საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
=
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №576აპ-18 ქ. თბილისი
ჯ-ე გ-ი, 576აპ-18 6 აგვისტო, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის განაჩენით გ. ჯ-ე, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2017 წლის 28 მარტიდან იმავე წლის 5 აპრილის ჩათვლით.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჯ-ემ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 27 მარტს, დაახლოებით 22:40 საათზე, გ. ჯ-ემ მეტროპოლიტენში მოითხოვა უფასოდ მგზავრობა, უარის მიღებისთანავე დაიწყო უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინება, ხოლო შემდეგ აგრესია გადაიტანა სიტუაცის განმუხტვის მიზნით მასთან მისულ პატრულ-ინსპექტორ დ. მ-ზე და კვლავ ცდილობდა, მგზავრობის ღირებულების გადახდის გარეშე გაევლო თეჯირი. მიუხედავად იმისა, რომ პატრულ-ინსპექტორმა დ. მ-მ მოუწოდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ, გ. ჯ-ე არ მშვიდდებოდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ის დააკავეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. „ფორდის“ მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით დროებითი მოთავსების იზოლატორში ბადრაგირების დროს გ. ჯ-ემ პატრულ-ინსპექტორებს – დ. მ-ას, ჯ. ჩ-სა და ლ. გ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოთხოვნისა, შეეწყვიტა სიტყვიერი დაპირისპირება, იგი მაინც აგრძელებდა უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინებასა და სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით, ძალადობით პოლიციელებს გაუწია წინააღმდეგობა, ლ. გ-ს, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, თავი ჩაარტყა ცხვირის არეში და დაუზიანა ცხვირი.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის პროკურატურის პროკურორი მარინე ლომიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ცხადდებოდა სასამართლოს მიერ დანიშნულ ყველა სხდომაზე) გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, მისი ქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ჯ-ეს სამართლიანი სასჯელი დაუნიშნა. ამასთან, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
8. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე