საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №413აპ-20 ქ. თბილისი
ო-ე გ-ლ, 413აპ-20 13 ოქტომბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენით გ. ო-ე, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ო-ემ დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 30 მარტს, დაახლოებით 07:30 საათზე, გ. ო-ე მართავდა ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსს“, სახელმწიფო ნომრით -- და მოძრაობდა თ-ში, დ-ის ქ. №-ის მიმდებარედ. აღნიშნულ მონაკვეთზე მსვლელობისას მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ბეტონის კედელს, რა დროსაც მგზავრმა ე. პ-მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი გიორგი ცეცხლაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ გ. ო-ასთვის სასჯელის გამკაცრებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს დანაშაულს, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს ფეხმძიმე მეუღლე და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი) გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ო-ეს სამართლიანი სასჯელი დაუნიშნა. ამასთან, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
8. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სტაჟიორ-პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე