საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.06.2023
საქმის ნომერი
2კ-298აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.06.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100122005796603

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №298აპ-23 14 ივნისი, 2023 წელი

შ–ა დ., №298აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. შ–ა (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 22 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ს ტერიტორიაზე მოძრაობდა დ. შ–ა თავისი მართვის ქვეშ არსებული „ვოლვოს“ მარკის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილით (ავტომობილი ტრანზიტული ნომრით .........; მისაბმელი ტრანზიტული ნომრით .......), რა დროსაც მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით და 34-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები და ისე, რომ არ დარწმუნდა შესასრულებელი მანევრის უსაფრთხოებაში, მოსახვევში შესვლის მიზნით გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლზე. საპირისპირო სამოძრაო ზოლზე გადასულ დ. შ–ს მართვის ქვეშ არსებულ „ვოლვოს“ მარკის მისაბმელიან სატვირთო ავტომობილს წინა მარცხენა მხარეს შეეჯახა ვ. კ–მს მართვის ქვეშ არსებული „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით .......), რომელიც თავის მხრივ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით ასრულებდა გასწრებას. „ვოლვოს“ მარკის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილის მძღოლმა დ. შ–მ საპირისპირო სამოძრაო ზოლზე გადასვლით ხელი შეუშალა გასწრებას, რის შედეგადაც აღნიშნულ ავტომობილებს შორის მოხდა შეჯახება. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა ვ. კ–მ.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენით დ. შ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და დ. შ–ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 13 მარტს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, დ. შ–ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3.3. გამართლებულ დ. შ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ–მ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ დ. შ–ას ბრალეულობას. მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ 2020 წლის 22 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ს ტერიტორიაზე მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რა დროსაც „ვოლვოს“ მარკის მისაბმელიან სატვირთო ავტომობილს, რომელსაც მართავდა დ. შ–ა შეეჯახა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, რომელსაც მართავდა ვ. კ–მ. ორივე ავტომობილი მოძრაობდა ერთი მიმართულებით. ავტომანქანების შეჯახება მოხდა საპირისპირო სამოძრაო ზოლზე, სადაც მისაბმელიან სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა უკნიდან მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანების გამო ვ. კ–მ იმავე საღამოს მიმართა ზ–ს ....... ჰოსპიტალს, სადაც გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. კასატორი ასევე უთითებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანება, რომელიც მიიღო ვ. კ–მ, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ გ. ქ–ს ჩვენებით კი დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში „ვოლვოს“ მარკის მისაბმელიანი ავტომანქანის მძღოლ დ. შ–ას მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34.16 მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34.16 მუხლის თანახმად, გასასწრები სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ხელი შეუშალოს გასწრებას სიჩქარის მომატებით, ან რაიმე სხვა მოქმედებით. მოცემულ შემთხვევაში გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა „ვოლვოს“ მარკის მისაბმელიანი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა დ. შ–ა. ამასთან, გასწრებას ახორციელებდა „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა და შეჯახება მოხდა საპირისპირო სამოძრაო ზოლზე, რომელიც იყო თავისუფალი და იქ გასწრების მიზნით მოძრაობდა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი. შესაბამისად, „ვოლვოს“ მარკის მისაბმელიანმა ავტომანქანამ ამ ზოლზე გადმოსვლით ხელი შეუშალა გასწრებას. ვ. კ–მ, რომელიც ახორციელებდა გასწრებას, ვერ მოასწრო რეაგირება და შეეჯახა მის წინ სამოძრაო ზოლზე გადმოსულ მისაბმელიან სატვირთო ავტომანქანას. კომისიური ექსპერტიზის ფარგლებში ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ ლ. ფ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ დ. შ–ას მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის და 34-ე მუხლის მე-16 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად კი, გასასწრები სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ხელი შეუშალოს გასწრებას სიჩქარის მომატებით ან რაიმე სხვა მოქმედებით. საქმეზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე დ. შ–ა ახორციელებდა მანევრს, კერძოდ, მოსახვევში შესვლის მიზნით გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლზე, ვინაიდან მისაბმელიანი ავტომობილის სიგრძის გათვალისწინებით მოსახვევში სხვაგვარად შესვლა არ შეეძლო. მან მანევრი ვერ შეასრულა უსაფრთხოდ, ვინაიდან მანევრის განხორციელებისას მას შეეჯახა უკნიდან გასწრებაზე მოძრავი ავტომანქანა. ის ფაქტი, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლი ვ. კ–მ ახორციელებდა გასწრებას, დადგენილია ვ. კ–მს და ბ. ქ–ს ჩვენებებით, რომლებმაც განმარტეს, რომ ვ. კ–მ გასწრების მიზნით გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, ვინაიდან აღნიშნული ზოლი იყო თავისუფალი. ვ. კ–მ ჩამოიტოვა მისაბმელი და გაუსწორდა სატვირთო ავტომობილის უკანა საბურავს. სწორედ ამ დროს სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა მოულოდნელად მის მხარეს - მარცხნივ გადაიყვანა სატვირთო ავტომობილი, რა დროსაც მან ვერ მოასწრო დამუხურუჭება და სატვირთო ავტომანქანას წინა მარცხენა მხარეს შეეჯახა. საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა და მასზე დანართი სქემის თანახმად, შემთხვევის ადგილი წარმოადგენს სოფელ ჭ–სა და სოფელ მ–ს დამაკავშირებელ საავტომობილო გზას. შემთხვევის ადგილზე გზის სავალი ნაწილის სიგანეა 7 მეტრი, რომელიც განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისთვის. შემთხვევის ადგილი კი წარმოადგენს აღმართს, რომელსაც გააჩნია რამდენიმე მოსახვევი. აღნიშნული მოსახვევიდან 40 მეტრში დაფიქსირებულია სატვირთო ავტომობილის წინა მარცხენა საბურავი, რომელიც მიჩნეულია შეჯახების ადგილად. სატვირთოს წინ და მარცხნივ 7,7 მეტრში გვერდულზე დაფიქსირებულია ავტომობილ „ტოიოტას“ სავარაუდო განთავსების ადგილი. შემთხვევის ადგილზე დაფიქსირდა საბურავის მძაფრი დამუხრუჭების კვალი, რომელიც არის „ვოლვოს“ მარკის სატვირთო ავტომობილის კვალი. დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე არ დაფიქსირებულა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის კვალი, რაც უტყუარად მიუთითებს, რომ მძღოლ ვ. კ–ს, შეჯახებამდე არ გამოუყენებია მუხრუჭი. შესაბამისად, დაზარალებულისა და მოწმე ბ. ქ–ს ჩვენება, რომ მან ვერ მოასწრო რეაგირება და დამუხურუჭება თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილ გარემოებებთან. ექსპერტ ლ. ფ–ს მიერ გაცემულ ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ავტომობილების მოძრაობის სიჩქარეების და მათი ურთიერთკონტაქტის შედეგად განვითარებული დაზიანებების გათვალისწინებით ირკვევა, რომ სატვირთო ავტომობილ „ვოლვოს“ მძღოლმა მარცხნივ მანევრი დაიწყო მაშინ, როდესაც „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა გადასული იყო საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში და ასრულებდა მასზე გასწრებას, რითაც ავტომობილ „ტოიოტას“ მოძრაობისთვის შექმნა საფრთხე. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში კი მითითებულია, რომ ,,ვოლვოს“ მარკის სატვირთო ავტომანქანას მარცხენა წინა ნაწილზე აღენიშნება უკნიდან წინ და მარცხნიდან მარჯვნივ მოქმედი ძალით განვითარებული ავარიული ხასიათის მექანიკური დაზიანებები, რის შედეგად ავტომობილის ძარა დეფორმირებულია, კერძოდ, დაზიანებულია წინა ბამპერი, მოპირკეთება, ძრავის სახურავი, წინა მარცხენა ფრთა, წინა მარცხენა მაშუქი ფარი, წინა მარცხენა მოხვევის მაჩვენებელი მაშუქი ფარი, მარცხენა კარი და მარცხენა სატერფული. შესაბამისად, მარცხნიდან მარჯვნივ მოქმედი ძალით განვითარებული დაზიანებები უტყუარად ადასტურებს, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა ვ. კ–მ ვერ მოასწრო მარცხნივ მოხვევის დაწყება, რათა აეცილებინა მის წინ გადმოსულ სატვირთო ავტომობილზე შეჯახება. შექმნილ ვითარებაში ავტომობილ „ტოიოტას“ მძღოლ ვ. კ–მს რომ ჰქონოდა საკმარისი დრო რეაგირებისთვის, იგი გამოიყენებდა მუხრუჭს, ან აცილების მიზნით საჭეს მიმართავდა მარცხნივ, თუმცა მან მუხრუჭის გამოყენება ვერ მოასწრო. ამავე დასკვნით დგინდება, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა სატვირთო ავტომობილს შეეჯახა უკნიდან წინ, მარცხნიდან მარჯვნივ მოქმედი ძალით, რაც თანხვედრილია დაზარალებულ ვ. კ–სა და მოწმე ბ. ქ–სს ჩვენებებთან, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან. ექსპერტებმა - ი. ლ–მ და დ. გ–მ განმარტეს, რომ მუხრუჭის ოდნავ გამოყენებაც კი საკმარისი იყო შეჯახების თავიდან ასაცილებლად. მოწმე ა. დ–მა კი განმარტა, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლი დ. შ–ა გადავიდა თავისი სავალი ნაწილიდან საპირისპირო მხარეს და გაიარა დაახლოებით 5 მეტრი მანძილი, რა დროსაც სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა უკნიდან მოძრავი ავტომობილი. კასატორი ასევე უთითებს, რომ დაცვის მხარის ექსპერტების განმარტებებით საპირისპირო ზოლზე გადასვლის დაწყების შემდეგ დ. შ–ამ გაიარა დაახლოებით 28 მეტრი, რასაც დასჭირდებოდა 5-6 წამი. მათივე ფორმულით ხელმძღვანელობის შემთხვევაში შეგვიძლია დავადგინოთ, რომ 5 მეტრის მანძილის გავლისთვის დ. შ–ას დასჭირდებოდა დაახლოებით 1 წამი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დაზარალებულ ვ. კ–მს და მოწმე ბ. ქ–ს ჩვენებების უტყუარობას, რომ მათ წინ სატვირთო ავტომობილის გადმოსვლის დროს მძღოლს ჰქონდა მცირე დრო, რათა რეაგირება მოეხდინა შეჯახების თავიდან ასაცილებლად. ყოველივე ზემოაღნიშნულით უტყუარად დასტურდება, რომ დ. შ–ამ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. შ–ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა დ. შ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო სასამრთლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ვ. კ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ 2020 წლის 22 მარტს თანამშრომელ ბ. ქ–სთან ერთად „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომანქანით, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდა სოფელ მ–ს ტერიტორიაზე. სუფრაზე ყოფნისას მას არ დაულევია. იგი იყო წინა დღის ნასვამი. მ–ს მიმართულებით ავტომანქანით მოძრაობისას იგი აღმართზე დაეწია „ვოლვოს“ მარკის ნახევარმისაბმელიან ავტომანქანას, რომელიც სავარაუდოდ იყო 6 მეტრი სიგრძის, გადაჰქონდა წყლის მილები და მოძრაობდა დაახლოებით 25-30 კმ/სთ სიჩქარით. ვინაიდან „ვოლვოს“ ავტომანქანის მძღოლი ნელა მოძრაობდა, მან ჩართო ციმციმა, გასწრების მიზნით გადავიდა საპირისპირო ზოლზე და გასცდა მისაბმელს. ამ დროს საპირისპირო მხარეს გადავიდა ,,ვოლვოს“ მარკის ავტომანქანის მძღოლიც, რომელიც დაეჯახა მას. მან ამ შეჯახების შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, თავი იგრძნო ცუდად და დაახლოებით 2 საათის შემდეგ მიმართა საავადმყოფოს, სადაც მეორე დღეს ჩაუტარდა ოპერაცია. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ბ. ქ–მ. ის ფაქტი, რომ დაზარალებულ ვ. კ–ს აღენიშნებოდა დაზიანებები დადგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნით, რომლითაც ირკვევა, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სს „ე–ს ჰოსპიტლების ზ–ს რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი №....-ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N..... ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 26.03.2020 წ)) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ვ. კ–მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2020 წლის 22 მარტს 22:25 საათზე, საიდანაც გაეწერა 2020 წლის 26 მარტს 15:00 საათზე დიაგნოზით: ლავიწ-აკრომიონის სახსრის ღრძობა. მარცხენა ლავიწ-აკრომიალური შესახსრების ღრძობა, სრული გაწყვეტა. ლავიწის აკრომიალური ბოლოს ამოვარდნილობა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

5.4. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ ვ. კ–სა და მოწმე ბ. ქ–სგან განსხვავებული ჩვენება მისცა სასამართლოს დ. შ–ამ, რომელმაც განმარტა, რომ 2020 წლის 22 მარტს ჭ–ე-მ–ს ტერიტორიაზე კომპანია „.......“-ში მუშაობდა მძღოლად და „ვოლვოს“ მარკის მისაბმელიანი ავტომაქანით გადაჰქონდა ლითონის მილები. მოძრაობისას მან გაიხედა უკანა ხედვის სარკეში და ნახა, რომ მოსახვევს აქეთ არ მოდიოდა ავტომანქანა, გადავიდა საპირისპირო ზოლში და იმის გამო, რომ მანქანა იყო დატვირთული მოძრაობდა დაახლოებით 15-20 კმ/სთ სიჩქარით, რა დროსაც მოხდა შეჯახება. დ. შ–ას ჩვენება, რომ მან საპირისპირო ზოლში გადასვლამდე გაიხედა უკანა ხედვის სარკეში და დარწმუნდა, რომ მანქანა არ მოძრაობდა გამყარებულია უდავო მტკიცებულებით, მოწმე ა. დ–სის გამოკითხვის ოქმით, რომლითაც ირკვევა, რომ 2020 წლის 22 მარტს მუშაობდნენ ჭ–ე-მ–ს გადასახვევთან, სადაც დილიდან მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, კერძოდ, ტრაქტორი, ექსკავატორი და მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანა, რომელიც მილებით იყო დატვირთული. ერთ მონაკვეთზე სამუშაოს დასრულების შემდეგ გადაადგილდებოდნენ მ–ს მიმართულებით, იმ ადგილიდან დაახლოებით ასი მეტრის მოშორებით. ორგანიზაციის კუთვნილი ,,ვოლვოს“ მარკის მისაბმელიანი ავტომანქანა ტრანზიტული ნომრით ....., რომელსაც მართავდა დ. შ–ა, დაიძრა მ–ს მიმართულებით. ამ დროს თვითონ იჯდა წინა მარჯვენა სავარძელზე. დაახლოებით 16:00 საათზე, დ. შ–ა ამ ავტომანქანით ასრულებდა მოხვევის მანევრს, რა დროსაც გასწრების მიზნით მომავალი „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით ....... შეეჯახა დ. შ–ას მართვის ქვეშ მყოფ სატვირთო ავტომანქანის წინა მარცხენა ფრთას და გადაბრუნდა. დ. შ–ამ ავტომანქანა გააჩერა ადგილზე და ძრავი გამორთო. რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. მათ ავტომანქანის დაძვრიდან დაახლოებით 50 მეტრი გაიარეს. ვინაიდან ავტომანქანა იყო მისაბმელიანი მოსახვევში საჭიროებდა გარკვეული ტრაექტორიით მოძრაობას. დ. შ–ა გზის უკანა მხარეს დააკვირდა უკანა ხედვის ორივე გვერდითი სარკით, გადავიდა თავისი სავალი ნაწილიდან ნაწილობრივ საპირისპირო მხარეს, დაახლოებით ხუთი მეტრის მანძილზე, რა დროსაც მათ დაეჯახა უკანა მხრიდან დიდი სისწრაფით მომავალი ავტომანქანა. მოსახვევში მოძრაობის დაწყების დროს იგი თვითონაც აკვირდებოდა უკანა ხედვის სარკეებს, მაგრამ უკანა მხრიდან მომავალი არანაირი ტრანსპორტი არ ჩანდა. მოსახვევიან აღმართზე მოძრაობისას დ. შ–ას ჩართული ჰქონდა ავტომანქანის სახურავზე დამაგრებული ორივე ყვითელი ციმციმა მაშუქები, ასევე მისაბმელზე და მანქანაზე გვერდითა ციმციმა მაშუქები, რადგან ავტომანქანის მისაბმელი დატვირთული იყო დიდი ზომის მილებით. „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომანქანა გამოჩნდა მოულოდნელად, რომლის მხოლოდ ხმა გაიგო და შეეჯახა მათ. დ. შ–ა დილიდან იმყოფებოდა სამუშაოზე და ავტომანქანას ფხიზელი მართავდა.

5.5. გარდა ზემოაღნიშნულისა, უდავო მტკიცებულებით, მოწმე ა. დ–ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს საგზაო სამუშაოებს ასრულებდნენ ჭ–ე-მ–ს გზაზე. სამუშაოების წარმოებისას გზის დასაწყისში და დასასრულში განთავსებული იყო აბრები: „მიმდინარეობს სამუშაოები“, „სიჩქარის შემზღუდავი“. დ. შ–ას, რომლის მანქანაც დატვირთული იყო მილებით, მისცეს ნიშანი, რომ მისულიყო მომდევნო სამუშაო მონაკვეთამდე. დ. შ–ამ დაძრა ავტომანქანა და გაიარა დაახლოებით 50 მეტრი მანძილი. სატვირთოს წასვლიდან დაახლოებით 2 წუთში გაიარა დიდი სისწრაფით მოძრავმა ,,ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომანქანამ და იმ დროს, როდესაც დ. შ–ა ავტომანქანით მოძრაობდა მოსახვევიან აღმართში, გაიგო შეჯახების ხმა. ის, რომ გზაზე განთავსებული იყო საგზაო ნიშნები, რომლებიც მიანიშნებდა საგზაო სამუშაოების წარმოებაზე დასტურდება მოწმე ი. უ–ს გამოკითხვის ოქმით, რომლითაც ასევე ირკვევა, რომ ,,ვოლვოს“ მარკის ავტომანქანა, დაახლოებით 17 მეტრი სიგრძის ტრაილერი, რომელსაც მართავდა დ. შ–ა, დატვირთული იყო დიდი ზომის მილებით. ტრაილერის დაძვრამდე იგი წავიდა მ–ს მხარეს, დაახლოებით 70 მეტრის დაშორებით, დადგა სავალი ნაწილის გვერდით, რათა უსაფრთხოდ გაევლო დ. შ–ას ავტომანქანას და ხელით ანიშნა წამოსულიყო, რადგან ხედავდა, რომ შემხვედრი მიმართულებით მოძრაობა არ იყო. დ. შ–ა დაიძრა და დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა მას, რა დროსაც გაიგო ძლიერი შეჯახების ხმა, თუმცა ის მანქანა მანამდე არ დაუნახავს.

5.6. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შეჯახების წერტილიდან გზის უკუმიმართულებით არის მოსახვევი 40 მეტრის მანძილზე, ხოლო წინა მიმართულებით არის მოსახვევი 38 მეტრის მანძილზე. გზაზე რაიმე საგზაო ნიშანი განთავსებული არ არის გარდა ბოძკინტებისა. გზაზე არ არის შუა გამყოფი ღერძულა ან წყვეტილი ხაზი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტოსურათები და სქემა-ნახაზი, რომლითაც დასტურდება, რომ ,,ვოლვოს“ მარკის ავტომანქანა გადასულია საწინააღმდეგო სამოძრაო ზოლში. თუმცა ,,ვოლვოს“ მარკის ავტომანქანის უკან მოძრავი ვ. კ–მ, თუ იმოძრავებდა დასაშვები სიჩქარით შეამჩნევდა, რომ გზაზე მიმდინარეობდა საგზაო სამუშაოები, რაზეც მიუთითებდა გზის ორივე მხარეს განთავსებული ბოძკინტები და ტექნიკა, რომელიც მობილიზებული იყო სამუშაოების საწარმოებლად. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ გასწრების პროცესში ,,ვოლვოს“ მარკის ავტომობილის მძღოლი უეცრად გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, ვინაიდან როგორც მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, ერთ ადგილზე სამუშაოს დასრულების შემდეგ მუშაობა უნდა გაეგრძელებინათ სხვა ადგილზე, დაახლოებით 70-100 მეტრში. შეჯახება მოხდა მას შემდეგ, რაც ,,ვოლვოს მარკის“ ავტომანქანას დაძვრიდან გავლილი ჰქონდა მხოლოდ 70 მეტრი. შემთხვევის ადგილის დათალიერების ოქმით დასტურდება, რომ ,,ვოლვოს“ მარკის ავტომანქანა თითქმის მთელი კორპუსით იყო გადასული საწინააღმდეგო სამოძრაო ზოლში. შესაბამისად ვ. კ–ს ჩვენება, რომ დ. შ–ა მას შემდეგ გადავიდა საწინააღმდეგო ზოლში, რაც მან დაიწყო გასწრების მანევრი და გაუსწორდა კაბინის უკანა საბურავს, იმის გათვალისწინებით, რომ დ. შ–ას მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სიგრძე არის დაახლოებით 17 მეტრი და დროის ასეთ მცირე მონაკვეთში, მითითებული სიჩქარით, ამ ზომის ავტომობილის საწინააღმდეგო ზოლში მთელი კორპუსით უეცრად გადასვლა, მოკლებულია დამაჯერებლობას.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ი–ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2020 წლის 27 აპრილის ექსპერტიზის N.... დასკვნაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით ......... ავტომანქანის მძღოლ ვ. კ–მს მოქმედებაზე არ იყო დამოკიდებული მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში „ვოლვოს“ მარკის, ტრანზიტული ნომრის ........ ნახევარ მისაბმელიანი ავტომანქანის მძღოლ დ. შ–ას მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34.16 მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

5.8. აღნიშნულის შემდეგ დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 სექტემბრის ექსპერტიზის №........დასკვნით კი ირკვევა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სატვირთო ავტომობილ „ვოლვო“ .......-ს მძღოლის, დ. შ–ას მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტომობილ „ტოიოტა ჰაილუქსი“ ......... ავტომანქანის მძღოლის, ვ. კ–მს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

5.9. გასათვალისწინებელია, რომ ვინაიდან აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს ბრალდების მხარემ დანიშნა კომისიური სატრანსპორტო ექსპერტიზა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროში ამ კველვის ჩასატარებლად ასევე მიიწვეულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებიც. ვინაიდან ექსპერტებს შორის წარმოიშვა აზრთა სხვადასხვაობა დასკვნები გაიცა ცალ-ცალკე, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 ივნისის ექსპერტიზის N....... დასკვნით ირკვევა, რომ მოცემულ შემთხვევაში ავტომობილ „ტოიოტა ჰაილუქსი“ ...... ავტომანქანის მძღოლს, ვ. კ–მს ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მისი მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. მოცემულ შემხვევაში სატვირთო ავტომობილ „ვოლვო“ ......-ს მძღოლის დ. შ–ას მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ექსპერტებმა ექსპერტიზის ჩატარებისას იხელმძღვანელეს როგორც მძღოლების გამოკითხვის ოქმებით, ასევე საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომელიც შედგენილი იქნა 2020 წლის 3 აპრილის ავტო-საგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლების მონაწილეობით და ტექნიკური გამოთვლებისას გამოიყენეს აღნიშნულ ოქმში დაფიქსირებული მონაცემები. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა ამ დასკვნით კვლავ მიიჩნიეს, რომ დ. შ–ას არ შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება. რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო დაწესებულების ექსპერტებს, ორივე მათგანმა გამოძიებას წარუდგინა განსხვავებული ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ, ექსპერტ ლ. ფ–ს ჩვენებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2021 წლის 20 ივლისის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №... დასკვნით ირკვევა, რომ მძღოლ ვ. კ–ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33, პუნქტი 2-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ დ. შ–ას მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32, პუნქტი 1-ლი და მუხლი 34, პუნქტი 16-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულით ექსპერტმა მიუთითა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ორივე მძღოლის ბრალეულობით. აღსანიშნავია, რომ ექსპერტი არ დაეთანხმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში დაფიქსირებულ მონაცემებს და მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მოცემული შეჯახების ადგილი არ შეესაბამება რეალობას და ავტომობილებს შორის ურთიერთშეტაკება მომხდარია აღნიშნულ წერტილამდე გარკვეული მანძილით უკან. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდა სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ორივე მძღოლი - დ. შ–ა და ვ. კ–მ და სწორედ მათი მითითებითა და თანხმობით იქნა დაფიქსირებული სავარაუდო შეჯახების წერტილი. თუმცა ექსპერტი არ დაეთანხმა აღნიშნულს და თავად განსაზღვრა შეჯახების ადგილი. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ექსპერტ გ. ქ–ს ჩვენებასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ი–ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 20 ივლისის ექსპერტიზის N... დასკვნაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის სახელმწიფო ნომრის ........ ავტომანქანის მძღოლ ვ. კ–ს მოქმედებაზე არ იყო დამოკიდებული მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, „ვოლვოს“ მარკის, ტრანზიტული ნომრის ......... ნახევარ მისაბმელიანი ავტომანქანის მძღოლ დ. შ–ას მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34.16 მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. ამ შემთხვევაში ექსპერტი დაეყრდნო მხოლოდ ვ. კ–მს ჩვენებას.

5.10. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზების დასკვნებიდან ყველაზე სრულყოფილი არის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული კომისიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გაიცა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების შეფასების საფუძველზე, მასში დეტალურად არის აღწერილი ჩატარებული კვლევები, გამოყენებული მეთოდოლოგია, ტექნიკური გამოთვლები, ექსპერტების მიერ შედგენილია მასშტაბური სქემა და აღდგენილია ვითარება, რეკონსტრუირებულია ავტომობილის მოძრაობის ტრაექტორია. აღნიშნული დასკვნის თანახმად, მძღოლს ვ. კ–ს, ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მისი მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. მოცემულ შემთხვევაში სატვირთო ავტომობილი ვოლვოს მძღოლის დ. შ–ს მოქმედებაში საგზაო-სატრანსპრორტო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება.

5.11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება დ. შ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე