დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 21.04.2022
საქმის ნომერი
2კ-20-I-22
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
21.04.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802222005676271

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№20I-22 ქ. თბილისი

გ. ა., 20I-22 21 აპრილი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. გ-ს (A. G.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. გ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2018 წლის 13 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის უმაღლესი მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს განაჩენით ა. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა), 35-ე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთობლივად - 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „a” ქვეპუნქტით (წინასწარ დაგეგმვით განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით ა. გ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 31 წლითა და 3 თვით. თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული განაჩენი ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს, სადაც უნდა მოხდეს საქმის ხელახალი განხილვა;

2021 წლის 4 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის უმაღლესი მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლომ გამოსცა ა. გ-ს დაკავების ბრძანება.

2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:

2012 წლის 11 მაისს მ. ი. თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა ჰ. ს-სა და მ. ს-ს მფლობელობაში არსებულ სასადილოსთან, სადაც აღნიშნულ პირებსა და სასადილოს მფლობელებს შორის მოხდა კონფლიქტი.

მ. ი-ს ჰ. ს-ს მიმართ გააჩნდა შურისძიების გრძნობა, რის გამოც მისი მოკვლა დაავალა ა. გ-სა და რ. ე-ს, რომელთაც გადასცა იარაღი და ავტომობილი. იმავე ღამეს, დაახლოებით 02:00 საათზე, ა. გ. თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა ჰ. ს-ს მფლობელობაში არსებულ სასადილოსთან. მან სასადილოს დახლთან მდგომი ჰ. ს-ს მიმართულებით 2-3 მეტრი მანძილიდან დამიზნებით ისროლა, რის შემდეგაც მათ დაუყოვნებლივ დატოვეს შემთხვევის ადგილი და მიიმალნენ. ტყვია ასცდა ჰ. ს-ს და მოხვდა სხვა პირს, რომელიც, გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ამასთან, გასროლის შედეგად ა. გ-მა დააზიანა სასადილოს კუთვნილი ქონება.

3. ა. გ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2021 წლის 22 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. გ.;

2021 წლის 22 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ა. გ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით, რომლის ვადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2022 წლის 22 ივნისამდე;

4. 2022 წლის 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა თემურ ცინდელიანმა, რომელმაც მოითხოვა ა. გ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ა. გ-ს ექსტრადიციის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 2021 წლის 14 აპრილის შუამდგომლობაში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა), 35-ე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთობლივად - 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „a” ქვეპუნქტით (წინასწარ დაგეგმვით განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დასაშვებად იქნა ცნობილი ა. გ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ა. გ-ს ექსტრადიციის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 2021 წლის 14 აპრილის შუამდგომლობაში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა), 35-ე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთობლივად - 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „a” ქვეპუნქტით (წინასწარ დაგეგმვით განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. კ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის განჩინების გაუქმებას, შემდეგი საფუძვლებით: ა. გ. თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში გახდება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, შეიძლება მის სიცოცხლესაც კი დაემუქროს საფრთხე, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ა. გ. თურქეთის რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პირებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდისას, გარიგების სანაცვლოდ, რომ მას შეესრულებინა მათი უკანონო დავალებები, გააპარეს მითითებული დაწესებულებიდან, მაგრამ იგი გაექცა მათ და თავი შეაფარა საქართველოს; ამასთან, თურქეთის რესპუბლიკაში მის მიმართ მიმდინარეობს არასამართლიანი სასამართლო წარმოება, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ უდანაშაულო პირი - ა. გ. უკანონოდ ამყოფეს ციხეში, რასაც დამატებით ადასტურებს თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს; საქართველოში ა. გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა გამოყენებულიყო პატიმრობა.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. პროკურორმა წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე მასალა თუ შუამდგომლობა არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. გ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2021 წლის 22 დეკემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას. უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (Shamayev and Others v. Georgia and Russia, ECtHR, №36378/02, 12/04/2005, §352); Mamatkulov and Askarov v. Turkey, ECtHR, №46827/99, 46951/99, 04/02/2005, §70).

5. კასატორის მოსაზრებით, ა. გ-ს ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს, ვინაიდან, თურქეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა საჯარო თანამდებობის პირის მხრიდან არსებობს მისი წამებისა და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის, ასევე სიცოცხლის მოსპობის საფრთხეც, თუმცა აღნიშნული, ა. გ-სა და მისი ადვოკატის ზოგადი ხასიათის მოსაზრების გარდა, გამყარებული არ არის სხვა რაიმე სახის მტკიცებულებით, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ა. გ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე - მათ შორის კერძო პირების მხრიდან. ამასთან, აღნიშნული მოსაზრების დამადასტურებული ინფორმაცია ვერ მოიძია ასევე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამაც, მათ შორის - ინტერნეტის ღია წყაროების მეშვეობით, რაც ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალებში ასევე არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ა. გ-ს ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობითა, თუ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებით და რომ ასეთ შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას.

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საფუძველი ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ა. გ. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი.

7. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი.

8. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

9. ადვოკატი საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ა. გ-ს მიმართ მიმდინარეობს არასამართლიანი სასამართლო წარმოება, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ უდანაშაულო პირი - ა. გ. უკანონოდ ამყოფეს ციხეში, რასაც საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა, დადგეს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევებში, როდესაც ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნის მიერ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას (flagrant denial of justice) ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა იმდენად მძიმე შემთხვევებს მოიცავს, რომ იგი ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე მარტივი პროცესუალური დარღვევებია ან სასამართლო პროცესის დროს პროცედურული გარანტიების შეზღუდული ფორმით არსებობაა (Othman (Abu Qatada) v. The United Kingdom, No. 8139/09, ECHR 2012, §258,260).

11. განსახილველ შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებით არ იკვეთება ა. გ-ს საქმეში რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევები, რომლებიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვევა და აღნიშნულის შესახებ არც ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია საქართველოს პროკურატურისთვის, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ა. გ-ს საქმე განხილული იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე, მას მიეცემა სასამართლო სხდომებში მონაწილეობის, მტკიცებულებების წარდგენის, ადვოკატის მომსახურებით და დაცვის უფლებებით სარგებლობის უფლება.

12. რაც შეეხება კასატორის მითითებას ა. გ-ს უდანაშაულობისა და თურქეთის რესპუბლიკაში უკანონო პატიმრობის შესახებ, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, სასამართლო არ აფასებს პირის ბრალეულობის საკითხს და ამოწმებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას.

13. ადვოკატის კიდევ ერთ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ ა. გ-ს მიმართ საქართველოს რესპუბლიკაში აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა გამოყენებულიყო პატიმრობა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისას იგი არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა თუ შეცვლის შესახებ, ვინაიდან „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში იმპერატიულადაა მითითებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა და გასაჩივრების პროცედურები, რისით სარგებლობის შესაძლებლობაც დაცვის მხარეს სრულად გააჩნდა.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი