საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115764537
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №999აპ-19 ქ. თბილისი
ს. ზ. 999აპ-19 21 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ს–ს - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ოთხი ეპიზოდი) ჩადენა.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 9 ოქტომბრის დადგენილებით, რატიფიცირებულ იქნა 2009 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულება (საქართველო: ქვერეგიონული საგზაო დერეფნის განვითარების პროგრამა)“, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის 1 მარტის N… განკარგულებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ნება დაერთო მოეხდინა ა–ს შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ, მოსახლეობის მიერ თვითნებურ სარგებლობაში არსებულ, დაურეგისტრირებელ მიწის ფართობებზე სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია (ანაზღაურება), .............. ბანკის მიერ დამტკიცებული მიწების გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
2.2. საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2013 წლის 12 აპრილის N..... მინდობილობით საავტომობილო გზების დეპარტამენტის ა–ს ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორს - ზ. ს–ს უფლებამოსილება მიენიჭა, ს–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების შესაბამისად, უზრუნველეყო ა–ს შემოვლითი საავტომობილო გზის სამშენებლო მონაკვეთებზე, ...........ს ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, განთავსების ზოლში დაგეგმილი სამუშაოებისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება, კერძოდ: საკადასტრო - აზომვითი და სადემარკაციო სამუშაოების წარმოება, პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთების მოსარგებლეების იდენტიფიკაცია და იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა, მათთან მოლაპარაკებების წარმართვა, შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და გაფორმება.
2.3. ზ. ს–მ, 2013 წლის ივლისში ჯეროვნად არ შეასრულა ზემოთ აღნიშნული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ მოახდინა ა–ს შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის (...... კვ/მ) ადგილზე დათვალიერება, მისი რეალური მოსარგებლის იდენტიფიკაცია, შეუმოწმებლად განახორციელა ფიზიკური პირის - ბ. ბ–ს (მისი მინდობილი პირის ს. კ–ს) სახელზე დემარკაციის აქტის შედგენა, მისი მხრიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დადასტურება და ამავე ნაკვეთისთვის განკუთვნილი კომპენსაციის მიმღებ პირად ბ. ბ–ს აღიარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ურთიერთშედარების აქტის შედგენა (რაც საფუძვლად დაედო ბ. ბ–ზე კომპენსაციის გაცემას). აღნიშნულის გამო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ა–ს შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი - შ. ჯ–ს, თ. ჯ–ს, მ. ჯ–ს, ს. ჯ–ს, რ. გ–სა და ზ. ბ–ს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა - 258 858 ლარი უკანონოდ გაიცა ბ. ბ–ზე, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა - ს–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება გამოიწვია.
2.4. ზ. ს–მ 2013 წლის ივლისში ჯეროვნად არ შეასრულა ზემოთ აღნიშნული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ მოახდინა ა–ს შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის (..... კვ/მ) ადგილზე დათვალიერება, მისი რეალური მოსარგებლის იდენტიფიკაცია, შეუმოწმებლად განახორციელა ფიზიკური პირის - ხ. ზ–ს სახელზე დემარკაციის აქტის შედგენა, მისი მხრიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დადასტურება და ამავე ნაკვეთისათვის განკუთვნილი კომპენსაციის მიმღებ პირად ხ. ზ–ს აღიარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ურთიერთშედარების აქტის შედგენა (რაც საფუძვლად დაედო ხ. ზ–ზე კომპენსაციის გაცემას). აღნიშნულის გამო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ა–ს შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი - შ. ც–ს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა - 58759 ლარი უკანონოდ გაიცა ხ. ზ–ზე, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა - ს–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება გამოიწვია.
2.5. ზ. ს–მ 2013 წლის ივლისში ჯეროვნად არ შეასრულა ზემოთ აღნიშნული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ მოახდინა ა–ს შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის (2676 კვ/მ) ადგილზე დათვალიერება, მისი რეალური მოსარგებლის იდენტიფიკაცია, შეუმოწმებლად განახორციელა ფიზიკური პირის - ნ. თ–ს სახელზე დემარკაციის აქტის შედგენა, მისი მხრიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დადასტურება და ამავე ნაკვეთისთვის განკუთვნილი კომპენსაციის მიმღებ პირად ნ. თ–ს აღიარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ურთიერთშედარების აქტის შედგენა. აღნიშნულის გამო, ს–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ა–ს შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი - შ. ც–ს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა - 40143 ლარი უკანონოდ გაიცა ნ. თ–ზე, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა - ს–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება გამოიწვია.
2.6. ზ. ს–მ 2014 წლის ივნისში ჯეროვნად არ შეასრულა ზემოთ აღნიშნული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ მოახდინა ა–ს შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის (.... კვ/მ) ადგილზე დათვალიერება, მისი რეალური მოსარგებელის იდენტიფიცირება, შეუმოწმებლად განახორციელა ფიზიკური პირის - ნ. ბ–ს სახელზე დემარკაციის აქტის შედგინა, მისი მხრიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დადასტურება და ამავე ნაკვეთისთვის განკუთვნილი კომპენსაციის მიმღებ პირად ნ. ბ–ს აღიარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ურთიერთშედარების აქტის შედგენა. აღნიშნულის გამო, ს–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ა–ს შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი - მ. ხ–ს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა - 18513 ლარი უკანონოდ გაიცა ნ. ბ–ზე, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა - ს–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება გამოიწვია.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენით:
3.1. ზ. ს–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით(ოთხი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
3.2. გამართლებულ ზ. ს–ს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა დავით ჭარბაძემ, რომელმაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ზ. ს–ს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა დავით ჭარბაძემ, რომელიც ითხოვს: საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას ზ. ს–ს მიმართ, მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ოთხივე ეპიზოდში და კანონით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნას.
6.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია დაცვის მხარის - გამართლებულ ზ. ს–ს ინტერესების დამცველის ადვოკატ მ. ა–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001).
8. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენის გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთაც განაპირობეს ზ. ს–ს გამართლება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. ზ. ს–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედება - სამსახურებრივი გულგრილობა - გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დგინდებოდეს, რომ კონკრეტული ქმედება შედიოდა პირის სამსახურებრივ მოვალეობაში, რაც მან არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა, ასევე უნდა დგინდებოდეს პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი.
10. საქართველოს პარლამენტის N1774-II ს დადგენილებით რატიფიცირებულია 2009 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულება (საქართველო: ქვერეგიონული საგზაო დერეფნის განვითარების პროგრამა)“.
11. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის N… განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ნება დაერთო, მოეხდინა ა–ს შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი მოსახლეობისათვის სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია, .........ის ბანკის მიერ დამტკიცებული მიწების გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მათ შორის - მოსახლეობის თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ და უკვე გამოსყიდულ მიწის ფართობებზე სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ამ განკარგულების მე-2 პუნქტში აღნიშნული მოსახლეობის თვითნებურ სარგებლობაში არსებული დაურეგისტრირებელი მიწის ფართობების სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაციის გაცემის მიზნით, უნდა უზრუნველყოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება (იხ. ტ.1, ს.ფ. 37).
12. 2013 წლის 12 აპრილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ს–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ - ზ. ზ–მ გასცა მინდობილობა ზ. ს–ზე, რომ იგი უფლებამოსილია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის საფუძველზე, ა–ს შემოვლითი საავტომობილო გზის სამშენებლო მონაკვეთზე, აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, განთავსების ზოლში დაგეგმილი სამუშაოებისათვის აუცილებელი განსახლების პროცედურის განხორციელება, მათ შორის - მიწის ნაკვეთებისა და მათზე არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზ. ს–ს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2013 წლის 12 აპრილის N...... მინდობილობით განსაზღვრული უფლებამოსილებები არ შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ არც საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2013 წლის 12 აპრილის N...... მინდობილობას და არც სხვა მტკიცებულებებს. საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა და სადემარკაციო სამუშაოების წარმოება, მიწის ნაკვეთების მოსარგებლეთა იდენტიფიკაცია და შესაბამისი დოკუმენტების შედგენა არ წარმოადგენდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის - ზ. ს–ს ვალდებულებას. მისი მოვალეობა იყო მიწის ნაკვეთებისა და მათზე არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირება. მიწის მესაკუთრეთა და მფლობელთა შესახებ ინფორმაციის მიწოდება კი უნდა უზრუნველეყო სოფლის/თემის გამგეობას, საკრებულოსა და საკუთრების აღიარების კომისიას (იხ.: ტ.5, ს.ფ. 132 – 293; საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის გზის დერეფნის საინვესტიციო პროგრამა, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა).
14. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე მიწის ნაკვეთებისა და მათზე არსებული უძრავი ქონების გამოსასყიდად საქართველოს საავტომობილო გზების წარმომადგენელ ზ. ს–სათვის შესაბამისი ინფორმაცია მოსახლეობის თვითნებურ სარგებლობაში არსებული დაურეგისტრირებელი მიწის ფართობების სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაციის გაცემის მიზნით, ს–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უნდა მიეწოდებინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.
15. საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2012 წლის 3 თებერვლის N...... წერილის თანახმად, შემოვლითი გზის ფარგლებში საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად ქ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების სიის შედგენა.
16. ქ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2012 წლის 19 მარტის წერილით მიაწოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესაბამისი ინფორმაცია.
17. 2012 წლის 8 ივნისს ქ–ს მუნიციპალიტეტის გამგებელმა საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიაწოდა შემოვლითი გზის პროექტის ზემოქმედებაში მოქცეული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მოსარგებლეთა სია, რომელშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულნი იყვნენ ბ. ბ–ე და ხ. ზ–ე(იხ. ტ3, ს.ფ. 191-194).
18. ქ–ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილ სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის 2013 წლის 12 სექტემბრის N.. საოქმო გადაწყვეტილების თანახმად შედგა განმცხადებელთა რეესტრი, ვისაც დაუდგინდა მიწის ნაკვეთით სარგებლობა, მათ შორის იყვნენ - ნ. ბ–ე და ნ. თ–ი(იხ. ტ.2, ს.ფ. 355-364), ხოლო ქ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ......ს თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2013 წლის 12 სექტემბრის N..... ცნობის თანახმად, ნ. ბ–ე სარგებლობდა საყანე მიწის ნაკვეთით მდინარე .....ს მარცხენა ნაპირთან.
19. 2013 წლის 25 სექტემბერს ქ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ა–ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს მიაწოდა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი იმ პირების სია, ვისზეც საჭირო იყო კომპენსაციის გაცემა. .....ს მთავრობის თავმჯდომარემ სია გადაუგზავნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელმაც 2013 წლის 7 ოქტომბრის N.... წერილით ეს ინფორმაცია მიაწოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს.
20. ქმედების საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის საჭიროა, ერთი მხრივ, განისაზღვროს, მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი მოქმედებდა თუ არა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო, მეორე მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ზ. ს–ს ვალდებულებაზე, მოეხდინა ა–ს შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების ადგილზე დათვალიერება, მათი რეალური მოსარგებლის იდენტიფიკაცია, მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დადასტურება და ამავე ნაკვეთებისათვის განკუთვნილი კომპენსაციის მიმღები პირების განსაზღვრა. წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დგინდება, რომ ზ. ს–ს მოვალეობას წარმოადგენდა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილ სიებში მითითებულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმება და მიწის შესყიდვის უზრუნველყოფა.
22. საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ. ს–ს მიერ მისთვის მინიჭებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო.
23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე