საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100121005230941
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №537აპ-23 ქ. თბილისი
ლ–ა გ., 537აპ-23 19 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ნ–სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
- დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გ. ლ–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გ. ლ–ს ბრალეულობაში; სამივე ძირითადი მოწმე - სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ოფიცრები, დაინტერესებული, მიკერძოებული პირები არიან და სასამართლოს აწვდიან ცრუ ინფორმაციას. ამასთან, მათი ჩვენებები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, რიგ შემთხვევაში კი ურთიერთგამომრიცხავია, რაც არ შეიძლება შეფასდეს უმნიშვნელო სხვაობად; სინამდვილეში გ. ლ–სა პალატიდან გაქცევას კი არ ცდილობდა, არამედ - ჰქონდა პნევმონია, არ ჰყოფნიდა ჰაერი და სუნთქვის უკმარისობის გამო მივიდა ფანჯარასთან; მითითებულ დაინტერესებულ პირთა ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე ნეიტრალური მტკიცებულება.
- ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და გ. ლ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი აშკარად არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს, სიმძიმესა და მის პიროვნებას.
2. საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი დათო ცირეკიძე საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალოს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების კუთხით.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განაჩენით გ. ლ–სა, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
გაუქმდა გ. ლ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
გ. ლ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 26 მარტიდან.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ლ–მ ჩაიდინა ბრალდებულის მიერ მოთავსების სხვა ადგილიდან გაქცევის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განჩინებით გ. ლ–ს შეეფარდა პატიმრობა და მოთავსებულ იქნა ქ–ში, ხ–ს ქუჩა №..-ში მდებარე №.. პენიტენციურ დაწესებულებაში. 2021 წლის 16 სექტემბერს, გ. ლ–სა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულებიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დადგენილი წესით, გადაყვანილ იქნა ქ–ში, ო–ს ქუჩის №.-ში მდებარე რეფერალურ ჰოსპიტალში და მოთავსდა შენობის პირველ სართულზე განთავსებულ №.. ბოქსირებულ პალატაში, საიდანაც 2021 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 16:20 საათზე სცადა გაქცევა, რაც აღკვეთეს ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების თანამშრომლებმა.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
- დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
- ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და გ. ლ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ გ. ლ–სა არის უდანაშაულო და უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ნ. გ–ს, ლ. კ–ს, ს. ნ–ს, ზ. წ–ს, თ. შ–ს, ლ. ქ–ს, ლ. ბ–სა და მ. კ–ს ჩვენებებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრების მიერ 2021 წლის 17 სექტემბერს შედგენილი ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2021 წლის 17 სექტემბრის ოქმით, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს ესკორტირების უწყისით, ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განჩინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2021 წლის 17 სექტემბრის №.......... ბრძანებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა გ. ლ–სათვის გასაჩივრებული განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
10. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ოფიცრების - ნ. გ–ს, ლ. კ–სა და ს. ნ–ს (აღნიშნული პირები არიან შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირები და პირდაპირი მოწმეები) ჩვენებების არასარწმუნოობისა და არასანდოობის შესახებ, ვინაიდან მათი ჩვენებები თანმიმდევრული და დამაჯერებელია, ასევე სრულად არის თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: მათ მიერ შემთხვევის დღესვე - 2021 წლის 17 ოქტომბერს შედგენილ ოქმთან, რომელშიც აღიწერა გ. ლ–სას მიერ ჩადენილი ქმედება, მოწმეების - ........ ჰოსპიტლის უფროსი მედდის თ. შ–სა და ამავე ჰოსპიტლის ექიმის - ზ. წ–ს ჩვენებებთან, ასევე - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან. ნ. გ–ს, ლ. კ–სა და ს. ნ–ს ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა და განსხვავება არ იკვეთება, ამასთან, რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა გ. ლ–ს მიმართ პენიტენციური დეპარტამენტის ოფიცრების დაინტერესება და მისთვის მტკიცებულებათა ხელოვნურად შექმნის მეშვეობით დანაშაულის ჩადენის დაბრალება, საქმის მასალებში არ მოიპოვება და წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული არ დასტურდება. ამდენად, საკასაციო პალატას, არ გააჩნია ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების არგაზიარებისა და საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ გ. ლ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატა ასევე იზიარებს.
12. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოებებიც, რომ გ. ლ–სა წარსულში არ არის ნასამართლევი, მას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა და ჩადენილი აქვს დაუმთავრებელი დანაშაული - მცდელობა, რისი გათვალისწინებითაც მსჯავრდებულს შეუფარდა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ნ–სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი