შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001626946
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№978აპ-19 23 თებერვალი, 2021 წელი
გ-ი ი- 978აპ-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანჟელა გეთიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენით:
1.1. ი. გ-ი, - დაბადებული --- წლის -- მარტს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია, კერძოდ, ი. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.2.2016 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ-ი, თ. მ-ს ქუჩა №---ში მდებარე მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, ი. გ–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცემის შედეგად გ. მ-ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია. მისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულ გ. მ-ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
2. აღნიშნული ქმედებისათვის ი. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა გამასწორებელი სამუშაო - 1 წლითა და 3 თვით.
2.1.საქართველოს სსკ-ის 45-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ი. გ-–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასიდან დაექვითა 15 პროცენტი.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილე გიორგი ვანიძემ და მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. კ-მ.
3.1.ბრალდების მხარემ ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
3.2.დაცვის მხარემ ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - გიორგი ვანიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. კ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1.ი. გ-–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა გამასწორებელი სამუშაო - 1 წლით;
4.2.საქართველოს სსკ-ის 45-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ი. გ–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასიდან დაექვითა 5 პროცენტი.
5. კასატორი – პროკურორი ანჟელა გეთია საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელი აშკარად არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. დანაშაული ჩაიდინა ექიმმა საავადმყოფოს ღია სივრცეში, რაც მეტყველებს მსჯავრდებულის საზოგადოებისადმი დამოკიდებულებასა და თმენის ვალდებულების უგულებელყოფაზე. ასევე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დაზარალებულ გ. მ-ს დღემდე გააჩნია მსჯავრდებულთან პრეტენზია, მათ შორის კონფლიქტი არ ამოწურულა და მიმდინარეობს დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამასთან, მსჯავრდებული ცდილობს დაზარალებულის დისკრედიტაციას.
5.1. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ი. გ–ის მიმართ ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ ნაწილში, რომ მსჯავრდებულმა ი. გ-მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი. გ--ის მიერ გ. მ--ს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია და რასაც არც მხარეები ხდიან საკასაციო სასამართლოში სადავოდ.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულ ი. გ–ისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, სსკ-ის 53-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს, ქმედების განხორციელების ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის საუარესო ცვლილება.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს სრულყოფილად უნდა შეაფასოს არა მხოლოდ მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ინდივიდუალური მახასიათებლები, არამედ - ჩადენილი დანაშაულის სახე და დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის მოცულობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი თანაბრად პასუხობდეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ ყველა მიზანს, როგორც დამნაშავის რესოციალიზაციასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, ისე - სამართლიანობის აღდგენას.
5. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში უზენაესი სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ი. გ–ის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათზე, ქმედების განხორციელების ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგზე, კერძოდ, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება:
6. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი) ჩადენილია კლინიკაში, ექიმის (ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის) მიერ, ხოლო დაზარალებული კი წარმოადგენს აღნიშნული კლინიკის პაციენტის შვილს (თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული არ იყო დაზარალებულის დედის მკურნალი ექიმი, არამედ, როგორც თავად გ. მ. ჩვენებაში უთითებს, მას უბრალოდ სურდა ი. გ-ის საქმის კურსში ჩაყენება - მკურნალი ექიმის არასწორ ქმედებებთან დაკავშირებით). მართალია, როგორც გ. მ--მ განმარტა, ი. გ-ის გაბრაზება გამოიწვია დასმულმა კითხვამ - შვილის მოკვლის შემთხვევაში, ბოდიში დააკმაყოფილებდა თუ არა, მაგრამ, ვინაიდან მსჯავრდებული იყო ექიმი, მას ეკისრებოდა მეტი თმენის ვალდებულებაც, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ როგორც თავად ი. გ-მაც მიუთითა, გ. მ-ს დედის მდგომარეობა იმჟამად, ზოგადად, მძიმე იყო.
7. ამასთან, როგორც დაზარალებულ გ. მ-სა და მისი დის, თვითმხილველი მოწმის - ნ. მ-ს ჩვენებით არის დადგენილი, ი. გ-მა გ. მ-ს რამდენჯერმე დაარტყა. გ. მ-ს ჩვენებით, მას ი. გ-ისათვის საპასუხოდ არ დაურტყამს (საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ი. გ-ზე დაზიანების არსებობას დაადასტურებდა).
8. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტის დასრულების შემდეგ ჩავიდა ეზოში და საპატრულო პოლიცია გამოიძახა. მას თავზე ჰქონდა ჭრილობა და ხელს ვერ ამოძრავებდა, შემდეგ კი სისხლდენა განუახლდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გ. მ--ს დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, მარცხენა თხემის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა და მარჯვენა მხრის პროქსიმალური ბოლოს დიდი ბორცვის მოტეხილობა. აგრეთვე, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მარჯვენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი.
8.1.ამდენად, ი. გ–ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად, გ. მ-მ არაერთი ფიზიკური დაზიანება მიიღო.
9. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტსაც, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მსჯავრდებული ი. გ–ი არ არის შერიგებული დაზარალებულ გ. მ--სთან.
10. რაც შეეხება მსჯავრდებულის ფინანსურ მდგომარეობას, საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს ,,ი--ს“ დირექტორის ცნობა, რომლის მიხედვითაც, ი. გ–ის სახელფასო სარგომ 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით, შეადგინა: 250 278.70 ლარი.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით (დანაშაული ჩადენილია ექიმის მიერ კლინიკაში, რამდენჯერმე დარტყმით, რამაც დაზარალებულის სხეულის სხვადასხვა არის დაზიანება გამოიწვია, მსჯავრდებული და დაზარალებული არ არიან შერიგებულები), საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - გამასწორებელი სამუშაო 1 წლით (სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასის 5%-ის დაქვითვით) არ არის სამართლიანი და ი. გ-ს დამატებითი სასჯელის სახედ აგრეთვე უნდა განესაზღვროს - ჯარიმა, რაც საბოლოოდ სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის მიზნების მიღწევას.
12. ამასთან, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს თბილისის პრობაციის ბიუროს N2/05/87283 შეტყობინებას (აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის დასრულების შესახებ), რომლის მიხედვითაც, ი. გ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული გამასწორებელი სამუშაოს ვადის მოხდა დაუსრულდა - 2020 წლის 8 დეკემბერს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანჟელა გეთიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ი. გ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს გამასწორებელი სამუშაო - 1 წლით; საქართველოს სსკ-ის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ი. გ–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასიდან დაექვითოს 5%, რაც დღეის მდგომარეობით ჩაეთვალოს მოხდილად;
4. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ი. გ-ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 40 000 ლარი;
5. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი