საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.06.2022
საქმის ნომერი
2კ-408აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.06.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100121004512726

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №408აპ-22 ქ. თბილისი

ქ.ვ. 408აპ-22 6 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ტ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ქ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ქ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის ზაფხულში, იმავე წლის დეკემბერში, 2021 წლის 7, 14 და 19 იანვარს, ასევე - 16 და 20 მარტს ვ. ქ–ე ლ. მ–ს, ვისთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას ა–ს რაიონის სოფელ ა–სა და ქალაქ ა–ში, თ–ს ქ. N....-ში მდებარე სახლებში, ეჭვიანობის გამო, ხელებისა და ფეხების გამოყენებით, სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას თავისა და ტანის არეში. ძალადობრივი ქმედებების შედეგად ლ. მ–მ განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, ასევე მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ვ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

ვ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 21 იანვრიდან 23 იანვრამდე და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 21 მარტიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ქ–ს ადვოკატმა ტ. ბ–მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ვ. ქ–ს გამართლება.

5. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა, რომელმაც ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ქ–ს ადვოკატმა ტ. ბ–მ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულ ვ. ქ–ს უდანაშაულოდ ცნობას.

8. ადვოკატის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას, ხოლო საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლით ბრალდების მხარე - გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ვ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ ლ. მ–ს, მოწმეების: ა. თ–ს, ა. კ–ს, ს. ს–ს, შ. ა–ს, ა. ბ–ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ. ქ–ს მიერ ლ. მ–ს მიმართ სისტემატური ცემის ფაქტი, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ვ. ქ–ს უდანაშაულობის შესახებ და ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ვ. ქ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტების გამეორება.

12. იმავდროულად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ “შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე და 144-ე მუხლების დანაწესებს და დაცვის მხარის მიერ ალტერნატიური ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას; იმ გარემოებას რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რომ დაცვის მხარეს შეეზღუდა აღნიშნული ან საქართველოს სსსკ-ით გათვალისწინებული სხვა უფლებით სარგებლობის, დაცვის მხარისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვების ან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შესაძლებლობა.

14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

17. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ტ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე