საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.06.2021
საქმის ნომერი
2კ-1002აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002584491

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1002აპ-20 ქ. თბილისი

ბ-ი თ., 1002აპ-20 17 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ქარდავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: თ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენას და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

თ. ბ–ი და ნ. ყ–ა 2005 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. 2015 წელს ერთმანეთს გაცილდნენ და მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. 2018 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, თ. ბ–ი, დედის, ლ. ხ–ის თანხლებით, მივიდა ქ. თ..........ი, ..............ის გამზირი, კორპუსი N..-ში მდებარე, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინასთან, რათა სახლში წაეყვანა უმცროსი შვილი, ა. ყ–ა, რომელსაც წასვლა არ უნდოდა და ტიროდა. აღნიშნულის გამო თ. ბ–ს ნ. ყ–სთან, მისი საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან, მოუხდა შელაპარაკება, რაც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, კერძოდ, თ. ბ–მ ნ. ყ–ას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სახისა და ტანის მიდამოში, ნაკაწრების, ნაჭდევების და სისხნაჟღენთის სახით მიაყენა დაზიანებები, რის შედეგადაც ნ. ყ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ნ. ყ–ამ თავი აარიდა თ. ბ–ს, შევიდა სახლში და დაკეტა კარი.

მომხდარით განაწყენებულმა თ. ბ–მ განიზრახა შური ეძია ნ. ყ–ზე. ამ მიზნით, მას შემდეგ, რაც ნ. ყ–მ დაუკეტა თავისი საცხოვრებელი სახლის კარი, მან დარეკა პოლიციაში და მოახდინა ცრუ დასმენა, თითქოს, ყოფილმა მეუღლემ სცემა. ამასთან, ადგილზე მისულ პოლიციის მუშაკებს მიუთითა ნ. ყ–აზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე, რის გამოც ნ. ყ–ა ადგილზევე იქნა დაკავებული.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განაჩენით: თ. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა თამარ იაკობიძემ და საჩივრით ითხოვა თ. ბ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი ქარდავამ და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ: თ. ბ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. კასატორის მოსაზრებით გამართლებული თ. ბ–ი და დედამისი ლ. ხ–ი არიან დაინტერესებული პირები, რის გამოც მათი ჩვენებები არ უნდა იქნას გაზიარებული.

7. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

9. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ თ. ბ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ არის საკმარისი თ. ბ–ისათვის წარდგენილი ბრალდებების - ნ. ყ–ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისა და მის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტების დასადასტურებლად. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ორი დაპირისპირებული მხარის - დაზარალებულისა და გამართლებულის და მათი მშობლების (დედების) ჩვენებები. თ. ბ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა დაზარალებულ ნ. ყ–ას და მოწმე ნ. ა–ს (დაზარალებულის დედა) ჩვენებები, რასაც უარყოფს გამართლებული თ. ბ–ი და მოწმე ლ. ხ–ი (გამართლებულის დედა).

11. ნ. ყ–ას და მოწმე ნ. ა–ს ჩვენებების ანალიზით დგინდება, რომ ბავშვის წაყვანასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას თ. მ–მ და მისმა დედამ ლ. ხ–მ ხელ-ფეხის დარტყმა დაუწყეს ნ–ს, თ. მ–მ ორჯერ დაარტყა, ერთი დარტყმა თავში მოხვდა, ლ. ხ–მ კი ფეხზე დაარტყა ფეხი. ნ. ყ–ამ მათ მოსაგერიებლად კარი დახურა. მათივე ჩვენებით დადგენილია, რომ ნ–ს თ–სთვის და მისი დედისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

12. აღნიშნულის საპირისპიროდ, თ. ბ–მ და ლ. ხ–მ დაადასტურეს, რომ ნ. ყ–ასთან ბავშვის წასაყვანად მისულ თ–ს, დაზარალებულმა თავში მირტყმით ჰკრა ხელი და კარი დახურა. ლ. ხ–მ დარეკა ზარი, კარი კვლავ ნ. ყ–ამ გააღო. ბავშვი კართან ნ–ს დედამ - ნ. ა–მ მიიყვანა. ნ–მ, რომელსაც მობილური ეკავა და ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, ანდრია ხელში აიყვანა. ბავშვის გამორთმევა, რომ დააპირეს ნ. ყ–ამ მათი მიმართულებით ფეხების ქნევა დაიწყო და თ. კ–კენ მოქნეული ფეხი პროთეზირებულ სახსარში მას მოარტყა. ნ–მ თ–ს ცემა, მისთვის თავში ხელების რტყმა დაიწყო, კარებიდან, რომ მოეცილებინა.

13. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტზის N......... დასკვნის თანახმად, ნ. ყ–ას აღენიშნებოდა: 1. მარჯვენა მკლავის გარეთა ზედაპირზე, ხაზოვანი, ზერელე, დაახლოებით 2 სმ. მოვარდისფრო ნაკაწრი; 2. მარჯვენა ტერფის გარეთა ზედაპირზე, მთვარისებრი ფორმის, მოწითალო, სადა ნაჭდევი, მიმდებარე ქსოვილების შეშუპებით; 3. მარჯვენა ტერფის ზურგზე, მკრთალი მოცისფრო სისხლნაჟღენთი, მიმდებარე ქსოვილების შეშუპებით. ნ. ყ–ას დაესვა დიაგნოზი: სხეულის მსუბუქი ხარისხის ზედაპირული დაზიანება.

14. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნის თანახმად, ლ. ხ-ს დაესვა დიაგნოზი: მუცლის წინა კედლის დაჟეჟილობა (სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია მარცხენა საზარდულის მიდამოში სისხლნაჟღენთი).

15. ამდენად, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 2 თებერვალს ურთიერთშელაპარაკება და კონფლიქტი მართლაც მოხდა თ. ბ–სა და ნ. ყ–ას შორის, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებით უტყუარად ვერ დასტურდება საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემეობები.

16. მსგავს ვითარებაში, როდესაც სახეზეა დაპირისპირებული ორი მხარე, მითუფრო ოჯახური კონფლიქტი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნეიტრალური წყაროდან მოპოვებულ ობიექტურ ინფორმაციას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით (მათ შორის - მოწმე მ. წ–ს, თ. ე–ის, ე. ტ–ის, გ. ტ–ის და სხვათა მიერ მოწოდებული ინფორმაციით და საგამოძიებო მოქმედების ოქმებით) არ დასტურდება თ. ბ–ის მიერ ნ. ყ–ას მიმართ ძალადობის განხორციელება.

17. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no. 49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ქარდავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე