საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001446111
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №239აპ-19 ქ. თბილისი
მ–ე გ., 239აპ-19 2 თებერვალი , 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან მურვანიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, გ. მ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 115-ე მუხლით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. მ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, ჩადენილი მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვა და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 9 მარტს, გ. მ–მ ს. დ–ს პირადი ცხოვრების ამსახველი, ინტიმური შინაარსის, სახელგამტეხი და რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის მატარებელი აუდიოჩანაწერი, ს. მ–ს მეშვეობით გადასცა ს. დ–ს მშობლებს, რითაც სასტიკად მოეპყრო დაზარალებულს. ს. დ–ს მშობლებმა ამ უკანსაკნელთან ერთად მოუსმინეს დისკზე განთავსებულ ჩანაწერს, რომელიც ს. დ–ს მნიშვნელოვნად უტეხდა სახელს და ლახავდა მის რეპუტაციას. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს შეექმნა მძიმე ფსიქოტრავმული სიტუაცია, რის გამოც ს. დ–ემ სცადა ზღვაში შესვლა და თავის მოკვლა.
გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გ. ზ–მ გ. მ–ს გადასცა თავისი კუთვნილი ASUS-ის ფირმის მობილური ტელეფონი, სადაც ჩაწერილი იყო ს. დ–ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული აუდიოჩანაწერი. 2016 წლის მარტის დასაწყისში, გ. მ–მ მოახდინა აღნიშნული მობილური ტელეფონიდან ს. დ–ს პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიოჩანაწერის ე.წ. CD დისკებზე განთავსება, რომელიც უკანონოდ შეინახა და ამავე წლის 9 მარტს გადასცა მოქალაქე ს. მ–ს ჩანაწერის მოსმენისა და ს. დ–ს მშობლებისათვის გადაცემის მიზნით, რითაც მოახდინა ს. დ–ს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო გავრცელება, რამაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მორალური ზიანი, ასევე შეულახა ღირსება.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით:
გ. მ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
გ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა გ. მ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, გ. მ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 115-ე მუხლით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, კასატორი არ უთითებს არც სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს პროკურორი.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული ყოველი სახის ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება, რის საფუძველზეც დაადგინა, რომ გ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენია. მხოლოდ ის დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. მ–მ დისკი გადასცა ს. დ–ს ოჯახს არ ადასტურებს მის განზრახვას თვითმკვლელობამდე მიეყვანა ს. დ–ე. მით უფრო, რომ ამ ჩანაწერის არსებობის თაობაზე იმთავითვე იცოდა ს. დ–ემაც და მისმა ოჯახმაც.
9. ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დასტურდება საქმეზე შეკრებილი აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით და მას შეფარდებული აქვს სამართლიანი სასჯელი.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები”(Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no 21447/11, no35839/11, §65, 66, ECtHR, 27/02/2020).
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე