დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802221004452772
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№300I-21 ქ. თბილისი
ჩ. ბ., 300I-21 29 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ბ. ჩ-ს (C. B.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ბ. ჩ-ს (C. B.), - დაბადებულის 1980 წლის 7 იანვარს, - მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2018 წლის 21 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ბ-ს მე-4 სისხლის სამართლის საქმეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ბ. ჩაღლარი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება); №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება); ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში); 86-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
ზემოაღნიშნული განაჩენით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 15 იანვარს, ბ. ჩ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.
2019 წლის 27 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ბ-ს რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ბ. ჩ-ს დაკავების ბრძანება.
2020 წლის 9 აპრილიდან ბ. ჩ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ბ. ჩ-ს მიერ თურქეთის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
20.. წლის 26 აპრილს ბ. ჩ. მეგობარ გოგონასა და ორ თანმხლებ პირთან ერთად მივიდა ქ. მ-ში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, სადაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი და კლუბი დატოვეს 20.. წლის 27 აპრილს, დაახლოებით 02:30 საათზე. კლუბიდან გამოსვლის შემდეგ, ავტოსადგომზე ყოფნისას, ბ. ჩ-ს შელაპარაკება მოუხდა რ. ქ-თან, რომელმაც ბ. ჩ-ს ხელი გაარტყა სახის არეში. აღნიშნულის შემდეგ ბ. ჩ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, რამდენჯერმე ესროლა რ. ქ-ს. საპასუხოდ რ. ქ-ც რამდენჯერმე ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან ბ. ჩ-ს. სროლის შედეგად ბ. ჩ. და რ. ქ. არ დაშავებულან, თუმცა ბ. ჩ-ს მიერ რ. ქ-სთვის ნასროლი ორი ტყვიით ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიადგა ამ უკანასკნელის გვერდით მდგომ ჰ. ი-ს.
2. ბ. ჩ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2020 წლის 30 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ბ. ჩ-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2020 წლის 25 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ბ. ჩ.
2020 წლის 27 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ბ. ჩ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.
2020 წლის 23 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ბ. ჩ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო 2021 წლის 1 თებერვალს.
2021 წლის 18 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ბ. ჩ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2021 წლის 25 მაისამდე.
ბ. ჩ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. 2021 წლის 15 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა ბ. ჩ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებულ მასალებში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ- თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ბ. ჩ-ს (B. C.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის ქ. ბ-ს მე-4 სისხლის სამართლის საქმეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2018 წლის 21 ნოემბერს გამოტანილ განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება), №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში), 86-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ბ. ჩ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ზ. საკასაციო საჩივრით ითხოვს, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 მარტის განჩინება შემდეგი საფუძვლებით: ქართველი სამართალდამცავებისათვის 2020 წლის 30 მარტიდან ცნობილი იყო, რომ ბ. ჩ. იყო ძებნილი; სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც არ დაუშვა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ბ. ჩ-ს სისხლის სამართლის ..... საქმის მასალები), იმ მოტივით, რომ ისინი კანონით დადგენილი წესით არ ჰქონდა გადაცემული ბრალდების მხარეს, რისი შესაძლებლობაც დავის მხარეს ობიექტურად არ ჰქონდა; ბ. ჩ-ს მიმართ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული 9-თვიანი პატიმრობის ვადა და გამოკვეთილია მისი ხელმეორედ გასამართლება და დასჯა, რაც აბსოლუტურად აკრძალულია; ასევე დარღვეულია ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი – ბ. -ს ექსტრადიციის საკითხი არ უნდა განეხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
6. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ბ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
7. ბრალდების მხარემ წარმოადგინა თავისი მოსაზრება დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე დამატებითი მასალა ან შუამდგომლობა არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ბ. ჩ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2020 წლის 25 ნოემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლითაც ირკვევა, რომ ბ. ჩ-ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვევა, მეტიც, რაიმე ნიშნით მისი დევნის საფრთხე (აღნიშნული დადასტურდა საქართველოს პროკურატურის მიერ ინტერნეტის ღია წყაროებში მოძიებული ინფორმაციითაც) არ იკვეთება.
4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება ბ. ჩ-ს ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბ. ჩ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.
5. დაცვის მხარის მტკიცებაზე, რომ, თითქოსდა, ბ. ჩ-ს მიმართ დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი პატიმრობის 9-თვიანი ვადა, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს: ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებასა და საექსტრადიციო პატიმრობას შორის არსებობს შინაარსობრივი განსხვავება და აღნიშნული პროცედურები მოწესრიგებულია განსხვავებული სამართლებრივი ნორმებით. ბ. ჩ-ს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის მოხდას არაფერი აქვს საერთო საექსტრადიციო პატიმრობასთან და დაუშვებელია პატიმრობის ვადების დაჯამება. ამასთან, საექსტრადიციო პროცედურების ფარგლებში აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის განსხვავებული სტანდარტის არსებობა დადგენილია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „f“ ქვეპუნქტით, რომელიც აწესრიგებს ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის გამოყენების საფუძველს. ექსტრადიციის მიზნით დაპატიმრებისას სახელმწიფოს არ მოეთხოვება, დაასაბუთოს ბრალდებულის მიმალვის ან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამავდროულად, ექსტრადიციის მიზნით პირის დაპატიმრებისათვის აუცილებელია, არსებობდეს მიმდინარე საექსტრადიციო პროცესი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება N321-20, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 16). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ამ მიმართებითაც უსაფუძვლოა.
6. დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს: ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საექსტრადიციო მასალების მიღების შემდეგ უფლებამოსილი პროკურორი პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რის თაობაზეც 10 დღით ადრე ატყობინებს დაცვის მხარეს, ამავე მუხლის მე-61 პუნქტის თანახმად, საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მხარეები ვალდებული არიან, მოთხოვნის შემთხვევაში ერთმანეთს გაუცვალონ იმ დროისთვის მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ, ხოლო ამავე მუხლის მე-62 პუნქტის საფუძველზე - მხარეები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში გაცვალონ მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დაუშვებელია შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სასამართლოში გამოყენება. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არის მართებული, ვინაიდან დაცვის მხარემ დაარღვია საპროცესო მოწინააღმდეგისათვის მის ხელთ არსებული მტკიცებულებების გაცვლის კანონით დადგენილი წესი, რაც ამ მტკიცებულებების დაუშვებლობის უპირობო საფუძველია.
7. საკასაციო საჩივრით კასატორი ასევე სადავოდ მიიჩნევს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ტერიტორიული განსჯადობის პრინციპის დარღვევას, რაზეც საკასაციო სასამართლო მიუთითებს: „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექსტრადიციის საკითხების განხილვა განეკუთვნება საქართველოს გენერალური პროკურატურის კომპეტენციას, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 მარტის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ბ. ჩ-ს (B. C.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი