საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.09.2023
საქმის ნომერი
2კ-621აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.09.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №621აპ-23 თბილისი

კ. ა., 621აპ-23 21 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. კ-ას ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადებაში. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· ა. კ-ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბები და აბის ნატეხები, რომლებიც შეიცავს დიდი ოდენობით – ერთიანად 0,05764 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რასაც უკანონოდ ინახავდა თ-ში, ზ-ის დასახლებაში, მე-- მიკრორაიონის მე-- კვარტლის № კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას პირადად, ასევე: თ-ში, დ-ი, -მ-ის ქ. №-, ბინა №--ში მდებარე თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში; თ-ში, ზ-ის დასახლების მე-- მიკრორაიონის მე- კვარტლის №- კორპუსის პ-ი სადარბაზოს პირველ და მეორე სართულებს შორის მდებარე ელექტრომრიცხველების გვერდით არსებული იატაკის ზედაპირზე; იმავე სადარბაზოს მესამე და მეოთხე სართულებს შორის არსებულ წყლის მილთან; თ-ში, ზ-ის დასახლების მე-- მიკრორაიონის მე-- კვარტლის №- კორპუსის პირველი სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე წყლის მილთან და თ-ში, ზ-ის დასახლების მე-- მიკრორაიონის მე-- კვარტლის №- კორპუსის მეორე სადარბაზოს-- სართულზე ასასვლელ კიბესთან. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2022 წლის 4 მაისს ამოიღეს საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ--ის მთავარი სამმართველოს მე-- სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული პირადი, ბინის ჩხრეკისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას.

· ა. კ-ამ გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველ აბებს, რომლებიც შეიცავს დიდი ოდენობით – ერთიანად 0,05764 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“. ა. კ-ამ მცირე პაკეტებად დააფასოვა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, რითიც განზრახ შექმნა პირობები მის მიერვე უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისათვის. დაფასოვებული ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი ა. კ-ამ, უკანონო გასაღების მიზნით, განალაგა: თ-ში, ზ-ის დასახლების მე-- მიკრორაიონის მე- კვარტლის №- კორპუსის პირველი სადარბაზოს პირველ და მეორე სართულებს შორის მდებარე ელექტრომრიცხველების გვერდით არსებული იატაკის ზედაპირზე; იმავე სადარბაზოს მესამე და მეოთხე სართულებს შორის არსებულ წყლის მილთან; თ-ში, ზ-ის დასახლების მე-- მიკრორაიონის მე-- კვარტლის №- კორპუსის პირველი სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე წყლის მილთან და თ-ში, ზ-ის დასახლების მე-- მიკრორაიონის მე--- კვარტლის №- კორპუსის მეორე სადარბაზოს პირველ სართულზე ასასვლელ კიბესთან. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2022 წლის 4 მაისს ამოიღეს საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-- სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული პირადი, ბინის ჩხრეკისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 იანვრის განაჩენით ა. კ-ა, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2022 წლის 4 მაისიდან. მსჯავრდებულ ა. კ-ას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლებები, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი დავით ხვედელიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელ ნაწილში განაჩენის გაუქმებას, კერძოდ: ა. კ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილითაც და ადეკვატური, კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, დანარჩენ ნაწილში – განაჩენის უცვლელად დატოვებას.

5. მსჯავრდებულ ა. კ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ჯ. შესაგებლით ითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგ. იხ.: სუსგ №783აპ-20, №422აპ-20).

8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში აღწერილია ის ფაქტობრივი გარემოებები და მოტივები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დაასკვნა, რომ ა. კ-ას საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდებისათვის არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი. საკასაციო პალატა სრულიად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და აღნიშნავს, რომ, როგორც დეტექტივ გ. ფ-ის პატაკიდან ირკვევა, გამოძიებას ინფორმაცია ჰქონდა ა. კ-ას მიერ ნარკოტიკული საშუალების მხოლოდ პირადად შენახვის თაობაზე, ხოლო მის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონია. ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლოს განუმარტა, რომ პირადი, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას და ოთხი სხვადასხვა ლოკაციიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნის მას და მათი გასაღების მიზანი არ ჰქონია. რაც შეეხება ა. კ-ას მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის მომზადებასა და გასაღებას, აღნიშნულის თაობაზე წარმოშობილი ეჭვი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლომ კი დეტალურად და ამომწურავად დაასაბუთა გამამართლებელ ნაწილში განაჩენის გამოტანის მოტივები და საფუძვლები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

9. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ა. კ-ას, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი შეცვლის საფუძველი პალატას არ გააჩნია.

10. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე), საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა და დაადგინა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე