საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.07.2024
საქმის ნომერი
2კ-459აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100122005413214

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №459აპ-24 ქ. თბილისი

ბ. ე. 459აპ-24 22 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ტ. რ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. ბ–ს, – დაბადებულს 19..წელს – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2021 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 11:30 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ–ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთში, ე. ბ–მა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანს – 2016 წლის 22 აგვისტოს დაბადებულ ნ. ჩ–ს – მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ესროლა ჯოხი, რომელიც განზრახ მოარტყა წელის არეში, რა დროსაც ნ. ჩ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენით ე. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3 000 ლარი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ე. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ. რ–მ და მოითხოვა ე. ბ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ. რ–მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის განაჩენის გაუქმება, ე. ბ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში –საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს ე. ბ–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ე. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საკასაციო სასამართლო, ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, იმავდროულად, არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ე. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ: სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ე. ბ–ს ქმედებით არასრულწლოვანმა – 5 წლის ნ. ჩ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი – საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას; დაცვის მხარის მიერ დასახელებული ვერსია მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ დაუსაბუთებელია და წარმოადგენს კასატორის უსაფუძვლო პოზიციას.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ნ. ჩ–ს ჩვენება 2021 წლის 16 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან (ე. ბ–მა ნ. ჩ–ს ზურგში ესროლა დიდი ჯოხი, რაც ნ. ჩ–ს ეტკინა და დაიწყო ტირილი) დაკავშირებით სრულად თანხვდენილია შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების: არასრულწლოვან გ. ჩ–სა და მოწმე თ. ბ–ის ჩვენებებთან.

11.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ნ. ჩ–ს მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტს, ასევე ბეჭისა და მხრის მიდამოში სისხლჩაქცევების არსებობის ფაქტს ადასტურებენ როგორც დეტექტივი მ. ტ–ი, ისე მოწმე ი. ბ–ი, მოწმის სახით დაკითხული პედიატრი ლ. გ–ი და ექსპერტი – პ. ჯ–ე, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

12. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ე. ბ–ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ე. ბ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ტ. რ–ს საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშველად;

2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვან დაზარალებულ – ნ. ჩ–ს და მის კანონიერ კანონიერ წარმომადგენლს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე