საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№804აპ-23 თბილისი
ბ-ი რ., 804აპ-23 18 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. ბ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული: პირის სხეულში სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება.
2. რ. ბ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· რ. ბ-ი 2022 წლის 5-დან 8 ნოემბრის პერიოდში ქ. მ-ში, სხვადასხვა ადგილას, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ ქალს არ ჰქონდა მისთვის უარის თქმის უფლება, ტელეფონის მეშვეობით და პირადად, ავტომობილის განადგურების, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის, სახელის გამტეხი და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, რამაც შეიძლება, არსებითად დააზიანოს პირის უფლება, ნ. მ-ას აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის განაჩენით რ. ბ-ის, ნასამართლობის არმქონის, მიმართ საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე. რ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 9 ნოემბრიდან.
3. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2022 წლის 5-დან 8 ნოემბრის პერიოდში რ. ბ-ი ქ. მ-ში, სხვადასხვა ადგილას, ტელეფონის მეშვეობით და პირადად ემუქრებოდა ნ. მ-ას ავტომობილის განადგურებით, ასევე – მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით, რაც ნ. მ-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, რ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მისთვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის გათვალისწინებით.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი. სააპელაციო პალატის განაჩენში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ბ-ის საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულ ნ. მ-ას სასამართლოს წინაშე არ დაუდასტურებია, რომ მუქარის შემცველი შეტყობინებების მიწერა და პირად საუბრებში რ. ბ-ის მხრიდან მუქარა მიმართული იყო დაზარალებულის სექსუალური კავშირის იძულებისაკენ. მსჯავრდებულისა და დაზარალებულის მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგენილია, რომ რ. ბ-მა დაზარალებულს გაუგზავნა მუქარისშემცველი არაერთი ტექსტი, რამაც ნ. მ-ას გაუჩინა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, მაგრამ ამ შეტყობინებების ანალიზით, შეუძლებელია დასკვნა, რომ მსჯავრდებულს სურდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება. ასევე არ დადასტურდა დანაშაულის გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა, რადგან თვით დაზარალებულსაც კი არ გაუმახვილებია აღნიშნულზე ყურადღება. შესაბამისად, პალატის შეფასებით, რ. ბ-ისათვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ელი ნაწილიდან სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე სწორად გადაკვალიფიცირდა.
9. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ რ. ბ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, დაზარალებულის პოზიციის მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე.
10. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ბ-ისათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
11. ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამრიგად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე