საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 351100109002565493
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №531აპ-19 ქ. თბილისი
ვ–ე გ., 531აპ-19 4 იანვარი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. ვ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 ქვეპუნქტითა (1995 წლის რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი მოტივებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით - მოწმეთა ჩვენებებით, ამოცნობის ოქმებით, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირების - ს. მ–ის, ც. ი–ისა და ნ. შ–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენებით, რომელთაც გააჩნიათ პრეიუდიციული მნიშვნელობა, უტყუარად დასტურდება გ. ვ–ის ბრალეულობა.
2. საბრალდებო დასკვნის თანახმად, გ. ვ–ს ბრალი დაედო ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში მოქალაქეთა ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ან ასეთი ძალადობის მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით.
გ. ვ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1992 წლის 13 ნოემბერს ..........ის რაიონის სოფელ ............ში მცხოვრები გ. ვ–ე დანაშაულებრივად დაუკავშირდა ქ. .......ში, .......ის გზატკეცილის №......-ში მცხოვრებ ც. ი–ს, ქ. თ–ში, ბ–ის ქუჩა №..-ში მცხოვრებ ს. მ–ს, .......ის რაიონის სოფელ ......ში მცხოვრებ ნ. შ–ს და ქ. .............ში მცხოვრებ გამოძიებით დაუდგენელ პირს, ვინმე „.......ს“ და წინასწარ შეუთანხმდა მათ, მოეწყოთ ყაჩაღური თავდასხმა ............ის რაიონის სოფელ ...........ში მცხოვრებ მ. და ჯ. ს–ების საცხოვრებელ ბინაზე, მათი კუთვნილი ქონების დაუფლების მიზნით. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, 1992 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ს. მ–ე, ც. ი–ი, გ. ვ–ე, ნ. შ–ე და გამოძიებით დაუდგენელი პირი, ვინმე „..........“, ამ უკანასკნელის კუთვნილი „ბეჟი“ ფერის დაუდგენელი სანომრე ნიშნის მქონე „ვაზ 2107“ მარკის ავტომანქანით მივიდნენ ............ის რაიონის სოფელ .............ში, ს..........ების საცხოვრებელი სახლის მახლობლად. ც. ი–მა თანამონაწილე ბოროტმოქმედ პირებს აჩვენა ნათესავ ჯ. ს–ის საცხოვრებელი ბინა, თვითონ კი დაბრუნდა ავტომანქანაში, რათა დაზარალებულებს არ ამოეცნოთ იგი. ს. მ–ე, გ. ვ–ე, ნ. შ–ე და გამოძიებით დაუდგენელი პირი ვინმე „......“, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, პისტოლეტითა და დანით, შემოსილები სამხედრო კამუფლაუირებული ფორმით, შეიჭრნენ ჯ. ს–ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც იმყოფებოდა ჯ. ს–ე მეუღლესა და მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად. ბინაში შესვლისთანავე იარაღი მიუშვირეს ჯ. და მ. ს–ებს, შეუკრეს ხელები, ჩაიყვანეს სარდაფში და მოკვლის მუქარით მოსთხოვეს ძვირფასეულობა, რითიც საფრთხე შეუქმნეს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ს. მ–მ, გ. ვ–მ, ნ. შ–მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, ვინმე „........“, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის მუქარით, ყაჩაღური გზით გაიტაცეს დაზარალებულის კუთვნილი შემდეგი დასახელების ნივთები: 4800 ლარად ღირებული 60 ცალი ტელეფონის აპარატი; 350 ლარად ღირებული ტელევიზორი „ივერია“ გადამრთველით; იაპონური წარმოების ტელევიზორი „კიტი“, ღირებული 500 ლარად; ორკასეტიანი აუდიომაგნიტოფონი „სონი“, ღირებული 250 ლარად; აუდიომაგნიტოფონი „ფიშერი“, ღირებული 300 ლარად; აუდიომაგნიტოფონი „სონი“, ღირებული 250 ლარად; ერთი ყუთი სიგარეტი „ელემი“, ღირებული 250 ლარად; 20 კოლოფი სიგარეტი „ოსკარი“, ღირებული 10 ლარად; ავტომანქანის 12 ცალი საბურავი, ღირებული 850 ლარად; ავტომანქანის 2 საბურავი ე.წ. „დისკები“, ღირებული 180 ლარად; საძინებლის 2 ცალი გადასაფარებელი „რომეო და ჯულიეტა“, ღირებული 200 ლარად; 1 ცალი პოლონური წარმოების ხალიჩა, ღირებული 200 ლარად; 100 ლარად ღირებული ვერცხლის 18 ცალი დანა-ჩანგალი და კოვზები; ვერცხლის ყელსაბამი, ღირებული 200 ლარად; ოქროს ყელსაბამი, ღირებული 50 ლარად; მამაკაცის საათი „პოლიოტი“, ღირებული 30 ლარად; ქალის საათი „ჩაიკა“, ღირებული 30 ლარად; მამაკაცის 4 წყვილი კომპლექტი, ღირებული 400 ლარად; ფოტოაპარატი „ზენიტი“, ღირებული 50 ლარად.; 10 ცალი სამხედრო დანიშნულების დურბინდი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 500 ლარი; ფულადი თანხა - 135000 რუსული რუბლი და მიიმალნენ.
3. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განაჩენით გ. ვ–ე, - დაბადებული ......... წელს, - დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 ქვეპუნქტითა (1995 წლის რედაქცია) და სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ყადაღა მოეხსნა გ. ვ–ის მიმართ დადებულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილს და გაუქმდა პროკურორის მიერ 1996 წელს სანქციონირებული გამომძიებლის დადგენილება.
4. გ. ვ–ე დააკავეს 2018 წლის 30 ივნისს.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ვ–ემ და მისმა ადვოკატმა გ. ს–მა. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ვ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განაჩენი.
გ. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 ქვეპუნქტითა (1995 წლის რედაქცია) და სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გ. ვ–ეს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
გ. ვ–ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ყადაღა მოეხსნა გ. ვ–ის მიმართ დადებულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილს და გაუქმდა პროკურორის მიერ 1996 წელს სანქციონირებული გამომძიებლის დადგენილება.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
8. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივებს, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდენილი გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭირო ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზარალებულად ცნობილი პირები გ. ვ–ეს ყაჩაღურ თავდასმაში მონაწილე ერთ-ერთ პირად ვერ უთითებენ და, შესაბამისად, არც ამოუცნიათ. თავის მხრივ, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები - ს. მ–ე და ც. ი–ი, რომელთა მიმართაც გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, კატეგორიულად გამორიცხავენ 1992 წლის 3 ნოემბერს ს–ების ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში გ. ვ–ის მონაწილეობის ფაქტს. ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს, არის დაზარალებულ ჯ. ს–ის მონაწილეობით ჩატარებული ტელევიზორის ამოცნობის ოქმი, რომელიც ამოღებულ იქნა გ. ვ–ის სახლიდან, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან არცერთი მოწმის ჩვენებით და არც წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ამ ნივთს გ. ვ–ე სწორედ ყაჩაღობის შედეგად დაეუფლა და ამ გზით მოხვდა მის საცხოვრებელ სახლში, მითუფრო, მოწმე ს. მ–ის სასამართლოში მიცემული ჩვენების გათვალისწინებით, რომელმაც განმარტა, რომ დაზარალებულების ბინიდან ყაჩაღობისას წამოღებული ტელევიზორი ჩაიტანა ..........ში, თავისი ცოლის ნათესავებთან, ხოლო საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ გ. ვ–ე არის ს. მ–ის ნათესავი - მეუღლის ძმა. ამდენად, მხოლოდ ისეთი სახის მტკიცებულებიდან შექმნილი ეჭვი, როგორიცაა ტელევიზორის ამოცნობის ოქმი, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება და იგი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ. ვ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 ქვეპუნქტითა (1995 წლის რედაქცია) და სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი