საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.05.2021
საქმის ნომერი
2კ-336აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.05.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№336აპ-19 ქ. თბილისი

ხ-ი ი-ა, 336აპ-19 17 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების – ი. ხ-ისა და თ. ც-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ნ-ისა და გ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ი. ხ-ი, – - ნასამართლობის არმქონე და თ. ც-ე, –-, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და თითოეულს განესაზღვრა ჯარიმა – 7000 ლარი.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ხ-მა და თ. ც-ემ ჩაიდინეს სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· ი. ხ-მა, მ. ქ-მა, რ. ს-მა და თ. ც-ემ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობა – არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

· დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ი. ხ-მა, მ. ქ-მა, რ. ს-მა და თ. ც-ემ შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც, ს-ოს ტერიტორიაზე ძვირადღირებული სამედიცინო მედიკამენტების თ-დან და რ-დან საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოტანას უზრუნველყოფდნენ მ. ქ-ი და რ. ს-ი, ხოლო მათ რეალიზაციას – ი. ხ-ი და თ. ც-ე.

· აღნიშნულ საქმიანობას ი. ხ-ი, მ. ქ-ი, რ. ს-ი და თ. ც-ე ეწეოდნენ ჯგუფურად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე.

· ი. ხ-ს, მ. ქ-ს, რ. ს-სა და თ. ც-ეს 2013-2014 წლებში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული აქვთ დიდი ოდენობით ერთობლივი შემოსავალი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. ნ-მა და გ. ტ-მა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით მათ მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენის გაუქმება და ი. ხ-ისა და თ. ც-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, საკასაციო საჩივარში მითითებული მოტივებით.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

7. ადვოკატების – გ. ნ-ისა და გ. ტ-ის საკასაციო საჩივრის მოტივებს საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა (მოწმეების – მ. ქ-ის, რ. ს-ის, ლ. შ-ის, ც. ა-ის, ნ. ნ-ის, მ. ჯ-ის, გ. გ-ისა და სხვათა თანმიმდევრული და ურთიერთთანხვდენილი ჩვენებები, დათვალიერების ოქმები, ჩხრეკისა და ამოღების ოქმები, სასაქონლო ექსპერტიზის 2015 წლის 2 აპრილის №-- დასკვნა, ამოღებული დოკუმენტების დათვალიერების ოქმი, 2015 წლის 19 თებერვლით აქტი, ფარული ჩანაწერები და სხვ.), რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ი. ხ-ისა და თ. ც-ის მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

8. საკასაციო პალატის აზრით, საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევების გარეშე; დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებისა და დასაბუთებულობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა.

9. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად და დეტალურად იმსჯელა სააპელაციო საჩივარზე, ასევე – იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ გაიზიარა იგი, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ („ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

11. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების – ი. ხ-ისა და თ. ც-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ლ. ნ-ისა და გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი