საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001470067
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №950აპ-19 ქ. თბილისი
თ. გ. 950აპ-19 6 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველის - ადვოკატ ი. რ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. თ-ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. გ. თ-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1989 წელს, თ-ს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ამხანაგობა ,,ს.“, რომელსაც სახელმწიფოს მიერ გადაეცა მიწის ნაკვეთი, მდებარე თ-ში, ნ-ს ფერდობის, მე-..მ/რაიონში, საკადასტრო კოდით: ..... 2003 წლის 5 მარტს, ამხანაგობა „ს-ს“ თავმჯდომარე გ. თ-სა და ინდ/მეწარმე ვ. ხ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის თაობაზე. 2004 წლის 5 მარტს, ამხანაგობა „ს-ს“ წევრებმა მოიწვიეს ამხანაგობის კრება, სადაც გ. თ. გადააყენეს თავმჯდომარის თანამდებობიდან. ამხანაგობას შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა ,,მ..“. ასევე მიიღეს ამხანაგობის ახალი დებულება, სადაც ამხანაგობა ,,მ..“ ცნობილ იქნა ამხანაგობა „ს-ს“ სამართალმემკვიდრედ. 2004 წლის 22 მარტს, გ. თ-მ მოიწვია ამხანაგობა „ს-ს“ კრება, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება ამხანაგობა ,,მ..-ის“ 2004 წლის 5 მარტის კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ. 2009-2010 წლებში ამხანაგობა ,,მ..-სა“ და გ. თ-ს შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავები, სადაც სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობა „ს-ს“ 2004 წლის 22 მარტის ამხანაგობის კრების ოქმი.
2014 წლის 12 ივნისს, შპს ,,ბ. ა. ჯ-ს“ (ს/კ ..) დირექტორ ლ. ხა-სა და ამხანაგობა ,,მ...-ს“ შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობა-ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მშენებარე საცხოვრებელი კორპუსით, საკუთრებაში გადაეცა შპს ,,ბ. ა. ჯ-ს“. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდგომ, ამხანაგობა ,,მ...“ მიიღებდა 400 კვ/მეტრ საცხოვრებელ ფართს. ბინების განაწილება, ნუმერაცია, განლაგება და დაზუსტება მოხდებოდა განშლის რეგისტრაციის შემდეგ. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე, 2006 წელს გ. თ. უკანონოდ შეიჭრა თ-ში, ნ-ს ფერდობის, მე-... მ/რაიონში, მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებარე კორპუსში, დაიკავა მისი პირველი, მეორე და მესამე სართულები. პირველ და მეორე სართულებზე მოაწყო საგამოფენო დარბაზი, ხოლო მესამე სართულზე დაიკავა ოთხი ბინა, რომლებსაც გაუკეთა რკინის კარი და უკანონოდ იმყოფებოდა მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში, რის შემდგომ გ. თ. სხვადასხვა გზით ხელს უშლიდა შპს ,,ბ. ა. ჯ-ს“ და ამხანაგობა ,,მ...-ს“ შორის გაფორმებული გარიგების რეგისტრაციას. კერძოდ, განცხადებები შეჰქონდა საჯარო რეესტრში და ხელოვნურად აფერხებდა რეგისტრაციის პროცესს, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შპს ,,ბ. ა. ჯ-მ“ შეძლო მხოლოდ 2016 წლის 16 მარტს. გ. თ. ხელს უშლის მშენებლობის გაგრძელებას, რითაც მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს აყენებს მშენებელს, ამხანაგობის წევრებს და მენაშენეებს, რომლებსაც სოლიდური თანხები აქვთ შეტანილი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად.
მიუხედავად იმისა, რომ გ. თ-სთვის ცნობილი იყო სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის შესახებ, რომლითაც მოხდა ამხანაგობა „ს-ს“ გაუქმება 2015 წლის 3 სექტემბერს, მოიწვია გაუქმებული ამხანაგობა ,,ს-ს“ კრება. წევრებად შეიყვანა მ. ო., ბ. ძ,, ი. ს., მ. ხ., ვ. მ., ქ. კ., მ. ჭ., ლ. ტ. და ნ. ფ., მოატყუა ისინი, რომ თითქოსდა, თავად წარმოადგენდა გაუქმებული ამხანაგობა ,,ს-ს“ თავმჯდომარეს, თვითნებურად მოახდინა მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ბინების განშლა და თანხის გადახდის შემდგომ, ზემოაღნიშნულ პირებს გადასცა საცხოვრებელი ბინები თ-ში, ნ-ს ფერდობის, მე-.. მ/რაიონში (საკადასტრო კოდი ..) არსებულ მშენებარე კორპუსში, სამომავლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლებით. ფულადი თანხის თაღლითურად მითვისების მიზნით, გ. თ-მ სს ,,პ. ბ-ში“ როგორც ფიზიკურმა პირმა, გახსნა ანგარიში ...., რის შემდეგაც ნ. ფ-ს ჩაარიცხინა 1 650 ლარი, ნ. ხ-ს - 790 ლარი, მ. ო-ს - 20 000 აშშ დოლარი, ი. ს-ს - 13 000 აშშ დოლარი, ბ.ძ-ს - 51 154 ლარი, ო. ტ-ს - 8 000 ლარი, მ. ხ-ს - 3 000 ლარი, ქ.კ-ს - 1 600 ლარი, მ. ჭ-ს - 1 000 ლარი, თუმცა აღნიშნულმა პირებმა ვერ შეძლეს გ. თ-ს მიერ მათთვის უკანონოდ გადაცემული საცხოვრებელი ფართების საკუთრების უფლებით დარეგისტრირება, ვინაიდან საცხოვრებელი ბინები წარმოადგენდა შპს ,,ბ. ა. ჯ-ს“ საკუთრებას და გ. თ. წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს. ჩარიცხულ თანხებს გ. თ. თაღლითურად დაეუფლა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. გ. თ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3.2. გ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.
3.3. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ გ. თ-ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
4.1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. თ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე გ. თ-სათვის ბრალდების ორივე ეპიზოდში მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4.2. მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ზ-მ მოითხოვა განაჩენის გაუქმება და გ. თ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. რ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და გ. თ-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში.
6.1. 2020 წლის 18 სექტემბერსა და 2021 წლის 28 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი.რ-ს დამატებითი განმარტებები 2019 წლის 15 ნოემბრის საკასაციო საჩივარზე.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. თ-ს გამართლებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. თ-ს საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება განაპირობა. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. თ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით ისჯება ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას. დანაშაულის საგანს წარმოადგენს სხვა პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ბინა, ხოლო ჩადენილი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლაში. დანაშაული დამთავრებულია ბინაში უკანონო შესვლისთანავე. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს დანაშაულის ჩადენა პირდაპირი განზრახვით.
11. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულ - ლ. ხ-ს, მოწმეთა: ა. ა-ს, მ. მ-ს, ლ. ს-ს, ე. მ-სა და ვ. ხ-ს ჩვენებებით, 2004 წლის 5 მარტის ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს-ს“ წევრთა კრების ოქმით, 2004 წლის 22 მარტის კრების ოქმით, თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით(ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1987 წლის 21 აგვისტოს N.. განკარგულება თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 18 მაისის N...გადაწყვეტილება და თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 10 იანვრის N.. დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ამხანაგობა „ს-ს“ მიწათსარგებლობის უფლება 5095 კვ/მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თ-ში, ნ-ს ქ. N..); 2009 წლის 5 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2010 წლის 7 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და 2011 წლის 20 იანვრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით, 2003 წლის 5 მარტის ამხანაგობა „ს-ს“ თავმჯდომარე გ. თ-ს და ი/მ ვ. ხ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ნარდობის ხელშეკრულებებით, 2014 წლის 12 ივნისის შპს „ბ. ა. ჯ-ს“ დირექტორ ლ. ხ-სა და ამხანაგობა „მ...-ს“ შორის უძრავი ქონების ნასყიდობა-ნარდობის ხელშეკრულებით, 2014 წლის 10 ივნისის მოთხოვნის დათმობის შეთანხმებით და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. თ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ;
12. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2004 წლის 5 მარტს მოწვეულ ამხანაგობა „ს-ს“ საერთო კრებაზე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით გ. თ. გათავისუფლდა თვმჯდომარის თანამდებობიდან და მის ნაცვლად აირჩიეს ლ. ს. ამხანაგობა „ს-ს“ შეეცვალა სახელი და ეწოდა „მ.“. მიიღეს ამხანაგობის ახალი დებულება, „მ..“ გახდა „ს-ს“ სამართალმემკვიდრე. 2007 წლის 18 ოქტომბერს საჯარო რეესტრში ქ. თ-ში, ნ-ს ფერდობი, მე-.. მ/რ-ში მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებარე კორპუსზე მესაკუთრედ დარეგისტრირდა ამხანაგობა „მ..“.
13. 2004 წლის 22 მარტის კრების ოქმის მიხედვით, გ. თ-მ მოიწვია ამხანაგობა „ს-ს“ კრება, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება ამხანაგობა „მ..-ის“ 2004 წლის 5 მარტის კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ. თუმცა აღნიშნული კრების ოქმი ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით(რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით).
14. დაზარალებულ - ლ. ხ-ს და მოწმეთა: ლ. ს-ს, ა. ა-ს, ლ. ნ-ს, მ. მ-ს, დ. კ-ს, ნ. ბ-ს და ე. მ-ს ჩვენებებით დგინდება, რომ გ. თ. 2007 წლიდან 2016 წლამდე დროის პერიოდში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიჭრა ქ. თ-ში, ნ-ს ფერდობის მე-.. მ/რ-ში მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებარე კორპუსში, დაიკავა მისი პირველი, მეორე და მესამე სართული. პირველ და მეორე სართულზე მოაწყო საგამოფენო დარბაზი, ხოლო მესამე სართულზე დაიკავა ოთხი ბინა, რომელსაც გაუკეთა რკინის კარები. მშენებარე კორპუსში უკანონოდ ყოფნის პარალელურად გ. თ-ს განცხადებები შეჰქონდა საჯარო რეესტრში და ხელოვნურად აფერხებდა 2014 წლის 12 ივლისს შპს „ბ. ა. ჯ-ს“ დირექტორ ლ. ხ-სა და ამხანაგობა „მ-ს“ შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობა-ნარდობის ხელშეკრულების რეგისტრაციას.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ გ. თ. იყო უფლებამოსილი ნ-ს ფერდობის მე-.. მ/რ-ში მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებარე კორპუსში დაეკავებინა პირველი, მეორე და მესამე სართულები. აღნიშნული გარემოების დამასტურებელი დოკუმენტი დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია;
15.1. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ასევე ითვალისწინებს თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ზ/ა გადაწყვეტილებას; ასევე იმ გარემოებას, რომ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 2007 წლის 18 ოქტომბრიდან ამხანაგობა „მ-მა“ დაარეგისტრირა უფლება მშენებარე ობიექტზე(იხ.: ტ.1, ს.ფ. 305-306);
15.2. 2014 წლის 12 ივლისს შპს „ბ. ა.ჯ-ს“ დირექტორ ლ. ხ-სა და ამხანაგობა „მ-ს“ შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობა-ნარდობის ხელშეკრულებით კი დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მშენებარე საცხოვრებელი კორპუსით საკუთრებაში გადაეცა შპს „ბ. ა. ჯ-ს“. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდეგ ამხანაგობა „მ“ მიიღებდა 400 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართს, სადაც ბინების განაწილება მოხდებოდა განშლის რეგისტრაციის შემდეგ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ გ. თ-ს ამხანაგობა „მ-ში“ გააჩნდა ერთ-ერთი რიგითი წევრის სტატუსი, რომელსაც მშენებლობის დასრულების შემდეგ ექნებოდა შესაძლებლობა შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში თავდაპირველად ი/მ ვ. ხ-სთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და შპს „ბ. ა. ჯ-ს“ დირექტორ ლ. ხ-სა და ამხანაგობა „მ-ს“ შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობა-ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად მიეღო საცხოვრებელი ფართი. მიუხედავად აღნიშნულისა, გ. თ. თვითნებურად შეიჭრა მშენებარე კორპუსში და ცხოვრობდა წლების განმავლობაში, რასაც არც დაცვის მხარე უარყოფს.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ოდენობა და ხასიათი (მნიშვნელოვანია თუ არა ქმედებით გამოწვეული ზიანი) სასამართლოს შეფასების საგანია და განისაზღვრება კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე. მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება იყოს როგორც მატერიალური, ასევე არაქონებრივი - მორალური სახის ან უკავშირდებოდეს კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2004 წლის 5 მარტს ამხანაგობის საერთო კრების დადგენილი წესით მოწვევისა და გ. თ-ს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ იგი ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობდა ხელი შეეშალა „მ...-ის“ საქმიანობისათვის.
16.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის გამამართლებელი განაჩენით სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ს-ს და თ. ქ-ს 2004 წლის 5 მარტის კრება მოტყუებით არ მოუწვევიათ, კრებაზე გადაწყვეტილებები მოტყუების ხერხით არ მიღებულა, კრების მოტყუებით მოწვევისა და ჩატარების გზით არ მომხდარა სხვისი კუთვნილი ქონების ან ქონებრივი უფლების დაუფლება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 29 ივნისის განჩინებით; 2009 წლის 5 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გ. თ-ს თავმჯდომარეობით ჩატარებული 2003 წლის 15 ოქტომბრის კრების ოქმი, 2003 წლის 27 დეკემბრის კრების ოქმი ამხანაგობის წევრთა გარიცხვის შესახებ და 2004 წლის 22 მარტის კრების ოქმი და ოქმით დამტკიცებული ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა „ს-ს“ დებულება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით; 2015 წლის 31 დეკემბერს თბილისის პროკურატურის პროკურორ ბექა ხუნაშვილის დადგენილებით შეწყდა გამოძიება 2004 წლის 5 მარტს პირთა ჯგუფის მიერ ყალბი დოკუმენტის შექმნისა და 2007 წლის 4 ივნისს აღნიშნული ყალბი დოკუმენტის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოში ბინათმშენებლობა ამხანაგობა „ს-ს“ ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენების შესახებ - სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, გაუქმდა დადგენილება გ. თ-ს დაზარალებულად ცნობის შესახებ.
17. მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა 2016 წლის 13 აპრილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ გ. თ. 2014 წლიდან მიმართავდა საჯარო რეესტრს ქ. თ-ში, ნ-ს ფერდობის მე-.. მ/რ-ში მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებარე კორპუსზე ამხანაგობა „ს-ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. შესაბამისი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო კი ხდებოდა მისი განცხადებების დახარვეზება და ქ. თ-ში, ნ-ს ფერდობის მე-.. მ/რ-ში მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებარე კორპუსის რეგისტრაციის შეჩერება. რითაც ასევე ხელოვნურად ხდებოდა შპს „ბ. ა. ჯ-ს“ და ამხანაგობა „მ..-ს“ შორის გაფორმებული გარიგების რეგისტრაციის შეფერხება, რაც ასევე ხელს უშლიდა მშენებლობის გაგრძელებას, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა მენაშენეთა ინტერესები, რომლებმაც განახორციელეს შესატანი და ელოდებოდნენ ფართების მიღებას.
18. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული თავისი შემადგენლობით დენად დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, დენადია საქართველოს სსკ-ის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენაც იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და რომელიც შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. მოცემულ შემთხვევაში გ. თ-ს მიერ ჩადენილი ქმედება დაიწყო აქტიური ქმედებით - ქ. თ-ში, ნ-ს ფერდობის მე-.. მ/რაიონში, მიწის ნაკვეთზე მშენებარე კორპუსში შეჭრით და მისი პირველი, მეორე და მესამე სართულების დაკავებით, ხოლო ფაქტობრივად დასრულდა 2016 წლის ივნისში, როდესაც მოხდა მისი გამოსახლება სასამართლოს გადაწყვეტილებით. საქართველოს სსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დენადი დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან. შესაბამისად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მსჯელობა საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, § 29, ECtHR ,18/07/2006).
20. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 18 სექტემბერსა და 2021 წლის 28 იანვარს შემოსულ მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი.რ-ს დამატებით განმარტებებთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მათზე, ვინაიდან ადვოკატ - ი. რ-ს დამატებითი განმარტებები 2019 წლის 15 ნოემბრის საკასაციო საჩივარზე შემოტანილია საკასაციო წესით გასაჩივრებისთვის საქართველოს სსსკ-ით დადგენილი ვადის დარღვევით.
21. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი.რ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი