საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 08.04.2022
საქმის ნომერი
2კ-256აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.04.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100120004004691

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №256აპ-22 ქ. თბილისი

ქ. რ. 256აპ-22 8 აპრილი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ირაკლი კოძახიძის განცხადება, რომლითაც იგი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. ქ–ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ლ–ს რაიონის სოფელ ბ–ში მცხოვრებ რ. ქ–ს კონფლიქტი ჰქონდა თანასოფლელ ფ. ქ–თან, ვინაიდან ამ უკანასკნელის მსხვილფეხა პირუტყვი რ. ქ–ს უზიანებდა სასოფლო-სამეურნეო ნათესებს, რის გამოც იგი ფ. ქ–ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

2020 წლის 2 აგვისტოს, დილის საათებში, რ. ქ–სთვის ცნობილი გახდა, რომ ფ. ქ–ს მსხვილფეხა პირუტყვი ისევ შესული იყო ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში, ე.წ. ,,ს–ში“ მდებარე მის კუთვნილ ყანაში და აზიანებდა ნათესებს.

აღნიშნულით განაწყენებულმა ფ. ქ–მ განიზრხა ფ. ქ–ს განზრახ მოკვლა. ამ მიზნით მან საცხოვრებელი სახლიდან აიღო არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებით და თავისი ავტომანქანით გაემართა ე.წ. ,,ს–ში“, რომელიც მდებარეობს დასახლებული ადგილიდან მოშორებით, ტყის მასივთან. ფ. ქ–მ მდინარე ც–ზე არსებულ მცირე ზომის ხიდთან გააჩერა ავტომანქანა და ფეხით გააგრძელა გზა, ვინაიდან იმ ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილება შეუძლებელია. მან კუთვნილ ყანასთან მისვლისას ნახა, რომ ნათესები დაზიანებული იყო და დაიწყო ფ. ქ–ს ძებნა. ფ. ქ–მ რამდენიმე წუთში დაინახა ფ. ქ–ი, დაეწია მას და სიტყვიერი შელაპარაკებისას, იცოდა რა, რომ აღნიშნული ადგილი სოფლის დასახლებული ნაწილიდან რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული და იქ ავტომანქანით მისვლა შეუძლებელი იყო, განზრახ მოკვლის მიზნით, ორჯერ ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. მეორე გასროლის შედეგად ფ. ქ–მ მარცხენა წვივის არეში მიიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განაჩენით რ. ქ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

რ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 2 აგვისტოდან.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა რევაზ თოფურიამ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, რ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის განსაზღვრა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა - ირაკლი კოძახიძემ და ითხოვა რ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის განსაზღვრა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

7. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2022 წლის 31 მარტს შემოვიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაბალი რისკისა და გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორ ზ. ჯ–ს წერილი, რომლის თანახმად, რ. ქ–ი გარდაიცვალა - 2022 წლის 23 მარტს.

8. 2022 წლის 5 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ირაკლი კოძახიძის განცხადება, რომლითაც პროკურორი ითხოვს, რომ არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი. თანდართული გარდაცვალების აქტის ჩანაწერის ასლის თანახმად, რ. ქ–ი გარდაიცვალა - 2022 წლის 23 მარტს.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.

10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ირაკლი კოძახიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე