დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№41I-20 ქ. თბილისი
ჰ-ი ჰ-ი, 41I-20 13 ოქტომბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ჰ-ის (H. H.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:
2011 წლის 14 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა საბრალდებო აქტი, რომლის თანახმად, ჰ. ჰ-ის ბრალი დაედო თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ორგანოს ან საგნის სხეულში მოთავსებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. 2015 წლის 1 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლომ გამოსცა ბრძანება ჰ. ჰ-ის დაკავების შესახებ.
3. 2015 წლის 2 დეკემბერს გამოცხადდა ჰ. ჰ-ის ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
4. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციას ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები გამოიხატა შემდეგში:
2010 წლის 30 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ს-ში ჰ. ჰ-იმ დაზარალებულ ქ. ე-ს სხეულში სექსუალური შეღწევა ჩაიდინა მამაკაცის სასქესო ორგანოს პლასტმასის იმიტაციის გამოყენებით. მოგვიანებით ჰ. ჰ-ი დაზარალებულს აშანტაჟებდა, რომ მას ტელეფონით გადაღებული ჰქონდა მომხდარის ამსახველი ვიდეო და შეეძლო, გაესაჯაროებინა, თუ იგი უარს ეტყოდა სექსუალურ შეღწევაზე ან მის სხვა მოთხოვნებს არ შეასრულებდა. აღნიშნულის შემდეგ ჰ. ჰ-იმ მოტყუებითა და შანტაჟით რამდენჯერმე ჩაიდინა დაზარალებულის სხეულში სექსუალური შეღწევა.
5. აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ორგანოს ან საგნის სხეულში მოთავსებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
6. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
7. 2020 წლის 22 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ექსტრადიციის მიზნით დააკავეს ჰ. ჰ-ი.
8. 2020 წლის 24 იანვარს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ჰ. ჰ-ის შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
9. 2020 წლის 4 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ჰ. ჰ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით შეცვლის თაობაზე.
10. 2020 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჰ. ჰ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2020 წლის 22 ივლისამდე.
11. 2020 წლის 17 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჰ. ჰ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე – 2020 წლის 22 ოქტომბრამდე.
12. 2020 წლის 22 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ჰ. ჰ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2020 წლის 17 ივლისის განჩინებით შეცვლის თაობაზე.
13. ამჟამად ჰ. ჰ-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
14. 2020 წლის 18 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა ჰ. ჰ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის 2011 წლის 14 თებერვლის საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ორგანოს ან საგნის სხეულში მოთავსებით).
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად ცნო ჰ. ჰ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის 2011 წლის 14 თებერვლის საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ორგანოს ან საგნის სხეულში მოთავსებით).
16. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ჰ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ქ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ჰ. ჰ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მას დაემუქრება წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ასევე – სიკვდილის საშიშროება; მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და შეიძლება, წაერთვას სამართლიანი სასამართლოს უფლება.
17. პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა ჰ. ჰ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ჰ. ჰ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2020 წლის 22 იანვარს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. ჰ-ი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ან მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დევნის, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ჰ. ჰ-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში უფლებების (მათ შორის – სამართლიანი სასამართლოს უფლების) დარღვევის ეჭვს წარმოშობდა. ამდენად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მოსაზრება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის შესახებ.
5. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).
6. მხედველობაშია მისაღები თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
7. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ჰ. ჰ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა მისი უფლებები, მეტიც, საქართველოს პროკურატურამ ჰ. ჰ-ის შესახებ ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com) ინფორმაციის მოძიებისა და კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ მოიპოვა მისი დევნის მანიშნებელი რაიმე ინფორმაცია და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქმეშია თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. ჰ-ი ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა.
8. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით ჰ. ჰ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 11 აგვისტოს ჰ. ჰ-ის კომპეტენტური ორგანოს მიერ უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე განცხადების განხილვაზე, რაც განპირობებული იყო აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. ამდენად, იგი არ სარგებლობს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და მას საქართველოში თავშესაფარი არ გააჩნია, ასევე, არ ითვლება თავშესაფრის მაძიებელ პირად საქართველოში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
10. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). ჰ. ჰ-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. შესაბამისად, მისი ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის პრინციპის დარღვევა.
11. გარდა ამისა, დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენაშიც ჰ. ჰ-ი ბრალდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ2“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 20 წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს. ამასთან, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ჰ. ჰ-ისათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია 2010 წელს, ხოლო ჰ. ჰ-ის აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკაში ბრალი წარედგინა 2011 წლის 14 თებერვალს. 2015 წლიდან ჰ. ჰ-ი იძებნება თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა მითითებულ დანაშაულთან მიმართებით გასული არ არის. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 20 წლით და იგი გასული არ არის.
12. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ჰ. ჰ-იმ 2020 წლის 26 ივნისს გასაუბრებისას განმარტა, საქართველოში ცხოვრობს დაახლოებით 2010 წლიდან; აქ არ ჰყავს ოჯახის წევრები, ხოლო თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ მისი მეუღლე, ორი შვილი, ორი შვილიშვილი, და და ძმა; მის კმაყოფაზე არ არის ოჯახის არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო წევრი. ასეთ ვითარებაში ჰ. ჰ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ჰ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის 2011 წლის 14 თებერვლის საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ორგანოს ან საგნის სხეულში მოთავსებით), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ჰ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე