოდგენილია შეთანხმებული, საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მოწმეების - მ. დ–ს, ლ. დ-ს, მ. ჩ-ს, მ. კ-ს, თ. კ-ს, მ. შ-ს, დ. ხ-ს, გ. ჩ-ს, დ. ა-ს, დ.ა-ს, ბ. ზ-სა და ი. ფ-ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერების ოქმები, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისა და ბრალდებულის დაკავების ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები), რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ 2019 წლის 23 იანვარს სახლისკენ მიმავალ ა. და ბ. კ-ებს მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც ა. კ-ს სწორედ შვილმა - ბ. კ-მ მიაყენა სხეულის დაზიანებები, რომლის კვალიფიკაციაზე საკასაციო სასამართლო ქმედების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

7. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ბ. კ-ს ქმედებაში არ არის გამოხატული განზრახ მკვლელობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: ბ. კ-ს დამოკიდებულება გარდაცვლილთან - ისინი მამა-შვილი იყვნენ; მათ შორის წამოჭრილი კონფლიქტის უმნიშვნელო ხასიათი - წაკამათდნენ სიგარეტის თაობაზე, რაც მალევე განიმუხტა; დანაშაულის ჩადენის იარაღი - ბ. კ-ს იარაღად არ გამოუყენებია რაიმე სხვა საგანი, არამედ მამას სცემა ხელებითა და ფეხებით; დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზი - ა. კ. წაიქცა და ბ. კ-მ თავი დაანება მას; დამნაშავის ქცევა ქმედების შემდეგ - ბ. კ, რომელსაც ეგონა, რომ ა. კ. სიცივის გამო იყო ცუდად, ცდილობდა, გონს მოეყვანა იგი და მეზობელს მიმართა დახმარებისათვის, რაც მიუთითებს, რომ ბ. კ. არ მოქმედებდა ა. კ-ს მოკვლის განზრახვით, არამედ მისი განზრახვა იყო მამისათვის მიეყენებინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. ის, რომ ბ. და ა. კ-ები იყვნენ მამა-შვილი, არც არასდროს გამხდარა სადავოდ და, ცალკე აღებული, ვერაფრით გახდება იმის მტკიცების წინაპირობა, რომ ბ. კ. ა. კ-ს არ მოკლავდა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ გარდაცვლილსა და მსჯავრდებულს ახლო ნათესაური კავშირი ჰქონდათ, ვერაფრით გადაფარავს იმ გარემოებას, რომ ბ. კ-ს არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა მამასთან, მეტიც, დადასტურებულია, რომ ემუქრებოდა და წამებით სიკვდილს უქადდა. გარდაცვლილის დამ - მ. კ-მ განმარტა, რომ 2019 წლის 11 იანვარს, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, მასთან სტუმრად მყოფი ბ. კ. ეჩხუბა ა. კ-ს, რომელსაც ადანაშაულებდა ოჯახის დანგრევაში და დაემუქრა, ,,როგორც კი მოხვალ, ყველა ნეკნსა და ძვალს დაგიმტვრევო“. მ. კ-მაიცოდა, რომ ბ. კ. მამას მოკლავდა, ამიტომაც სთხოვა თავის ძმას დარჩენა, თუმცა ა. კ-მ არ დაუჯერა და თავის სახლში დაბრუნდა. ბ-ს მამა არ უყვარდა და ხშირად ემუქრებოდა, ,,წამებაში ამოგხდი სულსო“. საყურადღებოა, რომ ა. კ-ს გარდაცვალების შემდეგ ოჯახის წევრებმა სწორედ ბ. კ-ზე მიიტანეს ეჭვი. გარდაცვლილის ქალიშვილმა თ. კ-მ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ძმისგან შეიტყო, რომ მამა დაიმტვრა და გარდაიცვალა, შეეკითხა ,,ამდენ ხანს არ წაქცეულა და ახლა რა დაემართაო?“ საგამოძიებო ორგანოს ა. კ-ს საეჭვო გარდაცვალების თაობაზე მიმართა გარდაცვლილის დამ მ. კ-მ, რომელმაც ჩვენების მიცემისას ასევე დაადასტურა, რომ ძმის გარდაცვალების ამბის გაგებისთანავე იფიქრა და დარწმუნებულიცაა, რომ მას ბ. კ. მოკლავდა.

9. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მამა-შვილს შორის წამოჭრილი კონფლიქტის უმნიშვნელო ხასიათთან მიმართებით, დანაშაულის მოტივის გამორიცხვაზე მინიშნებით, ვინაიდან, ერთი მხრივ, დადგენილია, რომ ბ. კ. შემთხვევის დღეს გაანაწყენა არა მარტო იმ ფაქტმა, რომ მამამ სუფრაზე სიგარეტი არ მიუტანა, არამედ იმანაც, რომ ა. კ-მა დაუმალა იარაღი, ხოლო, მეორე მხრივ, დადასტურებულია, რომ ბ. კ-ს ჰქონდა ცუდი სიმთვრალე, რა დროსაც მამის მიმართ ხდებოდა აგრესიული. მოწმე მ. დ-მ დაადასტურა, რომ ბ. კ. შემთხვევის დღეს მამაზე იყო განაწყენებული, ვინაიდან სუფრაზე ყოფნისას ა. დ–მ არც სიგარეტი მიუტანა და არც იარაღი, რაზეც მამა-შვილი შელაპარაკდა. იმ ფაქტს, რომ ა. კ-მ სუფრაზე მყოფს არ მიუტანა სიგარეტი და იარაღი, რის გამოც უსაყვედურა მას, არც თავად მსჯავრდებული უარყოფს. ბ. კ-ს დის - თ. კ-სა და მამიდის - მ. კ-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ბ. კ-ს ჰქონდა ცუდი სიმთვრალე, ამ დროს ხდებოდა აგრესიული და შეურაცხყოფას აყენებდა ნათესავებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სიმთვრალეში განსაკუთრებით აგრესიული ბ. კ. შემთხვევის დღეს იყო მთვრალი და მამა-შვილის წინარე ურთიერთობის მხედველობაში მიღებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ბ. და ა. კ--ებს შორის შემთხვევის დღეს მომხდარი კონფლიქტი არ ყოფილა იმდენად უმნიშვნელო, რომ ვერ გამხდარიყო ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის მოტივი.

10. საკასაციო სასამართლო ბ. კ-ს ქმედებაში მკვლელობის განზრახვის გამომრიცხველ გარემოებად ვერაფრით მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ დანაშაულის ჩადენისას ბ. კ-ს იარაღად რაიმე სხვა საგანი არ გამოუყენებია, არამედ სცემა მამას ხელებითა და ფეხებით, რაც პირიქით, ცხადყოფს მის მყარ სურვილსა და მისწრაფებას, მოესპო სიცოცხლე ა. კ-სათვის, როდესაც ხელებითა და ფეხებით, განსაკუთრებული ძალისხმევით, რომელიც არ დასჭირდებოდა იარაღად სხვა საგნის გამოყენებისას, მიეყენებინა მამისათვის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ხარისხის დაზიანებები. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ა. კ-ს გარდაცვალებამდე მკვრივ-ბლაგვი საგნით, როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის ხელი და ფეხი, მიყენებული აქვს სხვადასხვა ხარისხის მრავლობითი დაზიანება: უსწოროკიდეებიანი ჭრილობები ნიკაპქვედა მიდამოში, მარცხნივ; მარცხენა წარბის რკალზე, შუბლის მიდამოში, მარჯვნივ; მარჯვენა თვალბუდის ზედა ქუთუთოზე, კეფის მიდამოში, მარჯვნივ და თხემის მიდამოში მარცხნივ. მრავლობითი ნაჭდევები შუბლ-თხემისა და სახის მიდამოში თითქმის მის მთლიან ფართზე, სისხლჩაქცევებით თავის ქალას რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებსა და თავის ტვინის ნივთიერებაში, ნათხემსა და მოგრძო ტვინში. თავის ტვინის ნივთიერების მკვეთრად გამოხატული შეშუპებით, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით - მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხს და მიზეზობრივად დაკავშირებულია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან; სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: მარჯვნივ, ლავიწშუა ხაზზე III-IV-V-VI ნეკნების და მარცხნივ, ლავიწშუა ხაზზე III-IV-V-VI-VIIVIII ნეკნების მოტეხილობები, პარიესული პლევრის მთლიანობის დარღვევის გარეშე, ირგვლივ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით, მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესული პლევრის ქვეშ - ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს და მიზეზობრივად არ არის დაკავშირებული დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან; სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: მრავლობითი სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. ნაჭდევები მარცხენა ტერფის უკანა ზედაპირზე, ბორცვის, პირველი და მეორე თითების უკანა ზედაპირების თითქმის მათ მთლიან ზედაპირზე - ცალ-ცალკე და ერთად აღებული - მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და მიზეზობრივად არ არის დაკავშირებული დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. მიღებული დაზიანებების შედეგად ა-ს კ-ს შეეძლო მიზანმიმართული მოქმედებები (ეყვირა, ემოძრავა) მანამ, სანამ არ დაკარგავდა გონებას.

11. ბუნდოვანია სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია, რომელმაც გაუგებარია, რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ ბ. კ-მა შეწყვიტა დანაშაულებრივი ქმედება და თავი დაანება ა. კ-ს ცემას, როდესაც იგი წაიქცა, ვინაიდან საწინააღმდეგო მტკიცება გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რითაც ცალსახად დგინდება, რომ ბ. კ-მ მამაზე იძალადა არა ერთხელ და არაერთ ადგილას, რაზეც პირდაპირ მიუთითებს შემთხვევის მთელს პერიმეტრზე აღმოჩენილი გარდაცვლილის სისხლიანი კვალი და მიმობნეული ტანისამოსი, ასევე - სხეულზე მიყენებული მრავლობითი დაზიანებები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ექსპერტ დ. ა-ს ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე, ერთმანეთისგან დაშორებით, დაახლოებით 50-60 მეტრის რადიუსში, ნახეს გარდაცვლილის სისხლიანი ჩექმა, სისხლიანი ფოთლები და ქვები, ასევე რეზინის ჩექმის ყელი, სისხლიანი ტყავის ქურთუკი, დაზიანებული და სისხლიანი ჟილეტი. ა. კ-ს გვამის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მათზე თანდართული ფოტოილუსტრაცია უპირობოდ გამორიცხავს იმ დაშვებას, რომ ბ. კ- არ სურდა მამის მოკვლა, რის გამოც შეწყვიტა მასზე ძალადობა და თავი გაანება.

12. წინააღმდეგობრივია სააპელაციო სასამართლოს მიერ ბ. კ-ს განზრახვის დადგენისას მისი დანაშაულებრივი ქმედების შემდგომი ქცევის შეფასება, ვინაიდან სასამართლომ, ერთი მხრივ, უტყუარად დაადგინა ის ფაქტი, რომ ა. კ-ს სხეულის დაზიანებები სწორედ ბ. კ-მა მიაყენა, ხოლო, მეორე მხრივ, გაიზიარა ის ვერსია, რომ ბ.კ-ს ეგონა, მამა სიცივის გამო გახდა ცუდად, ცდილობდა გონს მოეყვანა იგი და დახმარების თხოვნით მიმართა მეზობელს, ლ. დ-ს. სასამართლოს ამ ურთიერთგამომრიცხველ მსჯელობას არ გააჩნია არც ფაქტობრივი საფუძველი, ვინაიდან არ არსებობდა ბ. კ-ს ჩვენების ამ ნაწილში გაზიარების შესაძლებლობა, რადგან მსჯავრდებულის განმარტება, რომ ლ. დ-მ უთხრა, რომ ა. კ-ს სციოდა და ცეცხლი დაენთო, რაც ვერ შეძლო და იგი ლ. დ-ს სახლში გადაიყვანეს, სადაც ნახა, რომ იყო გარდაცვლილი, გამორიცხა თავად ლ. დ-მ, რომელმაც დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე სცადა გარდაცვლილისათვის პულსი გაესინჯა, თუმცა მას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.

13. სააპელაციო სასამართლოს მოტივაციით, გარდაცვლილისათვის დაზიანებების მიყენებისას ბ. კ. არ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით და მსჯავრდებულის ქმედება შეაფასა, როგორც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, რასაც საკასაციო სასამართლო კატეგორიულად არ ეთანხმება.

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, №527აპ-17 საქმეზე).

15. განსახილველ შემთხვევაში ბ. კ-ს განზრახვას ადასტურებს ბ. და ა. კ-ების წინარე კონფლიქტური ურთიერთობა და მსჯავრდებულის არაერთი მუქარა, რომ წამებაში ამოხდიდა მამას სულს, ასევე ყველა ნეკნსა და ძვალს დაუმტვრევდა, რომელიც შემთხვევის დღეს ზედმიწევნით შესრულდა; ბ. კ-ს ცუდი სიმთვრალე და განსაკუთრებული აგრესია მამის მიმართ, რომელსაც ოჯახის დანგრევაში ადანაშაულებდა; შემთხვევის დღეს მთვრალი ბ. კ-ს განაწყენება მამაზე, ერთი მხრივ, სიგარეტის, ხოლო, მეორე მხრივ, იარაღის გამო; დანაშაულის ჩადენის შემდეგ მსჯავრდებულის ქცევა, რომელმაც იანვარში გარეთ მიატოვა უმოწყალოდ ნაცემი მამა, წავიდა შინ და დაიძინა, ა. კ-ს სისხლიანი ტანსაცმელი კი, გადამალა და, ბოლოს, ა. კ-ზე ძალადობისას მისთვის მიყენებულ დაზიანებათა ხარისხი, სიმრავლე და მდებარეობა, კერძოდ, დაზიანებები მთელს სახესა და თავის არეში, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ნაჭდევები, სისხლჩაქცევები, მოტეხილობები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში. ამასთან, ა. კ-ს სიკვდილის უშუალო მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით, რაც ერთობლივად აღებული, ცალსახად გამორიცხავს ბ. კ-ს ქმედებაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების სურვილს და მიუთითებს მის განზრახვაზე მოეკლა მამა, როდესაც გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, რამეთუ შეუძლებელია ადამიანისათვის ბრალის გარეშე ფიზიკური ზიანის მიყენება იყოს მართლზომიერი; ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის - მისი გარდაცვალების შესაძლებლობას და შესაძლოა, არც სურდა ეს შედეგი, მაგრამ ა. კ-ს უმოწყალოდ ცემით შეგნებულად უშვებდა და ზამთარში, ღამით, ნაცემი მამის ქუჩაში დატოვებით დაუშვა მისი დადგომის შესაძლებლობა.

16. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვასა და მათ ობიექტურ ანალიზს მივყავართ შემდეგ დასკვნამდე: არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი საიმისოდ, რომ ბ. კ-ს მიერ ა. კ-ს მიმართ ჩადენილი ქმედება სამართლებრივად შეფასდეს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად, ესე იგი სხეულის დაზიანებად, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია. საკასაციო სასამართლოს აზრით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ მსჯავრდებულმა ბ. კ-მ ჩაიდინა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება რელევანტური საფუძველი ამ ფაქტის მიმართ გონივრული ეჭვის არსებობისთვის.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლწინააღმდეგობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

18. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

19. საკასაციო სასამართლო სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებს, მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს, კერძოდ: ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული; მიყენებული დაზიანებების რაოდენობას; მსჯავრდებულის პიროვნებას, რომელიც ალკოჰოლური თრობისას არის აგრესიული და მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, როდესაც უმოწყალოდ ნაცემი მამა ზამთარში, ღამით, მიატოვა ქუჩაში, თავად კი სახლში წავიდა და დაიძინა და მიაჩნია, რომ ბ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ბ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ რევაზ თოფურიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

4. ბ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 25 იანვრიდან.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი