საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.07.2021
საქმის ნომერი
2კ-525აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.07.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700050649

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №525აპ-18 ქ. თბილისი

წ–ი ლ., 525აპ-18 6 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ თეა ბერიძისა და მსჯავრდებულ ლ. წ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. წ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 20 იანვარს, ღამის საათებში, ლ–ს რაიონის სოფელ ......ში, ლ. წ–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განიზრახა მ. გ–ს განზრახ მკვლელობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან სამსახურებრივი „...........“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა მ. გ–ს მიმართულებით, რის შედეგადაც მ. გ–მ მუცლის არეში მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

2017 წლის 19 იანვარს, საღამოს საათებში, ქალაქ ლ–ში ლ. წ–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ. დ–ს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით:

ლ. წ. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ლ. წ–ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე.

ლ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

ლ. წ. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2017 წლის 20 იანვრიდან იმავე წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, სრულად გათავისუფლდა ჯარიმის გადახდისგან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 20 იანვარს, ღამის საათებში, ლ–ს რაიონის სოფელ ......ში, ლ. წ–ს მიერ იარაღიდან გასროლის შედეგად მ. გ–მ მუცლის არეში მიიღო დაზიანებები, რომლებიც მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, ლ. წ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და ლ. წ–ს უდანაშაულოდ ცნობას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

პროკურორი თეა ბერიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ლ. წ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.

მსჯავრდებულ ლ. წ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. გ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ლ. წ–ს გამართლებას.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ლ. წ–ს უდანაშაულობის თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა მტკიცებულებებზე, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ. წ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.

10. ამასთან, ლ. წ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებისათვის კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც ბრალდების გადაკვალიფიცირება ბრალდებულისთვის საკმარისად განჭვრეტადად არის მიჩნეული თუ იგი ბრალდების თანდაყოლილ ელემენტს წარმოადგენს (De Salvador Torres v. Spain, no. 21525/93 § 33, ECtHR, 24/10/1996; Sadak and Others v. Turkey, 29900/96, 29901/96, 29902/96 and 29903/96, § 52 and §56, ECtHR, 17/07/2021, Juha Nuutinen v. Finland, no 45830/99, § 32, ECtHR, 24/07/2007).

11. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა დაცვის უფლებით და თავისი არგუმენტები საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებულ მსჯავრთან დაკავშირებით წარედგინა როგორც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსათვის, ასევე საკასაციო სასამართლოსათვის, რა დროსაც სასამართლოებმა შეისწავლეს ახალი კვალიფიკაციის დასაბუთება და კანონიერება, გადაკვალიფიცირებული ბრალდების ელემენტები განხილულ იყო სამართალწარმოების პროცესში (იხ.: Penev v. Bulgaria, no 20494/04, §41, ECtHR, 07/04/2010; Sipavicius v. Lithunia, no. 49093/99, §31-32, ECtHR, 21/02/2002), ლ. წ–ს ჰქონდა საკმარისი დრო და შესაძლებლობა შეცვლილი კვალიფიკაციის პირობებში ჯეროვნად დაეცვა საკუთარი უფლებები.

12. სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ლ. წ–ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე და 120-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - in dubio pro reo, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ თეა ბერიძისა და მსჯავრდებულ ლ. წ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე