საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №357აპ-19 თბილისი
ჯ-ა ლ-ა, 357აპ-19 5 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ თორნიკე არეშიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, ლ. ჯ-ასა და დ. კ-ეს ბრალი დაედოთ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევაში, ესე იგი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მოხელის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულებაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 14 ივნისს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებაში სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, შეასახლეს მსჯავრდებული დ. გ-ა, რომელიც 2008 წლიდან იმყოფებოდა აღრიცხვაზე დიაგნოზით - აივ ინფექცია/შიდსი, მე-3 სტადია, ქრონიკული „ც“ ჰეპატიტი.
2013 წლის 25 დეკემბერს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებაში ყოფნისას, დ. გ-ას დაუდგინდა დიაგნოზი - ფილტვების დისიმინირებული ტუბერკულოზი და მისი მდგომარეობის გართულების გამო, შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებების გატარების მიზნით, მსჯავრდებული გადაიყვანეს მ-ის მუნიციპალიტეტის დ. ქ-ში მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში. მსჯავრდებულის პირად დოკუმენტებთან ერთად №- დაწესებულებას გადაეცა დ. გ-ას სამედიცინო ბარათი, ხოლო მისი მკურნალი ექიმის ფუნქციები დაეკისრა დაწესებულების ექიმ-ფტიზიატრ ლ. ჯ-ას.
2013 წლის 31 დეკემბერს, დილის საათებიდან, მსჯავრდებულ დ. გ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა და დაეწყო მწვავე ტკივილები მუცლის ღრუში. ამის გამო მკურნალმა ექიმმა ლ. ჯ-ამ იგი საკანში მოინახულა რვაჯერ, ხოლო მორიგე ექიმმა (ფტიზიატრმა) თ. დ-მა - ოცდახუთჯერ. ამასთან, პაციენტი პირადად გასინჯა ქირურგმა დ. კ-ემ. მსჯავრდებულის მძიმე კლინიკური მდგომარეობისა და ჩივილების გათვალისწინებით, იგი საჭიროებდა დაუყოვნებლივ გადაყვანას სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, სადაც დროულად ჩაუტარდებოდა ადეკვატური ოპერაციული მკურნალობა. ლ. ჯ-ამ, თ. დ-მა და დ. კ-ემ, მიუხედავად აშკარად გამოხატული სიმპტომებისა, სწორად არ წარმართეს მკურნალობის პროცესი, სათანადოდ არ შეაფასეს პაციენტის მდგომარეობა და არ დააყენეს საკითხი მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადასაყვანად. ექიმებმა არ მიმართეს მათთვის შესაძლებელ ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა: სისხლის საერთო ანალიზი, კუჭ-ნაწლავის რენდგენოსკოპია და მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია. ამ კვლევებით დადგინდებოდა გენერალიზებული პოლიორგანული ტუბერკულოზის ფაქტი და დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარების აუცილებლობა. ნაცვლად აღნიშნული პროცედურისა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის ექიმებმა პაციენტის მიმართ გამოიჩინეს დაუდევარი დამოკიდებულება და სათანადო დიაგნოსტირების გარეშე მსჯავრდებულს მიაღებინეს მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატები. ექიმების: ლ. ჯ-ას, თ. დ-ისა და დ. კ-ის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო, დ. გ-ას მოესპო დიაგნოზის დასმის პერსპექტივა, ვინაიდან ხსენებული პრეპარატების ზემოქმედების შედეგად დაავადების კლინიკური მიმდინარეობის სურათი შეიცვალა. მომდევნო დღეებში პაციენტს დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, განუვითარდა დიფუზური ჩირქოვანი პერიტონიტი, რასაც 2014 წლის 2 იანვარს შედეგად მოჰყვა მისი გარდაცვალება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენით:
· დ. კ-ე, - დაბადებული -- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
· ლ. ჯ-ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
· ლ. ჯ-ა, - დაბადებული --წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.
4. განაჩენის მიხედვით, ლ. ჯ-ას მსჯავრი დაედო სამსახურებრივ გულგრილობაში, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
5. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 5 სექტემბრის №-- ბრძანებით ლ. ჯ-ა დაინიშნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №-- ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის სენსიტიური ტუბერკულოზის ამბულატორიული განყოფილების ექიმის თანამდებობაზე.
2013 წლის 14 ივნისს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებაში სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, შეასახლეს მსჯავრდებული დ. გ-ა, რომელიც 2008 წლიდან იმყოფებოდა აღრიცხვაზე დიაგნოზით - აივ ინფექცია/შიდსი, მე-3 სტადია, ქრონიკული „ც“ ჰეპატიტი.
2013 წლის 25 დეკემბერს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულებაში ყოფნისას, დ. გ-ას დაუდგინდა დიაგნოზი - ფილტვების დისიმინირებული ტუბერკულოზი და მისი მდგომარეობის გართულების გამო, შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებების გატარების მიზნით, მსჯავრდებული გადაიყვანეს მ-ის მუნიციპალიტეტის დ. ქ-ში მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში. მსჯავრდებულის პირად დოკუმენტებთან ერთად №- დაწესებულებას გადაეცა დ. გ-ას სამედიცინო ბარათი, ხოლო მისი მკურნალი ექიმის ფუნქციები დაეკისრა დაწესებულების ექიმ-ფტიზიატრს. დილის საათებიდან მსჯავრდებულ დ. გ-ას დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაეწყო მწვავე ტკივილები მუცლის ღრუში. აღნიშნულთან დაკავშირებით მორიგე ექიმმა თ. დ-მა მოინახულა პაციენტი და მისცა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. ამასთან, პაციენტის მდგომარეობის შესახებ აცნობა მკურნალ ექიმს - ლ. ჯ-ას, რომელმაც იგი არაერთხელ მოინახულა საკანში. მიუხედავად მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე ისტორიისა, ლ. ჯ-ამ არ მიიღო ყველა ზომა სწორი დიაგნოზის დასასმელად, კერძოდ: პაციენტს არ გაუკეთა სისხლის საერთო ანალიზი და არ ჩაუტარა რენდგენოლოგიური კვლევები, რითაც დაარღვია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე, 50-ე და 56-ე მუხლები (ხელმძღვანელობდეს პროფესიული სტანდარტებით, ითვალისწინებდეს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, სამედიცინო მომსახურების უსაფრთხოებისა და ხარისხის უზრუნველყოფას და სხვ.). ასეთმა დამოკიდებულებამ კი გამოიწვია მსჯავრდებული პაციენტის კანონიერი ინტერესების დარღვევა - მიეღო ხარისხიანი და სრულფასოვანი მომსახურება დიაგნოზის დასმასთან მიმართებით. აღნიშნულმა ქმედებამ ასევე შელახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, კერძოდ: „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის მიხედვით, სახელმწიფო იცავს პაციენტის სამედიცინო მომსახურების უფლებას, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება. სახელმწიფო იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებს უზრუნველყოფს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით, რითაც პაციენტი ვერ იქნა უზრუნველყოფილი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
o პროკურორმა თორნიკე არეშიძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ლ. ჯ-ასა და დ. კ-ის დამნაშავეებად ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მათთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელების განსაზღვრა;
o მსჯავრდებულ ლ. ჯ-ას ადვოკატებმა - ი. ჩ-მა და გ. ს-მა, რომლებმაც საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
· ლ. ჯ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებაში;
· დ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
· ლ. ჯ-ასა და დ. კ-ეს განემარტათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა თორნიკე არეშიძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ლ. ჯ-ასა და დ. კ-ის დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მათთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას.
9. გამართლებული დ. კ-ე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს მის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
12. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ლ. ჯ-ასა და დ. კ-ის ბრალეულობას მათთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ თორნიკე არეშიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე