საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.01.2023
საქმის ნომერი
2კ-1164აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.01.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1164აპ-22 ქ. თბილისი

ა-ი გ-ი, 1164აპ-22 25 იანვარი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულების – გ. თ-ის, ს. რ-ისა და გ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 აგვისტოს განაჩენით ს. რ-ი, – - გ. ა-ი, – - და გ. თ-ე, – - – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: გ. თ-ე, გ. ა-ი და ს. რ-ი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალათ პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდათ 2-2 წელი. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურეების – გ. თ-ის, გ. ა-ისა და ს. რ-ის ყოფაქცევის კონტროლი და მათი დახმარება დაევალა სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელობას მათი სამხედრო სამსახურის ადგილის მიხედვით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. თ-ემ, გ. ა-მა და ს. რ-მა ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· გ. ა-მა, ს. რ-მა და გ. თ-ემ გადაწყვიტეს, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ გ-ის მ-ის სოფელ ხ-ში მდებარე, გ. ფ-ის კუთვნილ შპს „ფ-ს“ ბენზინგასამართ სადგურს. 2020 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 00:20 საათზე, გარე პერიმეტრის კონტროლის მიზნით, გ. თ-ე დარჩა ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ, ხოლო გ. ა-მა და ს. რ-მა კარის გაღებით უკანონოდ შეაღწიეს შპს „ფ-ს“ ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორების მოსაცდელ ოთახში, სადაც ს. რ-ის მიერ დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხნენ ოპერატორ გ. ტ-ს და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით აშკარად დაეუფლნენ შპს „ფ-ს“ კუთვნილ თანხას – 380 ლარსა და გ. ტ-ის კუთვნილ, 100 ლარად ღირებულ, „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.

4. მსჯავრდებულების – გ. ა-ის, ს. რ-ისა და გ. თ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ქ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრული პირობითი სასჯელების შეცვლასა და თითოეულისათვის ჯარიმის – 1000 ლარის დაკისრებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენს დაცვის მხარე ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ა-ის, გ. თ-ისა და ს. რ-ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში (საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, საეჭვო გახადოს მითითებული მუხლით მსჯავრდება).

8. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“. საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, მისი დასაშვებობის განხილვისას საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს: რამდენად ავლენს საკასაციო საჩივრის დასაბუთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესაძლო უკანონობას, დანიშნული სასჯელის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის, მიზანშეწონილობის, პროპორციულობისა და სამართლიანობის თვალსაზრისით.

9. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება; მისი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, რომელიც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით“. კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნებთან შესაბამისი სასჯელის ზომის შერჩევა უნდა მოხდეს საქმის ინდივიდუალურ გარემოებათა ერთობლივი გათვალისწინებით.

10. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით მსჯავრდებულებს მიუსაჯა 2-2 წლით პირობითი მსჯავრი. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან, ასევე – საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მსჯავრდებულების – გ. ა-ის, ს. რ-ისა და გ. თ-ისათვის სასჯელის სხვა სახის განსაზღვრა, ვინაიდან თავისუფლების აღკვეთაზე (რაც ჩათვლილი აქვთ პირობით მსჯავრად) უფრო მსუბუქი სახის სასჯელი არ იქნება ზემოქმედების ისეთი ზომა, რომელიც ვერ გამორიცხავს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულებისათვის, გააცნობიერონ თავიანთი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, მსჯავრდებულებს სასჯელი შეფარდებული აქვთ პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, მათ მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით და მისი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, სასამართლომ დაასაბუთა პირველი ინსტანციის მიერ დანიშნული სასჯელის სხვა სახის სასჯელით შეცვლის მიზანშეწონილობა.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

12. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ყველა რელევანტური გარემოება, დაცულია სასჯელის დანიშვნისას სახელმძღვანელო კანონის მოთხოვნები, სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპები.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების – გ. ა-ის, გ. თ-ისა და ს. რ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე