დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №40I-23 თბილისი
გ-ი ა., 40I-23 21 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. გ-ს ადვოკატ ი. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 4 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ა. გ-ს მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები თურქეთის რესპუბლიკაში:
· თურქეთის რესპუბლიკის ბალიქესირის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ა. გ- ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნარკოტიკული ნივთიერებით ვაჭრობა) და მიესაჯა 8 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 9 ივლისს;
· თურქეთის რესპუბლიკის სუსურლუქის ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენით ა. გ- ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის მე-13 მუხლის მე-5 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და მიესაჯა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 31 მაისს;
· თურქეთის რესპუბლიკის სუსურლუქის ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ა. გ- ცნობილი იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და მიესაჯა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 23 მაისს;
· თურქეთის რესპუბლიკის სუსურლუქის ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განაჩენით ა. გ- ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით (იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება) და მიესაჯა 3 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 9 მარტს;
· თურქეთის რესპუბლიკის ბალიქესირის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენებით შეფარდებული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ა. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით, 27 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა;
· თურქეთის რესპუბლიკის რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის 2022 წლის 7 აპრილის საბრალდებო აქტის მიხედვით, ა. გ-ს ბრალი დაედო: თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (იარაღის გამოყენებით მუქარა); 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება); 86-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება); 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით (მუქარა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ჯგუფურად); 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა); 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შეკვეთით) და 220-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზაციის წევრობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;
· 2022 წლის 30 სექტემბერსა და 2023 წლის 7 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ბანდირმას რაიონულმა მძიმე სისხლის სამართლის სასამართლომ გასცა ა. გ-ს დაკავების ბრძანებები;
· 2023 წლის 3 აპრილიდან გამოცხადდა ა. გ-ს ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. საქმის მასალების მიხედვით, ა. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ü 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: ა. გ- ნარკოტიკული საშუალების გასაღებისას სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს და მისგან ამოიღეს 14.5 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფი“;
ü 2018 წლის 7 მარტის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 14 თებერვალს ა. გ-საგან ამოიღეს მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა;
ü 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 27 მარტს ა. გ-საგან ამოიღეს მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა;
ü 2021 წლის 28 იანვრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 19 თებერვალს ა. გ-მა ურთიერთშელაპარაკების შედეგად წარმოშობილი კონფლიქტისას დაზარალებულს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება;
ü 2022 წლის 7 აპრილის საბრალდებო აქტის მიხედვით, ა. გ-ს ბრალი დაედო შემდეგში: 2020 წლის 8 აგვისტოს ა. გ-მა ფიზიკურად შეურაცხყო აჰმეთ ქუთლუ. შემდეგ მუქარის სადემონსტრაციოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა აჰმეთ ქუთლუს და მეჰმეთ ჩინარს, რა დროსაც დაზარალებულებმა მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები. 2020 წლის 22 აგვისტოს ა. გ-მა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ომერ სევინჩს. 2020 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 00:50 საათზე, ა. გ-მა და ნეჯიფ ფაზილ ბურჰანმა, როგორც დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზაციის წევრებმა, ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით მოკლეს ებუბექირ ქური და ეროლ იაქანი, ხოლო ერბილ ათაბაისა და ჰარუნ მურათ დურჰანს მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანებები.
3. ა. გ-ს მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
o 2023 წლის 4 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ძებნილი ა. გ-;
o ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით ა. გ-ს შეეფარდა 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2023 წლის 4 აპრილიდან;
o 2023 წლის 10 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ა. გ-ს ექსტრადიციის თაობაზე მიიღო თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები;
o თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 30 ივნისის განჩინებით ა. გ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2023 წლის 4 ოქტომბრამდე.
4. 2023 წლის 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. გ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 4 ივლისის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. გ-ს, - დაბადებულის 1992 წლის 10 ოქტომბერს, - თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, შემდეგი მიზნებით:
5.1. ა. გ-ს მიმართ:
Ø თურქეთის რესპუბლიკის ბალიქესირის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით, რომლითაც ა. გ- ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნარკოტიკული ნივთიერებით ვაჭრობა);
Ø თურქეთის რესპუბლიკის სუსურლუქის ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენის აღსრულების მიზნით, რომლითაც ა. გ- ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის მე-13 მუხლის მე-5 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება);
Ø თურქეთის რესპუბლიკის სუსურლუქის ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით, რომლითაც ა. გ- ცნობილი იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება);
Ø თურქეთის რესპუბლიკის სუსურლუქის ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განაჩენის აღსრულების მიზნით, რომლითაც ა. გ- ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით (იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება);
5.2. ა. გ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (იარაღის გამოყენებით მუქარა); 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება); 86-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება); 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით (მუქარა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ჯგუფურად); 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა); 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შეკვეთით) და 220-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზაციის წევრობა).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 4 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. გ-ს ადვოკატმა ი. ი-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ა. გ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას შემდეგი საფუძვლებით: ა. გ-ს მიმართ თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვა დასრულებული არ არის, რის გამოც დაუშვებელია მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია. გარდა ამისა, ადვოკატის აზრით, ა. გ-ს მონაყოლიდან გამომდინარე, იკვეთება თურქეთის მხარის მიერ საქართველოს მხარისათვის საქმის გარემოებების (ინფორმაცია ორმხრივი სროლისა და ა. გ-ს ახლობლის გარდაცვალების შესახებ) შეგნებულად დამალვის ფაქტი, რაც განცდას აჩენს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირების სუბიექტურ და მტრულ დაინტერესებას ა. გ-ს მიმართ. ამასთან, ადვოკატი უთითებს, რომ ა. გ-ს ინფორმაციით თურქეთის რესპუბლიკაში მის წინააღმდეგ მტრულად განწყობილი პირები, კერძოდ, საქმეში არსებული დაზარალებულები და მათთან დაკავშირებული პირები, ანგარიშსწორების მიზნით შურს იძიებენ მასზე და იგი დარწმუნებულია, რომ ვერ მოახერხებს თავის სათანადოდ დაცვას, რადგან თურქეთში მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრა.
7. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი თემურ ცინდელიანი ითხოვს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. გ-ს ადვოკატ ი. ი-ის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 4 ივლისის განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.
3. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ძებნილი ა. გ-ს საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ა. გ- არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, იგი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. გ-ს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო ადვოკატის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ა. გ-ს მიმართ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული წარმოება არ დასრულებულა და წარმოების დასრულებამდე დაუშვებელია მისი ექსტრადიცია, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ მიმდინარე სამართალწარმოება ვერ მიიჩნევა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებად.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატის მიერ მითითებული გარემოებები, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს დაზარალებულებისა და მათთან დაკავშირებული პირების მხრიდან ა. გ-ს მიმართ ანგარიშსწორების მიზნით შურისძიების საფრთხის რისკი. ამასთან, ადვოკატმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც ა. გ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ვარაუდს დაადასტურებდა, ხოლო ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ შესაძლო შურისძიებისა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის საფრთხეებთან მიმართებით მხოლოდ განცხადებები, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის გამომრიცხავ გარემოებად.
6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (ECtHR, №36378/02, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (ECtHR, №46827/99, 46951/99, მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) 04/02/2005, §70).
7. ამავე დროს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა თანახმად: თურქეთის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მონაწილე მხარეს; თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ა. გ-ს (როგორც ეჭვმიტანილის, ასევე მსჯავრდებულის) უფლებები დაცული იქნება საერთაშორისო კონვენციებისა და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად; ამასთან, მისთვის წარდგენილი ბრალდება არ არის პოლიტიკური ან სამხედრო ხასიათის.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 4 ივლისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. გ-ს ადვოკატ ი. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 4 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე