საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№499აპ-20 ქ. თბილისი
მ-ი ი-ი, 499აპ-20 19 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენით ი. მ-ი, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2018 წლის 28 დეკემბრიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. ო-ში, ჩ-ის ქ. №--ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დ. ნ-ეს ი. მ-მა, განზრახ მოკვლის მიზნით, საოჯახო ტიპის დანით მარჯვნივ, პარავერტებრალურ ხაზზე, მე-10 და მე-11 ნეკნების დონეზე, მარცხენა ბეჭის არეში და მარცხენა მხრის სარტყლის წინა ზედაპირზე მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის – გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა პლევრის დაზიანებით, რის შემდეგაც მიიჩნია, რომ განზრახვა სისრულეში მოიყვანა და შემთხვევის ადგილი დატოვა. დ. ნ-ის სიცოცხლის შენაჩუნება შესაძლებელი გახდა მისთვის დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. მ-ის ადვოკატმა ნ. ჩ-მა. მან მოითხოვა განაჩენის გაუქმება, ი. მ-ის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე და ამ მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრა იმ მოტივით, რომ მას დ. ნ-ის მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, კვლავ მიუბრუნდებოდა მას, რაც არ გაუკეთებია, რადგან მიიჩნია, რომ თავდასხმა მოგერიებული იყო.
5. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნიკა მახარაძე შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები – №58აპ-15, №424აპ-16), ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის – დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 28 დეკემბრის ამოღებით ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 6 თებერვლის №-- და 2019 წლის 22 მარტის №-- დასკვნებით, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 22 ივლისის №-- დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №-- დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ ი. მ-მა ჩაიდინა დ. ნ-ის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
9. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ი. მ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ ამ სასამართლომ საფუძვლიანად დაასაბუთა ი. მ-ის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დადგენილი სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობის ელემენტების არსებობა (მიყენებული დაზიანებების მდებარეობა და რაოდენობა, ვითარება, რომელშიც მსჯავრდებულმა დაზიანებები მიაყენა დაზარალებულს და ა.შ.). მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ დ. ნ-ეს დაზიანებები დანით სწორედ ი. მ-მა მიაყენა.
10. იმის დასადგენად, გადასცილდა თუ არა პირის მოქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, პირველ რიგში უნდა გაირკვეს, იმყოფებოდა თუ არა იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და მხოლოდ ამის შემდეგ დადგება დაცვის მართლზომიერების ფარგლების განსაზღვრის აუცილებლობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე დაკითხულ არცერთ მოწმეს (რომლებიც ი. მ-ის ოჯახის წევრები არიან) არ განუცხადებია სასამართლოსათვის, რომ დ. ნ-ე ი. მ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით. მოწმე რ. ნ-ის ჩვენებით დადგინდა, რომ დავითის ხელში დანა (გახსნილი) არ დაუნახავს, ხოლო ი. მ-მა მაგიდიდან აიღო დანა, მივიდა დავითთან და დაარტყა. აღნიშნული ცალსახად გამორიცხავს მსჯავრდებულის მიერ თავდასხმის მოგერიებასა და, შესაბამისად, უკიდურესი თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნას.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი