საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100120004180031
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1107აპ-22 ქ. თბილისი
მ. გ., 1107აპ-22 12 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურორის - ვასილ ოსიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონულმა პროკურორმა ვასილ ოსიძემ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების შეცვლასა და გ. მ.ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობასა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
2. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ვინაიდან არ არსებობდა გ. მ.ს წარდგენილი კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი, რადგან სააპელაციო სასამართლომ უტყუარად დაადგინა, რომ დაზარალებულმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო მსჯავრდებულის პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად, თუმცა უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ გ. მ. არ მოქმედებდა სხვისი ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით, რასაც კასატორი არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ გ. მ-მ გამოიყენა დუმილის უფლება და შესაბამისად, სასამართლოში მსჯავრდებულის განმარტებებს მტკიცებულებითი ძალა არ აქვს; დაზარალებულ ა. მ-ს ჩვენება არის დამაჯერებელი, რადგან გამოძიებასა და სასამართლო განხილვის დროს მის განმარტებებს შორის არსებითი წინააღმდეგობები არ იკვეთება. ამასთან, დაზარალებულის მონათხრობი დასტურდება მოწმე არმენ ირიციანის ჩვენებით.
3. კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურება სასამართლოს გ. მ.ს პასუხისმგებლობის არა შემამსუბუქებელ, არამედ - დამამძიმებელ გარემოებად უნდა მიეჩნია, რადგან დაზარალებულისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, არაფრით დასტურდება მსჯავრდებულის მისწრაფება, აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი, რისი გათვალისწინებითა და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, მსჯავრდებულს უნდა შეეფარდოს მკაცრი სასჯელი.
4. მსჯავრდებულ გ. მ.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დიმიტრი ნაცვლიშვილმა საკასაციო შესაგებლით ითხოვა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურორის - ვასილ ოსიძის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. მ-ს ბრალად დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
5.1. 2020 წლის 6 მარტს, დაახლოებით 18:30 საათზე, ნ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ. ხ-ში, საავტომობილო გზაზე მყოფმა გ. მ-მ ხელთ არსებული პნევმატური თოფიდან გაისროლა მისგან რამდენიმე მეტრით წინ მიმავალი ა. მ-ს მიმართულებით, რითაც დაზარალებულს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები - მარჯვენა თვალის ნაფლეთოვანი ჭრილობისა და ქალა-ფუძის მოტეხილობის სახით.
6. გ. მ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
7. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენით გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
8. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, რომელიც ითხოვდა გადაწყვეტილების შეცვლასა და გ. მ.სათვის სასჯელის გამკაცრებას და მსჯავრდებულ გ. მ.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მამუკა მახარაძემ, რომელიც ითხოვდა გადაწყვეტილების შეცვლასა და გ. მ.სათვის წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: გ. მ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლზე, რომლის ჩადენაშიც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი, რომლის მოხდისგან სრულად გათავისუფლდა პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით.
10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-მ ჩაიდინა ა. მ-ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.
11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
13. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, რადგან, ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად და მკაფიოდ არის მითითებული იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა გ. მ.ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გაუფრთხილებლობით ჩადენა - რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რაც საკმარისია გ. მ.ს შერაცხული კვალიფიკაციით გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: არც მხარეები დავობენ და სასამართლოსაც უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ს მიერ პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად დაზარალებულმა ა. მ-მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თუმცა დავის საგნად არის ქცეული ის გარემოება, მსჯავრდებულმა დაზარალებულს დაზიანება მიაყენა განზრახ - როგორც ამას ბრალდების მხარე ამტკიცებს, თუ გ. მ. მოქმედებდა გაუფრთხილებლად - როგორც ამაზე დაცვის მხარე მიუთითებს.
15. კასატორის - ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ დანაშაულის კვალიფიკაციასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა გათვალისწინებითაც, გ. მ-ს ქმედება სამართლებრივად შეფასდა, როგორც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით და არა - როგორც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომლის ჩადენასაც მას ბრალდების მხარე ედავებოდა, რისი მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრდებულისათვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან მართებულად გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 124-ე მუხლზე.
16. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც გულისხმობს სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის სათანადოდ მომზადებულ და დაინტერესებულ მხარეთა ინიციატივისთვის მინდობას, თუმცა აქვე დასძენს, რომ ბრალდების მხარე ასევე ვალდებულია, გამოძიება წარმართოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ხოლო სასამართლომ - მხარეებს თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ არცერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს და ამცირებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განაჩენი №792აპ-19 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 36).
17. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: დადგენილია, რომ შემთხვევის თვითმხილველები იყვნენ მსჯავრდებული გ. მ., დაზარალებული ა. მ.ი და მოწმეები - გ. და ა. ი-ები, აქედან - მსჯავრდებულის განმარტებით, მას დაზარალებულისათვის იარაღიდან განზრახ არ უსვრია, არამედ - შემთხვევით გაუვარდა ტყვია, როდესაც სიარულისას ქვას წამოკრა ფეხი, რა დროსაც კარგად ვერ ხედავდა ა. მ-ს, რომელიც მოძრაობდა გაუნათებელ გზაზე, ხოლო მათ შორის იყო კედელი და მავთულის ღობე; მსჯავრდებულის საპირისპიროდ, დაზარალებულმა ა. მ-მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს გ. მ-სთან, გ. და ა. ი-ებთან ერთად პნევმატური იარაღიდან ესროდა ბოთლებს, რის შემდეგაც ისინი დაიშალნენ. გზაში გ. ი-მ უთხრა, რომ გაქცეულიყო, რადგან გ. მ. იარაღს უმიზნებდა და ესროდა. უკან მობრუნებისას დაინახა, რომ მსჯავრდებული დაახლოებით 50 მეტრი მანძილიდან უმიზნებდა თოფს და ესროლა კიდეც, ხოლო ტყვია მოხვდა თვალში. სასამართლოში მიცემული ზემოაღნიშნული განმარტებებისგან არსებითად განხვავდება დაზარალებულ ა. მ-ს მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, მისთვის უცნობია, გ. მ-მ გამიზნულად ისროლა თუ არა მისკენ, თუ სხვაგან ჰქონდა მიმართული თოფი, რადგან მსჯავრდებულმა მისი მიტრიალების დროს გაისროლა და გასროლილი ტყვია მოხვდა მარჯვენა თვალში. დაზარალებულის სასამართლო ჩვენებისგან განსხვავებულია ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, ა. მ-ს გადმოცემით, თვალში შემთხვევით მოხვდა პნევმატური იარაღიდან გასროლილი უცხო სხეული; მოწმე ა. ი-ს ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დროს მიდიოდა მსჯავრდებულის წინ, როდესაც უკნიდან შემოსემა გასროლის ხმა, თუმცა არც სროლა დაუნახავს და არც ის ფაქტი, მსჯავრდებულს იარაღი დაემიზნებინოს ვინმესთვის. ამდენად, საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებასთან მიმართებით დაზარალებულის სასამართლო ჩვენებასა და გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციას შორის არსებითი წინააღმდეგობების გათვალისწინებითა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ჩვენებები - ურთიერთგამომრიცხველია, ხოლო მოწმე ა. ი-ს არც იარაღის დამიზნება დაუნახავს და არც გასროლა, სასამართლოსთვის მეტად საინტერესო იქნებოდა შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ერთი მოწმის - გ. ი-ს ჩვენების მოსმენა, რამეთუ დაზარალებულის მტკიცებით, სწორედ ხსენებულმა მოწმემ მოუწოდა მას გაქცეულიყო, რადგან მსჯავრდებული თოფს უმიზნებდა, მაგრამ გ. ი. ბრალდების მხარემ დასაკითხ მოწმეთა სიიდან მოხსნა, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის ჩვენებას სანდოობას შეჰმატებდა, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
18. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ განზრახვის დასადგენად შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი №680აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8), რისი მხედველობაში მიღებითაც, სადავოდ გამხდარი დანაშაულის სუბიექტური მხარის გამოსარკვევად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს ჰქონდათ ახლო, მეგობრული ურთიერთობა; შემთხვევის დროს, მსჯავრდებულმა გასროლისთანავე მყისიერად მიირბინა დაზარალებულთან, დარეკა 112-ში და არ მიუტოვებია იგი არც ა-ში და არც თ-ში გაწეული სამედიცინო დახმარების დროს, ასევე - თან ახლდა ქ. ე-ში სამედიცინო მიზნით ვიზიტისას, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც სარწმუნოდ მიუთითებდა გ. მ-ს ქმედებაში პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვის არსებობაზე, არც დაზარალებულს მიუთითებია თავის ჩვენებაში და არც საქმის მასალებით დადგენილა, რისი მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად გაჩენილი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა გ. მ-ს სასარგებლოდ.
19. გ. მ-სათვის შეფარდებულ სასჯელთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლი, რომლის ჩადენისთვისაც მსჯავრდებულია გ. მ., ისჯება - ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, რისი მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარა ჩადენილი ქმედება, რომელსაც სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა სასამართლომ; უდავოდ გახადა მტკიცებულებების ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას; ნაწილობრივ აანაზღაურა ზიანი) მხედველობაში მიღებით, გ. მ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის გამკაცრება არ არის მიზანშეწონილი. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს, რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე თავის საკასაციო საჩივარში, წამახალისებელი ნორმებია, რაც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.
20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურორის - ვასილ ოსიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი