საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№289აპ-24 თბილისი
გ. ლ., 289აპ-24 8 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განაჩენზე თბილისის ----ის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის განაჩენით ლ. გ-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2022 წლის 21 ოქტომბრიდან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ლ. გ-მა ჩაიდინა პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
• 2022 წლის 21 ოქტომბერს, 23:30 საათიდან 23:52 საათამდე დროის პერიოდში, --ტერიტორიაზე, ლ. გ-მა უნომრო, „BMW X6“ მოდელის ავტომანქანა, რომელსაც თვითონ მართავდა, უკანა, სწრაფი სვლით განზრახ დააჯახა მისი პიროვნების დასადგენად მისულ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ----ის მთავარი სამმართველოს მე-- სამმართველოს უფროსის მოადგილის – ზ. კ-ას – მართვის ქვეშ მყოფი „ტოიოტა კოროლას“ მარკის პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით – -) და ეცადა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას. შემთხვევის ადგილის გაქცევის შემდეგ მასზე განხორციელდა დევნის ღონისძიება. პოლიციისგან გაქცევის მცდელობისას --- ჩიხში მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე, ლ. გ-მა ავტომანქანა რამდენჯერმე განზრახ დააჯახა „ტოიოტა კოროლას“ პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანას, ასევე – დასახმარებლად მისულ საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, ეკიპაჟის ნომრით – -, ავტომანქანიდან გადმოსვლისას კი ფიზიკურად იძალადა ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ----ის მთავარი სამმართველოს მე-- სამმართველოს უფროსის მოადგილეზე – ზ. კ-აზე, კერძოდ, ხელი დაარტყა წარბის არეში, რა დროსაც ზ. კ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განაჩენით შეიცვალა: ლ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ელი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2022 წლის 21 ოქტომბრიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. გ-მა ჩაიდინა პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
• 2022 წლის 21 ოქტომბერს, 23:30 საათიდან 23:52 საათამდე დროის პერიოდში, -- ტერიტორიაზე, ლ. გ-მა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და პოლიციელების საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის, კერძოდ, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზნით, უნომრო, „BMW X6“ მოდელის ავტომანქანა, რომელსაც თვითონ მართავდა, უკანა, სწრაფი სვლით განზრახ დააჯახა ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ----ის მთავარი სამმართველოს მე-- სამმართველოს უფროსის მოადგილის – ზ. კ-ას – მართვის ქვეშ მყოფი „ტოიოტა კოროლას“ მარკის პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით – -) და ეცადა პოლიციელებისაგან მიმალვას. შემთხვევის ადგილის გაქცევის შემდეგ მასზე განხორციელდა დევნის ღონისძიება. პოლიციისგან გაქცევის მცდელობისას --ჩიხში მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე, ლ. გ-მა ავტომანქანა რამდენჯერმე განზრახ დააჯახა „ტოიოტა კოროლას“ პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანას, ასევე – დასახმარებლად მისულ საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, ეკიპაჟის ნომრით – --, ავტომანქანიდან გადმოსვლისას კი ფიზიკურად იძალადა ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ----ის მთავარი სამმართველოს - სამმართველოს უფროსის მოადგილეზე – ზ. კ-აზე, კერძოდ, ხელი დაარტყა წარბის არეში, რა დროსაც ზ. კ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი გურამ კრავეიშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ლ. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. მსჯავრდებულ ლ. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ხ. შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (მაგალითად, იხ. სუსგ: №698აპ-21, №1392აპ-23, №23აპ-16, №1130აპ-23).
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედება სწორად არ დააკვალიფიცირა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლოში წარმოდგენილი, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა, რომ ლ. გ-ის ქმედებაში ცალსახად გამოკვეთილი იყო ბრალად წარდგენილი დანაშაულის – პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით – შემადგენლობა და მისი ქმედება შეფასდა, როგორც პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. შესაბამისად, ლ. გ-ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით კანონიერია და, განსახილველ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესი, ხოლო დამატებით – პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე – მათი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და საკუთრება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ, თავდასხმაში. თავდასხმა არის აგრესიული აქტი, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა. სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ელი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მათ სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მათი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება უნდა უკავშირდებოდეს ხელისუფლების წარმომადგენლის – პოლიციელის – სამსახურებრივ საქმიანობას. აუცილებელია ქმედების მოტივის გარკვევა, არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე, ანდა კანონში მითითებულ ობიექტზე, განხორციელებულ ხელყოფას შორის.
11. საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებითი ობიექტი – მისი პირადი უსაფრთხოება (ჯანმრთელობა, ხელშეუხებლობა, პირადი თავისუფლება). ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ ქმედებაში: ა) პოლიციის მუშაკის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში (საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით); აგრეთვე ბ) აშკარად უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში. კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი. კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას. ამასთან, ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
12. საკასაციო სასამართლოს მიერ აღნიშნულ დანაშაულთა შემადგენლობებთან მიმართებით განმარტებულია (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N468აპ-20) შემდეგი: იმისათვის, რათა სამართლებრივად სწორად შეფასდეს დავის საგნად ქცეული ქმედების კვალიფიკაცია, უნდა გაივლოს ზღვარი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობასა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას შორის; უნდა გაიმიჯნოს ამ დანაშაულთა შემადგენლობებისთვის სავალდებულო ნიშნები და დადგინდეს: პოლიციელთა ჯანმრთელობის ხელყოფა იყო დანაშაულებრივი მიზნის მიღწევის საშუალება თუ წარმოადგენდა ხელყოფის უშუალო ობიექტს; მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს, მსჯავრდებულის ქმედება მიზნად ისახავდა პოლიციის მუშაკებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მათი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, რასაც თან სდევდა დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა თუ მისი ქმედებები პირდაპირ იყო მიმართული, პოლიციელების საქმიანობიდან გამომდინარე, მათი ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ.
13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ ლ. გ-ის მიზანი იყო პოლიციელთა საქმიანობისათვის, კერძოდ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ძალადობით ხელის შეშლა და შეწყვეტა ან შეცვლა (პოლიციელებისაგან თავის დაღწევა), არის მართებული და გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური ანალიზიდან. პროკურორის პოზიციისა და ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, ბრალდების მხარეს საქმეში უნდა წარმოედგინა მყარი არგუმენტები და შესაბამისი მტკიცებულებები. წარმოდგენილი მტკიცებულებების პირობებში, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოიპოვება შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი (სამხრე კამერის ჩანაწერი), რომელიც დაადასტურებდა ბრალდების მხარის პოზიციას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს კასატორის პოზიცია, რადგან საქმის მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დგინდება ლ. გ-ის მიერ პოლიციის თანამშრომლის მიმართ თავდასხმა. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ, შესაძლოა, მსჯავრდებულის ქმედებებს თან სდევდა დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა, რაც დადასტურებულია დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა მისი მოქმედებები არ იყო აგრესიული აქტი, რომელიც შეიძლება, შეფასდეს, როგორც თავდასხმა, პოლიციელების საქმიანობიდან გამომდინარე.
14. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ლ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც მსჯავრდებულს დაენიშნა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ლ. გ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებზე დაყრდნობით, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომელიც არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ რომელიმე წინაპირობას.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ----ის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე