საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100113002418441
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №352აპ-19 ქ. თბილისი
მ. ი., 352აპ-19 15 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი მიქელაძის, მსჯავრდებულ ი. მ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია) ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი. მ. „საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - ,,სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან“ 2011 წლის 11 ნოემბერს გაფორმებული N... და 2011 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული N... შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე 2013 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
ი. მ., როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ახორციელებდა საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ევალებოდა დაკისრებული უფლებამოსილების ჯეროვნად, დროულად, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად შესრულება, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის დაცვა, ხოლო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის N.. ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, სხვა ფუნქციებთან ერთად, ევალებოდა ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედობის შენარჩუნება და კონტროლი, ეპიზოოტიური მდგომარეობის რისკის ანალიზი, ცხოველთა სნეულებების ვეტერინარული დიაგნოსტიკა და ბიზნესოპერატორების ვეტერინარული მომსახურება. კერძოდ, ვეტერინარული საქმიანობის კოორდინაცია, ზედამხედველობა, ნებართვებისა და სერტიფიკატების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნულის მიუხედავად, ი. მ–მ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N... დადგენილებით დამტკიცებულია ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინალური სერტიფიკატების ფორმები და მათი გაცემის წესი, რომლის მე-3 მუხლით დადგენილია ვეტერინარული სერტიფიკატის სახეები და მათი გაცემის წესი. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით იმპერატიულად დადგენილია, რომ საქართველოდან ............ის რესპუბლიკაში გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალ და გაყინულ ტყავსა და ტყავნედლეულზე ვეტერინარული სერტიფიკატი უნდა გაიცეს ამავე წესით დადგენილი დანართი N..-ის შესაბამისად, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სასაკლაოზე დაკლული საქონლისაგან მიღებული ტყავისა და ტყავნედლეულის .........ის რესპუბლიკაში გაგზავნისათვის. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საქართველოდან სხვა დანარჩენ ქვეყნებში ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე ვეტერინარული სერტიფიკატი უნდა გაიცეს ამავე წესით დადგენილი დანართი N..-ის შესაბამისად, რომელიც განკუთვნილია არა სასაკლაოზე დაკლული, არამედ სხვა წყაროდან მიღებული ცხოველური წარმოშობის ნედლეულის ექსპორტისათვის. ი. მ–სათვის კ. ძ–საგან ცნობილი გახდა, რომ შპს „....ს“ დირექტორს - ნ. ე–ს სხვადასხვა პირისაგან შეძენილი ჰქონდა არასასაკლაოზე დაკლული საქონლისაგან მიღებული ტყავი და ვერ ახერხებდა ........ის რესპუბლიკაში გასაგზავნი საქონლის ტყავისათვის საჭირო ვეტერინარული სერტიფიკატის აღებას, რადგან იგი გაიცემოდა მხოლოდ სასაკლაოზე დაკლული საქონლისაგან მიღებულ ტყავზე. ი. მ–სათვის კარგად იყო ცნობილი საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N... დადგენილებით დამტკიცებული ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესი და რადგან იცოდა, რომ ამ წესის შესაბამისად არ შეიძლებოდა შპს „....სთვის“ ზემოაღნიშნული ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა, კ. ძ–სთან შეთანხმებით, შპს „....ს“ მიანიჭა უპირატესობა და მისდამი დაქვემდებარებულ სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მ-ს რეგიონალური დეპარტამენტის უფროსს - ზ. ტ-ს უშუალოდ დაავალა შპს „....ზე“ ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა არა დანართი N..-ის მოთხოვნათა დაცვით, არამედ - დანართი N..-ის შესაბამისად.
აღნიშნულის საფუძველზე სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს“ .............ის რეგიონალური დეპარტამენტის უფროსმა ზ. ტ–მ 2013 წლის 26 თებერვალს შპს „....ს“ სახელზე გასცა ორი ვეტერინარული სერტიფიკატი N...... და N...... აღნიშნული ვეტერინარული სერტიფიკატების საფუძველზე შპს „.....მ“ განახორციელა ........ის რესპუბლიკაში საქონლის ტყავის ექსპორტი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:
- ი. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
- ი. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა - 5200 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2013 წლის 4 აპრილიდან იმავე წლის 6 აპრილის ჩათვლით), შეუმსუბუქდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. მ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. მ–მ, რომლებიც საჩივრით ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ი. მ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი.
ი. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა გიორგი მიქელაძემ, მსჯავრდებულმა ი. მ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. მ–მ.
პროკურორი გიორგი მიქელაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ი. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მსჯავრდებული ი. მ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. გ. ითხოვს საკასაციო საჩივრით ი. მ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. პროკურორ გიორგი მიქელაძის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს მსჯავრდებულმა ი. მ–მ და მისმა ინტერესების დამცელმა, ადვოკატმა ი. მ–მ.
7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
8. ამასთან, საკასაციო სასამართლო ბრალდების მხარის საჩივართან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სსკ-ის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარემ ი. მ–ს ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლო და ი. მ–ს ქმედება გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ბრალდების მხარეს აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, მას შემდეგ კი რაც თბილისის სააპელაციო საასამართლომ ი. მ. გაამართლა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა ი. მ–ს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარე ითხოვდა ი. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, პროკურორი ულებამოსილი არ არის, უზენაეს სასამართლოში მოითხოვოს ი. მ–ს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა, რადგან მას ასეთი პოზიცია არ ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ი. მ–ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - in dubio pro reo, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. ამასთან, ი. მ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებისათვის კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც ბრალდების გადაკვალიფიცირება ბრალდებულისთვის საკმარისად განჭვრეტადად არის მიჩნეული, თუ იგი ბრალდების თანდაყოლილ ელემენტს წარმოადგენს (De Salvador Torres v. Spain, no. 21525/93 § 33, ECtHR, 24/10/1996; Sadak and Others v. Turkey 29900/96, 29901/96, 29902/96 and 29903/96, § 52 and §56, ECtHR, 17/07/2021, Juha Nuutinen v. Finland, no 45830/99, § 32, ECtHR, 24/07/2007).
12. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა დაცვის უფლებით და თავისი არგუმენტები საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებულ მსჯავრთან დაკავშირებით წარედგინა როგორც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსათვის, ასევე საკასაციო სასამართლოსათვის, რა დროსაც სასამართლოებმა შეისწავლეს ახალი კვალიფიკაციის დასაბუთება და კანონიერება, გადაკვალიფიცირებული ბრალდების ელემენტები განხილულ იყო სამართალწარმოების პროცესში (იხ.: Penev v. Bulgaria, no 20494/04, §41, ECtHR, 07/04/2010; Sipavicius v. Lithunia, no. 49093/99, §31-32, ECtHR, 21/02/2002), ი. მ–ს ჰქონდა საკმარისი დრო და შესაძლებლობა შეცვლილი კვალიფიკაციის პირობებში ჯეროვნად დაეცვა საკუთარი უფლებები.
13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი მიქელაძის, მსჯავრდებულ ი. მ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე