შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100122006520388
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№599აპ-23 ქ.თბილისი
ზ. დ. №599აპ-23 24 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ზ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: დ. ზ-ს, - დაბადებულს 1. წელს, - ბრალად ედებოდა ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ზ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, დ. ზ. კუთვნილ ,,AUDI Q7’’ მარკისა და მოდელის ავტომობილით სახელმწიფო ნომრით B. გადაადგილდებოდა ქ. ქ. , გ-სთან არსებული ხიდის მიმდებარე ტერიტორაზე, რა დროსაც ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა 15.02.2011 წელს დაბადებულ ა. დ. ზ-მ ა-ს შესთავაზა ავტომანქანით წაყვანა, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა და დაჯდა მანქანის უკანა სალონში. ავტომობილის დაძვრიდან მალევე ა-ს სოციალურ ქსელ ,,მესენჯერში’’ დაურეკა დამ, რაზეც დ. ზ-მ ყვირილითა და ტელეფონის წართმევით წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ა-ს აიძულა შეეწყვიტა ტელეფონზე საუბარი.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 დეკემბრის განაჩენით:
3.1. დ. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დ. ზ-ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 19 ოქტომბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. ზ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ბ-მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის შემცირება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ზ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე 12 თვემდე შემცირება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული დ. ზ. სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ განაჩენს მისი მსჯავრდების ნაწილში და ითხოვს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემცირებას 12 თვემდე. მსჯავრდებულ დ. ზ-ს საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
2. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში, დ. ზ-ს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში, მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც სასამართლოც ეთანხმება.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. ზ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით თვრამეტ თვემდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დ. ზ-ს სასამართლომ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ხანგრძლივობით - 18 თვით. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ „ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დ. ზ-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა აუცილებელი და გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დანაშაული ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის განაჩენითაც სააპელაციო სასამართლომ დანიშნული სასჯელის სახის და ზომის კანონიერების და სამართლიანობის შემოწმებისას, ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულის პიროვნებაზე და სასჯელის მიზნების მხედველობაში მიღებით მიზანშეწონილად არ მიიჩნია დ. ზ-სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, ამასთან გამორიცხა საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა დამამძიმებელი გარემოების (არასრულწლოვნის მიმართ დანაშაულის ჩადენა) გამო.
6. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 დეკემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებას დ. ზ-ს მიმართ სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით - 18 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების ნაწილში. კერძოდ,7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენის შემდეგ დ. ზ. 2022 წლის 19 ოქტომბერს გამოცხადდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში ბრალის აღიარებით; მოწმის სახით გამოკითხვისას საგამოძიებო ორგანოებს სრულყოფილად მიაწოდა ინფორმაცია 2021 წლის 11 ოქტომბრის ფაქტის შესახებ, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას ( მათ შორის, თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტსა და ამოცნობაში მონაწილეობაზე, მისი მანქანის „AUDI Q7” , სახელმწიფო ნომრით „B..” ამოღებაზე (იხ.: ტ.1, ს.ფ. 46-49)).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლს, რომლის თანახმად თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებანი, სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს.
8.1. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენით დ. ზ-ს მიმართ გამოყენებულია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე მაქსიმალური ხანგრძლივობით.
8.2. სასამართლო ითვალისწინებს რომ საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლი იმპერატიული ხასიათის სამართლის ნორმაა, რომელიც ადგენს შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობისას სასჯელის დანიშვნის სავალდებულო წესს, სასამართლოს აკისრებს ვალდებულებას და არა უფლებამოსილებას არ გამოიყენოს საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედზე მეტი.
9. სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას არასრულწლოვნის მიმართ დანაშაულის ჩადენის საფუძვლით საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ არის დანაშაულის მაკვალიფიცრებელი ნიშანი - სწორედ აღნიშნული დამამძიმებელი გარემოებისთვის ადგენს საქართველოს სსკ-ი გამკაცრებულ პასუხისმგებლობას და სასჯელს (საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილი). შესაბამისად, არასრულწლოვნის მიმართ იძულების ჩადენა ვერ შეფასდება ცალკე დამამძიმებელ გარემოებად, რომელიც გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლით გათვალისწინებული წესის გამოყენების შესაძლებლობას. სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის სიტყვა-სიტყვით და გრამატიკული განმარტების ხერხებსაც, იმ გარემოებას რომ აღნიშნული ნორმა ცალსახად და პირდაპირ გამორიცხავს მაქსიმალური ვადის/ზომის სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას (მუხლში მითითებული შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობისას) როგორც საქართველოს სსკ-ის მუხლის ასევე მუხლის ნაწილთან მიმართებით.
9.1. შესაბამისად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ იძულების ჩადენის შემთხვევაში დაზარალებულის არასრულწლოვნობის დამატებით დამამძიმებელ გარემოებად გათვალისწინება და დამამძიმებელი გარემოების არსებობისას სასჯელის დანიშვნის წესის დამატებით გამოყენება ან/და საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის მარეგულირებელი იმპერატიული საშეღავათო ნორმების არგამოყენება ეწინაააღმდეგება საქართველოს სსკ-ით სასამართლოზე დაკისრებულ ვალდებულებას და გაუმართლებლად ამძიმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობას.
9.2. ამდენად, მითითებული საფუძვლით დ. ზ-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით - 18 თვით დანიშვნა კანონშეუსაბამოა.
10. ამასთან, მსჯავრდებულ დ. ზ-ს მიმართ სასჯელის შემსუბუქების თაობაზე კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე ((საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).
12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება. ზოგადი პრევენცია კი გულისხმობს დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველისათვის იმის დემონსტრირებას, თუ რა შეიძლება მათ ელოდეთ ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
13. სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანთა განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობას, რომელიც აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით, აგრეთვე იმ სპეციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებებითა და შესაბამისი დოკუმენტებით, რომლებიც ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მუშაობენ.
14. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს სამართლიანობის, რესოციალიზაციისა და პრევენციის მიზნებს, ჩადენილი დანაშაულის ინდივიდუალურ გარემოებებსა და დ. ზ-ს პიროვნულ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, დანაშაულის ჩადენის ხერხს, ვითარებას, მის გავლენას დაზარალებულზე და მიზანშეწონილად მიაჩნია დ. ზ-სათვის საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, მაქსიმალური ხანგრძლივობით.
15. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას თვრამეტ თვემდე ვადით, მაგრამ საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა არ შეიძლება აღემატებოდეს 13 თვესა და 15 დღეს.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ზ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ: დ. ზ. ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 13 თვითა და 15 დღით;
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. ზ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. დ. ზ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 13 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დ. ზ-ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 19 ოქტომბრიდან.
5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი