საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.07.2020
საქმის ნომერი
2კ-276აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№276აპ-20 ქ. თბილისი

ტ-ი ნ-რ, 276აპ-20 23 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენით ნ. ტ-ი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 24 მაისიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 27 ივლისიდან 2019 წლის 15 მარტის ჩათვლით.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ტ-მა ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 27 ივლისს, ღამის საათებში, საქართველოს შს სამინისტრომ ქ. თ-ის პოლიციის დეპარტამენტის ი-ის პოლიციის მე- განყოფილებაში დაიწყო გამოძიება თ-ში, კ-ის გ-ის №-ში მდებარე სუპერმარკეტ „ნ-დან“ სხვადასხვა დასახელების პროდუქციის ქურდობის ფაქტზე.

· შემთხვევის ადგილზე გასულმა პოლიციის თანამშრომლებმა თ-ში, ს-ის დასახლებაში, -ე კორპუსის მიმდებარედ შეაჩერეს ნ. ტ-ი და პ. ფ-ი, რომლებიც იყვნენ ნასვამები და უცენზურო სიტყვებითა და ხმამაღალი შეძახილებით არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მოწოდებაზე, დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, განაწყენებულმა ნ. ტ-მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და გაუწია წინააღმდეგობა, რის გამოც პოლიციელებმა ნ. ტ-ი და პ. ფ-ი დააკავეს ადმინისტრაციული წესით საქართველოს ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით და გადაიყვანეს თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში.

· ნასვამი ნ. ტ-ი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციის თანამშრომლების მიმართ და მათ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მიუხედავად პოლიციელთა მხრიდან არაერთგზის მოწოდებისა, დამშვიდებულიყო და შეეწყვიტა მათთვის შეურაცხყოფის მიყენება, ნ. ტ-მა გააგრძელა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც იგი, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, მოულოდნელად თავს დაესხა მასთან ახლოს მდგარ, თბილისის ი-ის სამმართველოს პოლიციის მე-- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ი. ქ-ს, რომელსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და თავი ძლიერად ჩაარტყა სახეში. ნ. ტ-ის ქმედებით ი. ქ-მა მიიღო ნახეთქი ჭრილობა ტუჩზე და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. ტ-მა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ მას არ ჰქონია ვინმეზე თავდასხმის ან დაზიანების მიყენების განზრახვა, სკამიდან ადგომისას რეფლექსურად დაეჯახა პოლიციელს.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. დაზარალებულ ი. ქ-ის, მოწმეების – ლ. ჩ-ის, მ. ს-ის, დ. ბ-ის, გ. გ-სა და სხვათა ჩვენებებით, ოქმებით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, ბ. ჯ-სა და დ. ბ-ის სამხრე კამერებით გადაღებული ვიდეოჩანაწერებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-ის სამმართველოს პოლიციის მე--განყოფილების გარე და შიგა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერებით, სამედიცინო ექსპერტიზის №-- დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნ. ტ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია, არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და სრულად შეესაბამება კამერების ვიდეოჩანაწერებს.

8. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე