საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1457აპ-23 თბილისი
გ-ი რ., 1457აპ-23 6 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. გ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული – ოჯახის წევრის ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობით.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 4 იანვარს, დაახლოებით, 23:30 საათზე, რ. გ-ი თავისი ყოფილი მეუღლის – მ. ლ-ისა – და მისი დედის – ნ. ლ-ის – ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა გ-ის რაიონის სოფელ კ-ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, კერძოდ, ჩაამტვრია სახლის ფანჯრები, აწვებოდა, ფეხებსა და ხელებს ურტყამდა სახლის კარს, რომელიც დაზიანდა და გაიხსნა, ხოლო მ. ლ-ეს თითი მოუყვა კარში. რ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაირღვა მ. ლ-ისა და ნ. ლ-ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობა.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის განაჩენით რ. გ-ი, - ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თეონა წოწკოლაური ითხოვს რ. გ-ის საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობასა და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა დაუსაბუთებელი და უკანონო განაჩენი. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს რ. გ-ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.
9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლი კრძალავს ბინისა და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას, რაც გულისხმობს მესაკუთრის მკაფიოდ გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ ბინაში ან სხვა მფლობელობაში უკანონო შესვლას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. უკანონო შესვლად ითვლება სხვა პირის ბინასა და სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ყოფნა, როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს, უკანონოდ შევიდეს ბინაში თუ სხვა მფლობელობაში. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია ბინაში ან სხვა მფლობელობაში უკანონოდ შესვლა მოხდეს მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ და აღნიშნულმა დაარღვიოს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობა. საქართველოს დანაშაულის საგანია მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ბინა, ხოლო დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლაში. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომისათვის აუცილებელია, ბინის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შეაღწიონ ბინაში. დანაშაული დამთავრებულია ბინაში უკანონოდ შესვლისთანავე.
10. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის 2022 წლის 4 იანვარს რ. გ-ის ლ-ეების კერძო სახლის ეზოში ყოფნა. დაზარალებულების ჩვენებებით დადგენილია, რომ ეზოს ჭიშკარი მუდმივად ღიაა და არ იკეტება, რ. გ-მა კი საცხოვრებელ სახლში შესვლა ვერ შეძლო, რადგან ამის წინააღმდეგები იყვნენ მ. და ნ. ლ-ეები, რომლებმაც გადაკეტეს სახლში შესასვლელი კარი. რომან გ-ისათვის შეუძლებელი გახდა სახლის ტერიტორიაზე შესვლა, მეტიც, მას არ უცდია, სხვა საშუალებებით დაერღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა, ხოლო მას შემდეგ, რაც გაიგო პოლიციის გამოძახების შესახებ, დატოვა შემთხვევის ადგილი, ეზოში შესვლა კი პრობლემას არ წარმოადგენდა ნებისმიერი ადამიანისათვის, მათ შორის –ბრალდებულისათვისაც. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რ. გ-ის ქმედებაში არ არის საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის შემადგენლობა.
11. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს „In dubio pro reo-ს“ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
12. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე