საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802221005011988
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№406I-21 ქ. თბილისი
ბ. ბ., 406I-21 27 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. ბ.ს (B. B.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. ბ.ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
ü თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ბ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოვალეობის შესრულებისთვის წინააღმდეგობის გაწევა) და 125-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შეურაცხყოფა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით ბ. ბ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით.
2017 წლის 14 თებერვალს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო მე-9 ძირითადი სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ბ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის 6831 კოდექსის 93-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (სატყეო ტერიტორიით სარგებლობა). აღნიშნული განაჩენით ბ. ბ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 6 000 თურქული ლირა, რომლის მოუხდელი ნაწილიც შეიცვალა თავისუფლების აღკვეთით 102 დღით.
2015 წლის 29 იანვარს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბერის განაჩენით ბ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში). აღნიშნული განაჩენით ბ. ბ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლითა და 9 თვით;
2018 წლის 6 ივნისს ს-ს რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით შემცირდა ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი და ბ-ს ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვით.
2019 წლის 27 ივნისს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო მე-4 ძირითადი სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენით ბ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლივად 86-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება). აღნიშნული განაჩენით ბ. ბა საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 1 თვითა და 22 დღით.
2017 წლის 21 ივნისს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
2020 წლის 17 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ბ. ბ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, 29 თვითა და 169 დღით.
2020 წლის 19 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ს-ს რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ბ. ბ.ს დაკავების ბრძანება.
2020 წლის 19 ნოემბრიდან ბ. ბ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2009 წლის 14 სექტემბერს პოლიციის თანამშრომლებს ბ. ბ.ს საცხოვრებელ სახლში დაგეგმილი ჰქონდათ ჩხრეკის ჩატარება სასამართლოს განჩინების საფუძველზე და აღნიშნული მიზნით მივიდნენ ბ. ბ.ს საცხოვრებელ სახლთან. პოლიციის თანამშრომელთა დანახვის შემდეგ, ბ. ბ-მ სცადა მიმალვა, თუმცა, შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. დაკავების პროცესში ბ. ბ-მ პოლიციის თანამშრომლებს გაუწია წინააღმდეგობა, იძალადა მათზე და დაემუქრა ანგარიშსწორებით. გარდა ამისა, ბ. ბ-მ პოლიციის თანამშრომლებს მიმართა უცენზურო სიტყვებით და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2013 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2013 წლის იანვარში ბ. ბ-მ სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ს-ს ტყეში კანონის მოთხოვნათა დარღვევით ააშენა ფარდული.
2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2015 წლიდან ბ. ბ. და მისი თანამზრახველები იძენდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და მოგების მიღების მიზნით ასაღებდნენ. 2016 წლის 12 ოქტომბერს, ბ. ბ.სა და მისი თანამზრახველის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, ჯამურად - 13.65 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და 74.98 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების ასაწონი სასწორი და წიგნაკი, რომელშიც მითითებული იყო ნარკოტიკული საშუალების შემსყიდველთა ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
2017 წლის 16 თებერვლის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2012 წლის 27 მარტს ბ. ბ-მ და ი. ო-მ ერთმანეთს გაუხსნეს ცეცხლი ცეცხლსასროლი იარაღებიდან. აღნიშნული თავდასხმის დროს ბ. ბ. მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. ამასთან, ბ. ბ-მ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ მოახერხა ი. ო-ს ჯანმრთელობის დაზიანება.
3. ბ. ბ.ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2021 წლის 14 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ბ. ბ..
2021 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ბ. ბ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.
2021 წლის 8 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ბ. ბ.ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2021 წლის 14 ოქტომბრამდე.
4. 2021 წლის 13 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა, რომელმაც მოითხოვა:
- დასაშვებად იქნეს ცნობილი ბ. ბ.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოვალეობის შესრულებისთვის წინააღმდეგობის გაწევა);
- დასაშვებად იქნეს ცნობილი ბ. ბ.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს მიერ 2017 წლის 6 დეკემბერს გამოტანილ განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში);
- დასაშვებად იქნეს ცნობილი ბ. ბ.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლივად, 86-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო მე-4 ძირითადი სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს მიერ 2017 წლის 16 თებერვალს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით;
- დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბ. ბ.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის 6831 კოდექსის 93-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (სატყეო ტერიტორიით სარგებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო მე-9 ძირითადი სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს მიერ 2013 წლის 24 დეკემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით;
- დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბ. ბ.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შეურაცხყოფა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს მიერ 2012 წლის 13 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
- დასაშვებად იქნა ცნობილი ბ. ბ.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოვალეობის შესრულებისთვის წინააღმდეგობის გაწევა);
- დასაშვებად იქნა ცნობილი ბ. ბ.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს მიერ 2017 წლის 6 დეკემბერს გამოტანილი განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში);
- დასაშვებად იქნა ცნობილი ბ. ბ.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლივად, 86-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო მე-4 ძირითადი სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს მიერ 2017 წლის 16 თებერვალს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით;
- დაუშვებლად იქნა ცნობილი ბ. ბ.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის 6831 კოდექსის 93-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (სატყეო ტერიტორიით სარგებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო მე-9 ძირითადი სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს მიერ 2013 წლის 24 დეკემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით;
- დაუშვებლად იქნა ცნობილი ბ. ბ.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შეურაცხყოფა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს მიერ 2012 წლის 13 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. ბ.ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ზ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმებას, შემდეგი საფუძვლებით: ბ. ბ. იდევნება თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ოფიციალური პირების მიერ, ვინაიდან იგი იყო ძალიან აქტიური, გამოირჩეოდა ოპოზიციური განწყობითა და ხშირად მონაწილეობდა ოპოზიციურ შეკრებებში; სწორედ ამის გამო მის მიმართ ანგარიშსწორების იარაღად გამოიყენეს გამოგონილი და აბსურდული, ყალბი ბრალდებები; გარდა ამისა, მას კონფლიქტი აქვს ასევე კრიმინალურ ჯგუფებთან, რომლებიც ჩართულნი არიან პოლიტიკურ საქმიანობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ. ბ.ს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ემუქრება რეალური საფრთხე. ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვება ბ. ბ-მ მხოლოდ იმის გამო ვერ შეძლო, რომ არ ეგონა, თუ საქართველოში დააკავებდნენ, ხოლო დაკავების შემდეგ სულ პატიმრობაში იმყოფება, რის გამოც ვერ ახერხებს თურქეთის რესპუბლიკიდან ინფორმაციის მოპოვებას, რაც საქართველოს პროკურატურასაც შეეძლო, მაგრამ ეს არ გაუკეთებია; ბ. ბ-ს საქართველოში მიმართული აქვს შესაბამისი დაწესებულებისათვის ლტოლვილის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც ამჟამად განხილვის პროცესშია, რის გამოც მითითებული საკითხის გადაწყვეტამდე მისი ექსტრადიცია დაუშვებელია; ასევე ყურადსაღებია თურქეთის რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა, სადაც ძალზე ხშირია პოლიტიკური ნიშნით პირთა დევნის ფაქტები.
7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. ბ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
8. პროკურორმა წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე მასალა თუ შუამდგომლობა არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ბ. ბ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2021 წლის 14 აპრილს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას. უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - (Shamayev and Others v. Georgia and Russia) ECtHR, №36378/02, 12/04/2005, §352); (Mamatkulov and Askarov v. Turkey) ECtHR, №46827/99, 46951/99, 04/02/2005, §70).
5. მოცემულ შემთხვევაში ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს – ბ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ მ. ზ-ს არ წარმოუდგენიათ არანაირი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ექსტრადიციის შემთხვევაში ბ. ბ.ს პოლიტიკური ნიშნით დევნისა და უფლებების შელახვის საფრთხეს, ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ ზოგადი ხასიათის, ზეპირი განცხადებებით, რაც, როგორც აღინიშნა, გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით. თავის მხრივ, ბ. ბ.ს სიცოცხლის ხელყოფისა თუ უფლებების სხვაგვარი დარღვევის საფრთხის მანიშნებელი რაიმე ინფორმაცია ვერც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოიძია, რაც ასევე არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ბ. ბ.ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას თურქეთის რესპუბლიკაში ქსტრადიციის შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე და დაექვემდებარება პოლიტიკური ნიშნით დევნას. ამასთან, საქმის მასალებით არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს – ბ. ბ-ს მტკიცებულებათა მოპოვებასთან მიმართებით რაიმე ობიექტური ხელისშემშლელი მიზეზები ჰქონდა, მითუფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საექსტრადიციო პროდეცურების დაწყებისთანავე მის ინტერესებს იცავს ადვოკატი.
6. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ მიიჩნია, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).
7. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. ბ.ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ზ. საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ ბ. ბ-ს არ მიეცემა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც საკასაციო სასამართლოს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია და რასთან დაკავშირებითაც მიუთითებს შემდეგს:
8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია, მართლაც წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (იხ. Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00, § 84, ECtHR; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, §56, ECtHR, 25/03/2005; Drozd and Janousek v. France and Spain, §110, ECtHR, 26/06/1992), რომ შეიძლება გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება ( იხ. Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no8139/09, §259, ECtHR, 17/01/2012) და არა - მარტივი პროცედურული ხარვეზები.
9. ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no8139/09, § 261, ECtHR, 17/01/2012). წარმოდგენილ საექსტრადიციო საქმის მასალებში ბ. ბ.ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას უფლებების „აშკარა“ დარღვევის ფაქტის, ან ამგვარი დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ მოიპოვება და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია ასეთი. შესაბამისად, არ იკვეთება „აშკარა“ და უხეში პროცედურული დარღვევები, რომელთა საფუძველზეც საკასაციო სასამართლოს ექნებოდა საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ბ. ბ. თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაექვემდებარება სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას.
10. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ადვოკატის მოსაზრებას, რომ ბ. ბ.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, ვინაიდან ექსტრადიციის სფეროში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობა ხელს არ უშლის. ამავდროულად, საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე არ უნდა აღსრულდეს ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება, „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე.
11. კასატორი საკასაციო საჩივარში ასევე აპელირებს თურქეთის რესპუბლიკაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, რომ საპატიმრო დაწესებულებებში ხშირია პოლიტიკური ნიშნით ადამიანის უფლებების დარღვევის, დევნისა და შევიწროების ფაქტები, რისი მსხვერპლი ამ შემთხვევაშიც შეიძლება გახდეს ბ. ბ., რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება, ვინაიდან ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: (Mamatkulov and Askarov v. Turkey) N 46827/99 and N 46951/99, § 73, 04.02.2005). ამ შემთხვევაშიც დაცვის მხარეს არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შექმნიდა არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ბ. ბ. ექსტრადიციის შემთხვევაში დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. ბ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი