საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №826აპ-19 თბილისი
ა-ი გ-ა, 826აპ-19 16 აპრილი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ა-ის ადვოკატ ე. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ა-ს ბრალი დაედო ადევნებაში ოჯახის წევრისა და წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, ე.ი. ოჯახის წევრის უკანონო თვალთვალში, არასასურველი კომუნიკაციის დამყარებასა და სხვა განზრახ ქმედებებში, რომლებიც სისტემატურად ხორციელდებოდა და იწვევდა პირის ფსიქიკურ ტანჯვასა და პირის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში: გ. ა-ი და ნ. დ-ი დაქორწინდნენ 2005 წელს და 6 თვე ცხოვრობდნენ ერთად. განქორწინების შემდეგ გ. ა-ი ცდილობდა ნ. დ-თან შეხვედრას და ემუქრებოდა მას. 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით ნ. დ-ის მიმართ ძალადობისა და მუქარის, ასევე მისი ბიძაშვილის - ზ. დ-ის მკვლელობისათვის გ. ა-ს განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი 2017 წლის 17 ნოემბრამდე იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, გათავისუფლებისთანავე კი დაიწყო ნ. დ-ის საცხოვრებელ სახლთან მისვლა, ცდილობდა როგორც პირადად, ისე სხვა პირების საშუალებით მასთან არასასურველ კომუნიკაციას, ასევე ემუქრებოდა. გ. ა-ისთვის ცნობილი იყო, რომ ნ. დ-ი იყო ორსულად, თუმცა აგრძელებდა იმავე ქმედებებს, კერძოდ: სისტემატურად მიდიოდა თ-ში, -- კორპუსთან და მის მიმდებარე ტერიტორიზე, უთვალთვალებდა და მოკვლით ემუქრებოდა ნ. დ-ს როგორც პირადად, ისე სხვების, მათ შორის - დედის - მ. დ-ის მეშვეობით. გ. ა-ის ქმედებებით ნ. დ-ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და მუდმივად იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, რის გამოც იძულებული გახდა, შეეცვალა ცხოვრების წესი, მათ შორის: საცხოვრებლად გადავიდა დედასთან; 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით კი სამუშაოდ წავიდა გ-ში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენით გ. ა-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველ ნაწილზე. გ. ა-ი, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2018 წლის 29 მაისიდან.
4. განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: გ. ა-ი და ნ. დ-ი დაქორწინდნენ 2005 წელს და 6 თვე ცხოვრობდნენ ერთად. განქორწინების შემდეგ გ. ა-ი ცდილობდა ნ. დ-თან შეხვედრას და ემუქრებოდა მას. 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით ნ. დ-ის მიმართ ძალადობისა და მუქარის, ასევე მისი ბიძაშვილის - ზ. დ-ის მკვლელობისათვის გ. ა-ს განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი 2017 წლის 17 ნოემბრამდე იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, გათავისუფლებისთანავე კი დაიწყო ნ. დ-ის საცხოვრებელ სახლთან მისვლა, ცდილობდა როგორც პირადად, ისე სხვა ადამიანების საშუალებით მასთან არასასურველ კომუნიკაციას, ასევე ემუქრებოდა. იგი სისტემატურად მიდიოდა თ-ში, მ-ის დასახლების - მიკრორაიონის მე-- კორპუსსა და მის მიმდებარე ტერიტორიასთან, სადაც ცხოვრობდა ნ. დ-ი, უთვალთვალებდა და მოკვლით ემუქრებოდა ამ უკანასკნელს როგორც პირადად, ისე სხვების, მათ შორის -დედის - მ. დ-ის მეშვეობით. გ. ა-ის ქმედებებით ნ. დ-ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და მუდმივად იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, რის გამოც იძულებული გახდა, შეეცვალა ცხოვრების წესი, მათ შორის საცხოვრებლად გადავიდა დედასთან, 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით კი სამუშაოდ წავიდა გუდაურში.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამართლება.
6. განაჩენი ასევე გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და გ. ა-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 2 აგვისტოს ბრძანებით დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წარმომადგენლის შუამდგომლობა და მსჯავრდებულ გ. ა-ს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით განესაზღვრა შპს „აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) მოთავსება, არანებაყოფლობითი, სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენით პროკურორისა და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად. ამასთან, ამავე განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. ა-ს განესაზღვრა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით შეფარდებული სასჯელის მოხდის გაგრძელება შპს „აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი), სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, ხოლო შემდეგ - სასჯელის მოხდის გაგრძელება საერთო წესით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ა-ის ადვოკატმა ე. გ-ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. ა-ის გამართლებას.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
12. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც გ. ა-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ა-ის ადვოკატ ე. გ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე