საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100121004521627
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №855აპ-22 ქ. თბილისი
მ. ლ. 855აპ-22 30 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. მ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ჯ–მის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. მ–ს, - დაბადებულს 2... წელს, - ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ს ცენტრში ლ. მ–მა უთანხმოების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ხელთნაქონი დანის თავის არეში დარტყმით ჯ. შ–ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი სიცოცხლის მოსპობა.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 აგვისტოს განაჩენით ლ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით;
3.1. ლ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 25 თებერვლიდან.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ს ცენტრში, ლ. მ–მა უთანხმოების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ხელთნაქონი მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის თავის არეში დარტყმით ჯ. შ–ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი სიცოცხლის მოსპობა.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
5.1. მსჯავრდებულ ლ. მ–ს ადვოკატმა დ. ჯ–მ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ლ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობა;
5.2. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კირჩხელმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა და ლ. მ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენით ლ. მ–ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. მ–ს ადვოკატმა დ. ჯ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ლ. მ–ის უდანაშაულოდ ცნობას.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ადვოკატმა, რომელიც ითხოვს ლ. მ–სის უდანაშაულოდ ცნობას.
10. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივარში მიმოიხილა მტკიცებულებები და მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაინტერესებული, მსჯავრდებულსა და ჯ. შ–სს შორის წარმოშობილი ინციდენტის მონაწილე, მოწმეების - ა. მ–ს, ს. მ–ს, ა. მ–სა და გამოძიების მიმდინარეობისას დაკითხულ კ. მ–ს ჩვენებები, რომლებიც, იმავდროულად, წინააღმდეგობრივია.
11. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის გათვალისწინებით, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, მიაყენა თუ არა ლ. მ–მა ჯ. შ–ს მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის თავის არეში დარტყმით სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი სიცოცხლის მოსპობა.
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და შესაბამისად, მტკიცებას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მათ შორის, ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებს, კერძოდ:
12.1. მოწმე ალეკო მეგრელიძემ განმარტა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს თავის ბიძაშვილებთან - ს. და ა. მ–მეებთან ერთად იმყოფებოდა კ. მ–სის სახლში, რომელსაც დაურეკა ჯ. შ–მა და თავის სტუმრებთან ერთად დაპატიჟა სოფელ კ–ს ცენტრში ლუდის დასალევად. დათქმულ ადგილას - სოფლის მოსაცდელ ჯიხურში, კ. მ–სა და მისი სტუმრების მისვლის შემდედ მალევე მივიდნენ ჯ. შ–სი და ლ. მ–სი და მიიტანეს ლუდი, არაყი და საჭმელი. დაიწყეს ქეიფი, თუმცა ა., ს. და ა. მ–ები ალკოჰოლურ სასმელს არ სვამდნენ. დაახლოებით 23:00 საათზე, მაშინ, როცა შეკრებილი პირები უკვე სახლში დაბრუნებას აპირებდნენ, ჯ. შ–სა და ლ. მ–ს შორის მოხდა კამათი და ისინი გარეთ გავიდნენ. ა. მ–მ დაინახა, რომ ლ–მა ჯ–ს მარცხენა მხარეს, საფეთქელთან, ჩაარტყა მარჯვენა ხელი, თან (ჩარტყმა) რამდენჯერმე გაიმეორა. ხელში ეჭირა თუ არა რაიმე, ვერ დაინახა, რადგან ბნელოდა. ყველანი მათკენ გაიქცნენ, ჯ–ს ძალა აღარ ჰქონდა და ჩაიკეცა, ხოლო ლ. მ–ი გაიქცა სკოლის შენობისაკენ.
12.2. მოწმე ს. მ–მ ასევე განმარტა, რომ ის, ა. და ა. მ–ები არ სვამდნენ. დაახლოებით 23:00 საათზე უკვე წამოსვლას აპირებდნენ, როდესაც დაინახა, რომ რადგან ჯ–მ ლ–ს უარი უთხრა მოსაწევის მიცემაზე, ისინი გავიდნენ დაახლოებით 5 მეტრში და დაიწყეს კამათი. რამდენიმე ხანში გადაინაცვლეს დაახლოებით 15 მეტრში მდებარე ფარდულისკენ, სადაც არის წყლის ონკანი და იქ განაგრძეს ჩხუბი. მათ საუბარს (სიტყვებს) ვეღარ არჩევდნენ, თუმცა კარგად ჩანდა ყველაფერი, კერძოდ, დაინახეს, რომ ლ–მა ჯ–ს თავის მარცხენა მხარეს ჩაარტყა მარჯვენა ხელი და მერე ისევ განაგრძო ცემა. ჯ–მ თავიდან მოგერიება დაიწყო, მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა და მალევე ჩაიკეცა, ხოლო ლ. მ–ი გაიქცა. როდესაც ჯ–სთან მივიდნენ, იგი მოკუნტული იწვა ასფალტზე და მარცხენა მხარის საფეთქლიდან სისხლი სდიოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ მას არ დაუნახავს, დარტყმისას ლ. მ–ს ხელში ეჭირა თუ არა დანა.
12.3. მოწმე ა. მ–მემ განმარტა, რომ როდესაც ქალაქის ცენტრში მივიდნენ, კ. მ–მ, ჯ. შ–მა და ლ. მ–მა დაიწყეს ალკოჰოლური სასმლის დალევა, თვითონ მას და მის ბიძაშვილებს - ა. და ს. მ–ებს ალკოჰოლი არ მიუღიათ. ცოტა ხანში ლ. და ჯ. წავიდნენ ფარდულისაკენ და დაიწყეს კამათი მოსაწევთან დაკავშირებით, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ლ. მ–სმა ჯ. შ–სს მარცხენა მხარეს, საფეთქლის არეში, დაარტყა მარჯვენა ხელი. თავიდან ჯ. იგერიებდა, მაგრამ შემდეგ ძალა აღარ ეყო და ჩაიკეცა. აღნიშნულის შემდეგ ლ. მ–სი გაიქცა, ჯ. შ–სი კი სისხლიანი იწვა მიწაზე, გვერდულად. მოწმემ დაადასტურა, რომ იმ დღეს მართალია, ლ. მ–სს ჰქონდა დანა, თუმცა ჩხუბის დროს გამოიყენა თუ არა. არ იცის, რადგან მას მსჯავრდებულის ხელში დანა არ დაუნახავს.
12.4. მაგისტრი მოსამართლის წინაშე მხარეთა მონაწილეობით დაკითხული კ. მ–სის ჩვენების თანახმად, მითითებულ შეხვედრაზე სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და იყო მთვრალი. მაშინ, როცა შეკრებილი პირები აპირებდნენ უკვე სახლებში წასვლას, ლ. მ–სმა დაახლოებით 5 მეტრში სასაუბროდ გაიხმო ჯ. შ–სი. კ. მ–ს მათი დიალოგი არ ესმოდა, ვინაიდან ისინი საუბრობდნენ მშვიდად, ისე, რომ არც კი უფიქრია, თუ ჩხუბი მოხდებოდა. ლ. მ–მა და ჯ. შმა გადაინაცვლეს ოდნავ მოშორებით, დაახლოებით 15 მეტრში და ხმას აუწიეს. კ. მ–მ დაინახა, რომ ლ. მ–მა ჯ. შ–ს დაარტყა მარცხენა მხარეს, თავის მიმართულებით, რის გამოც გაიქცა მათკენ, იმავდროულად, დაინახა, რომ ჯ. ჯ. შ–სი მარცხენა ხელს იკიდებდა თავზე, ხოლო მარჯვენა ხელით იგერიებდა - ხელს ჰკრავდა ლ–ს. მათგან დაახლოებით 3-5 მეტრში იყო, როდესაც ჯ–ი ძირს დაეცა, ხოლო ლ–ი გაიქცა. მოწმემ დაადასტურა, რომ მას არ დაუნახავს, რა დაარტყა მსჯავრდებულმა ჯ. შ–ს, რადგან იმ ადგილას, სადაც ხელჩართული ჩხუბი დაიწყო, განათება არ იყო, შესაბამისად, დაინახა მხოლოდ ხელის დარტყმა თავის არეში, მარცხენა მხარე.
13. სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 21 ივლისის №........ დასკვნის თანახმად, ჯ. შ–სის სიკვდილის მიზეზია თავის ტვინის მაგარი, რბილი გარსების და ნივთიერებების დაზიანება, მკვეთრად გამოხატული შეშუპებითა და დარბილებით, განვითარებული თავის მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად.
13.1. თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება, დარბილებით - დაზიანება, განვითარებული რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
13.2. ჯ. შ–ს გვამზე ასევე აღინიშნებოდა შემდეგი სიცოცხლისდროინდელი დაზიანება: გაკერილი სწორკიდეებიანი ჭრილობა თხემ-კეფის მიდამოში, მარცხნივ - კანის, კანქვეშა ქსოვილის დაზიანებით, ჭრილობის არხი სიღრმით - 0,7 სმ, ჭრილობა არხის მიმართულებით მცირედ მარჯვნიდან-მარცხნივ, ზემოდან-ქვემოთ, უკნიდან-წინ. ჭრილობის წინა ბოლო მახვილია, ხოლო უკანა - ბლაგვი, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში, ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივად კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
13.3. ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, გვამზე აღინიშნება დაზიანებები, მათ შორის, შუბლ-თხემ-საფეთქელ-კეფის მიდამოში, მარცხნივ, ნალისებური ფორმის, 27 ძაფნაკერით გაკერილი, შეხორცების ფაზაში მყოფი სწორკიდეებიანი ჭრილობა, სიგრძით - 32,0 სმ.
14. დაცვის მხარე სადავოდ ხდის მითითებულ მოწმეთა ჩვენებებს, თუ კონკრეტულად თავის რომელ ნაწილში დაარტყა მსჯავრდებულმა ჯ. შ–სს ხელი/საგანი. ამასთან, ადვოკატი უთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჯ. შ–ს დაზიანება თხემის არეში ზემოდან აღენიშნებოდა და არა - საფეთქლის მარცხენა მხარეს ან შუბლის წინა ნაწილში, როგორც ამას უთითებენ ჩვენებებში მოწმეები.
14.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებს, რომელთა თანახმად, თითოეულმა მათგანმა დაადასტურა, რომ ისინი უშუალოდ შეესწრნენ ლ. მ–სა და ჯ. შ–ს შორის მომხდარ კონფლიქტს, რა დროსაც, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ჩხუბისას არ დაუნახავთ მსჯავრდებულის ხელში რაიმე საგანი, დაინახეს, რომ მსჯავრდებულმა ჯ. შ–ს მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა მხარეს, თავის (საფეთქელთან/საფეთქლის არეში) მიმართულებით, იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 21 ივლისის №.......... დასკვნაზე თანდართულ ფოტოსურათებს და დასკვნის კვლევით ნაწილს, რომლის თანახმად, ჯ. შ–სს გვამზე აღინიშნებოდა დაზიანებები, მათ შორის, შუბლ-თხემ-საფეთქელ-კეფის მიდამოში, მარცხნივ, ნალისებური ფორმის, 27 ძაფნაკერით გაკერილი, შეხორცების ფაზაში მყოფი სწორკიდეებიანი ჭრილობა, სიგრძით - 32,0 სმ.
14.2. ადვოკატის ვერსიასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია მსჯავრდებულს მის წინ მდგომი ჯ. შ–სთვის გვერდიდან მოქნეული ხელი დაერტყა შუბლის არეში და ასეთი დარტყმა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი დგომისას, ასევე მოსაცდელი, სადაც მსჯავრდებული და ჯ. შ–ი სუფრასთან ისხდნენ, დაახლოებით 50 მეტრითაა დაშორებული შემთხვევის ადგილიდან, რის გამოც ღამის საათებში ხილვადობა შეზღუდული იქნებოდა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, მაგალითად - საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც საეჭვოს გახდიდა/გამორიცხავდა მოწმეთა მიერ მითითებულ გარემოებაში კონკრეტული სახის დაზიანების მიყენების ან/და დანახვის შესაძლებლობას და კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე - მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).
15. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ დადგენილი არ არის, დარტყმის შედეგად ჩაუტყდა ჯ. შ–ს თავის ქალას თხემის ძვალი თუ დაცემის შედეგად და, ერთი მხრივ, ითვალისწინებს სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 21 ივლისის №......... დასკვნას, რომლის თანახმად, თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება, დარბილებით - დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან, ასევე ჯ. შ–ს გვამს აღენიშნებოდა შემდეგი სიცოცხლისდროინდელი დაზიანება: გაკერილი სწორკიდეებიანი ჭრილობა თხემ-კეფის მიდამოში, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში, ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივად კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილმდებარეობის დათვალიერების 2021 წლის 25 თებერვლის ოქმს, რომლის თანახმად, კ. მ–სგან მიღებული ჩვენების საფუძველზე მივიდნენ ადგილზე, სადაც მან ნახა ჯ. შ–სი უგონო მდგომარეობაში. ადგილის დათვალიერებისას საავტომობილო გზის გვერდულზე, გზიდან დაახლოებით 1 მეტრში, მიწაზე იპოვეს მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქა. აღნიშნულის შემდეგ გაგრძელდა ადგილმდებარეობის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, რა დროსაც გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი რაიმე ნაპოვნი და ამოღებული ვერ იქნა. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების თანახმად, შემთხვევის ადგილიდან გამოძიებისთვის საინტერესო (დაცვის მხარის ვერსიით საეჭვო) საგანი - მითუფრო ყუისა და ლესილი პირის მქონე - ნანახი და ამოღებული ვერ იქნა.
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 15 მარტის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ლ. მ–ს ასევე აღენიშნებოდა დაზიანებები, ადასტურებს ჯ. შ–ს დარტყმის შედეგად ლ. მ–ს წაქცევას, მუხლებზე დაცემასა და წამოდგომის დროს ქვა-ღორღიან მიწაზე ჩაბღაუჭებას და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ არცერთი მოწმის ჩვენებით არ დასტურდება დაცვის მხარის მითითებული პოზიცია.
17. მოწმეთა ჩვენებების გაანალიზების შემდეგ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ლ. მ–ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, კონფლიქტის ხანგრძლივობისა და დინამიკის გათვალისწინებით, არ არის გამოკვეთილი არც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა (რომლის გარეშეც შეუძლებელია ქმედების მართლწინააღმდეგობის გამორიცხვა) და არც - აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება.
18. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირ, ისე - არაპირდაპირი განზრახვით. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლო გაიზიარებდა კასატორის პოზიციას, რომ შემთხვევის უსწორმასწორო (ზიგზაგურ) ადგილას ეყარა ქვები, ბეტონის ნამსხვრევები, რკინის ნივთები და სხვა ბლაგვი ან/და ბასრი საგნები, აღნიშნული არ გამორიცხავს ლ. მ–ს მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
19. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ. მ–მა თავისი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
20. რაც შეეხება კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულს შეეფარდა მკაცრი სასჯელი, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
20.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ცნობას ლ. მ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად, პაციენტს დაესვა დიაგნოზი: მიოპია (H52.1.), ასტიგმატიზმი (H52.2), პარალიზური სტრაბიზმი (H49), დაუზუსტებელი კატარაქტა (H26.8), სახის ნერვის სხვა დაზიანება (G51), ინსომნია (F51); მსჯავრდებულის ჯანმრთელობის (მითითებული) მდგომარეობა არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემსუბუქების უპირობო საფუძველს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ - განჩინებით, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, - მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
21. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
22. დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.
23. გარდა ამისა, ადვოკატი ითხოვს, რომ საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნეს და საქმე განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენით, ვინაიდან დაცვის მხარეს მოთხოვნის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ჩააბარა დაგვიანებით, რის გამოც საკასაციო საჩივარში ვერ ასახა საკუთარი პოზიცია გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ადვოკატს მიაჩნია, რომ მას საკასაციო სასამართლოს განხილვის სხდომაზე უნდა მიეცეს პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა.
23.1. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდეგ ასევე/ დამატებით წარმოედგინა საკასაციო საჩივარი და საქართველოს სსსკ-ის 89-ე მუხლის დანაწესის (რომლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადა, თუ ეს არ იწვევს ბრალდებულის უფლებებისა და გარანტიების არამართლზომიერ შეზღუდვას) თანახმად, მოეთხოვა საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადის აღდგენა.
24. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
25. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
27. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
28. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე