საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.07.2024
საქმის ნომერი
2კ-247აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100122006316899

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№247აპ-24 ქ. თბილისი

ნ–ი ლ., 247აპ-24 9 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ვ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ვ–მა, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. ნ–სის უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა მისი ბრალეულობა. ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ ლ. ნ–ს გადაჰქონდა გადაჭარბებული ტვირთი, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, ჩატარდა არსებითი დარღვევით, რამეთუ ექსპერიმენტის დროს, ავტომობილზე განთავსებული ტვირთი ექსპერტმა შეაფასა თვალის ზომით და ტვირთის წონის განსასაზღვრად, მისი შეხედულებით, იმდენივე მასალა დააყარა სხვა ავტომობილს. ამავდროულად, კვლევის დროს არ გამოუყენებია ,,ნ... ....ს“ ეზოში მიმობნეული ინერტული მასალა, არამედ – სხვა. ექსპერტიზამ უპირობოდ მიიჩნია, რომ სატვირთო ავტომანქანაზე დატვირთული მასალა იყო 10,5 კუბმეტრი, რაც, მისი შეფასებით, 20 ტონაზე მეტია, მაშინ, როდესაც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ერთ კუბმეტრში შეიძლება იყოს – 1200 კგ-დან 1800 კგ-მდე ინერტული მასალა. ექსპერტიზას საერთოდ არ შეუფასებია ნ. მ–ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მოქმედება, რითაც დაარღვია მოძრაობის წესები და გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში და გამოიწვია სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევა. სასამართლოში დაკითხულმა არაერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ ლ. ნ–ი საპირისპირო ზოლში არ გადასულა, არ დასჯახებია ქვეითს, ბოლომდე არ მიუტოვებია ავტომანქანა და ყველანაირად ცდილობდა საგზაო შემთხვევის თავიდან არიდებას, რისი გათვალისწინებითაც, მის ქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა არ იკვეთება.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ლ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ქ–სის სააპელაციო საჩივარი, რომელიც ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

3. ლ. ნ–ი, – დაბადებული ......., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება – 3 წლით.

4. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. ნ–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო სამი ადამიანის – სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:

4.1. 2021 წლის 12 ივნისს, დღის საათებში, ლ. ნ–მა სოფელ ყ–ს გამოსასვლელში არსებული ინერტული მასალების მომპოვებელ კარიერზე, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომობილი „ჰოვო“ (სახელმწიფო ნომრით: ……) დატვირთა 10,5 კუბმეტრი ინერტული მასალით, რაც უნდა მიეტანა ქ. თბილისში, კრწანისის ქუჩის ბოლოში მიმდინარე სამშენებლო ობიექტზე.

ლ. ნ–ს მიერ ავტომანქანა „ჰოვოს“ ძარაზე განთავსებული ტვირთი – 10,5 კუბმეტრი, ანუ 20 ტონაზე მეტი, ინერტული მასალა, ბევრად აღემატებოდა „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის №393-ე დადგენილების ტექნიკური რეგლამენტის დანართით განსაზღვრულ (სამღერძიანი, ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებისათვის –25 ტონა) მასას.

2021 წლის 12 ივნისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ქ. თ–ში, კ–ს ქუჩის №..- ის მიმდებარედ, ლ. ნ–მა, რომელიც მართავდა სატვირთო ავტომობილ „ჰოვოს“ (სახელმწიფო ნომრით: ……), ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაღმართზე, დიდი სიჩქარით მოძრავი, დაეჯახა ნ. მ–ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილ „მერსედესს“ (სახელმწიფო ნომრით: ......), რომელსაც მიათრევდა გარკვეული მანძილი და გზად დააზიანა არაერთი შემხვედრი თუ გვერდულზე მდგომი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის: ავტომობილი „ფორდ-ტრანზიტი“ (სახელმწიფო ნომრით: …..), რომლის უკანა სათავსოზე იდგა ა. მ–ი; „ფიატ-500“ (სახელმწიფო ნომრით: …..), რომელსაც მართავდა მ. ლ–იი; „ტოიოტა-პრიუსი“ (სახელმწიფო ნომრით: ……), რომლიდანაც გადმოსული იყო ჯ. თ–ეძე; ასევე – გაჩერებული ავტომობილი „პორშე“ (სახელმწიფო ნომრით :……).

საბოლოოდ, მართვადაკარგული სატვირთო ავტომობილი „ჰოვო“ (სახელმწიფო ნომრით: ……), რომელსაც მართავდა ლ. ნ–ი, ჩავარდა ქ, თ–ში, კ–ს ქუჩის №..-ში მდებარე კლინიკა „ნ… …..ის” ეზოში.

მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა ლ. ნ–ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ძარაზე დასაშვებზე მეტი წონის ტვირთის განთავსებამ და ავტომობილის არასწორმა ექსპლუატაციამ (ლ. ნ–ს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი უნდა ემართა გზის მოცემული უბნისთვის დასაშვები სიჩქარით, უნდა გაეთვალისწინებინა გზის რელიეფი (დახრილობა), უნდა ემოძრავა დაბალი გადაცემით ისე, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის სიჩქარე დაერეგულირებინა ძირითადად ძრავის დამუხრუჭებით და არ დასჭირდებოდა მუხრუჭის ინტენსიური ხმარება ისე, რომ გადაეხურებინა და მთლიანად მწყობრიდან გამოეყვანა სამუხრუჭე სისტემა). კონკრეტულად, ამ უკანასკნელის მხრიდან უგულებელყოფილ იქნა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 47-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო, ავტომობილ „ფორდ-ტრანზიტის” სათავსოზე, უკან მდგომი ა. მ–ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ავტომობილ „მერსედესის“ მძღოლი – ნ. მ–ი და ავტომობილ „ფიატ-500-ის“ მძღოლი – მ. ლ–ი, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღეს: ავტომობილ „მერსედესის“ მგზავრებმა – ნ. და ი. ა–ებმა.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა და სააპელაციო სასამართლომაც უტყუარად დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შემთხვევის დღეს, ქ. თ–ში, კ–ს ქუჩის №..-ის მიმდებარედ, ლ. ნ–ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი „ჰოვო“ (სახელმწიფო ნომრით: .....), დაეჯახა ნ. მ–ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილ „მერსედესს“ (სახელმწიფო ნომრით: .....), რომელიც ათრია გარკვეულ მანძილზე და გზად დააზიანა არაერთი შემხვედრი თუ გვერდულზე მდგომი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის: ავტომობილი „ფორდ-ტრანზიტი“ (სახელმწიფო ნომრით: ......), რომლის უკანა სათავსოზე იდგა ა. მ–იი, „ფიატ-500“ (სახელმწიფო ნომრით .....), რომელსაც მართავდა მ. ლ–იი, „ტოიოტა-პრიუსი“ (სახელმწიფო ნომრით: .....), რომლიდანაც გადმოსული იყო ჯ. თ–ეძე და გაჩერებული ავტომობილი „პორშე“ (სახელმწიფო ნომრით: .....), რა დროსაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები მიიღეს ავტომობილ „მერსედესის“ მგზავრებმა – ნ. და ი. ა–ებმა, ხოლო ავტომობილ „ფორდ-ტრანზიტის” სათავსზე, უკან მდგომი ა. მ–იი, ავტომობილ „მერსედესის“ მძღოლი – ნ. მ–სი და ავტომობილ „ფიატ-500-ის“ მძღოლი – მ. ლ–იი გარდაიცვალნენ.

8. მხარეებს შორის დავის საგნად იყო ქცეული, დაარღვია თუ არა ლ. ნ–მა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესები, უგულებელყო თუ არა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და მიზეზობრივად უკავშირდებოდა თუ არა მისი ქმედება დამდგარ შედეგს.

9. ზემოაღნიშნული, სადავოდ გამხდარი საკითხის გამორკვევისას, რომლის შეფასება სპეციალურ საექსპერტო ცოდნას მოითხოვს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება საქმეში წარმოდგენილ სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებსა და საექსპერტო კვლევების ავტორების – ლ. ა–სა და დ. გ–ს ჩვენებებს, რომელთა სანდოობაში დაეჭვების გონივრული საფუძველი არ გამოკვეთილა და რომელთა შინაარსი უპირობოდ ადასტურებს, რომ ავტომობილ „ჰოვოს“ მძღოლს – ლ. ნ–მა უგულებელყო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 47-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის პირობებში, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. როგორც ექსპერტთა ჩვენებებითა და მათ მიერ ჩატარებული კვლევებით ირკვევა, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა, ერთი მხრივ, ლ. ნ–ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ძარაზე დასაშვებზე მეტი წონის ტვირთის განთავსებამ, რამეთუ დადგინდა, რომ ავტომობილ „ჰოვოს“ ძარაზე განთავსებული იყო დაახლოებით 25 ტონა/დაახლოებით 12,5 კუბმეტრი მოცულობის ტვირთი, რაც, სულ მცირე, 9,5 ტონით (9500კგ-ით) აღემატებოდა მოცემული მოდიფიკაციის მქონე ავტომობილის ტვირთამწეობას და ტექნიკური თვალსაზრისით გავლენას მოახდენდა ავტომობილის საექსპლუატაციო თვისებების შეცვლაზე (სამუხრუჭე სისტემის გადახურებაზე), ხოლო, მეორე მხრივ, ავტომობილის არასწორმა ექსპლუატაციამ, კერძოდ, ლ. ნ–ს ავტომობილი უნდა ემართა გზის მოცემული უბნისთვის დასაშვები სიჩქარით, უნდა გაეთვალისწინებინა გზის რელიეფი (დახრილობა), უნდა ემოძრავა დაბალი გადაცემით ისე, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის სიჩქარე დაერეგულირებინა ძირითადად ძრავის დამუხრუჭებით და არ დასჭირვებოდა მუხრუჭის ინტენსიური ხმარება ისე, რომ არ გადაეხურებინა და მთლიანად მწყობრიდან არ გამოეყვანა სამუხრუჭე სისტემა, რამეთუ სამუხრუჭე სისტემის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი გახდა სწორედ სამუხრუჭე სისტემის გადახურება მუხრუჭის ინტენსიური ხმარების გამო, გრელ და მკვეთრ დაღმართზე მოძრაობის პირობებში.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ნ–ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო სამი ადამიანის – სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია ჩადენისათვის – კანონიერია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ არსებობს.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ვ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი