დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123008366887
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №598აპ-24 ქ. თბილისი
მ. დ., 598აპ-24 1 აგვისტო, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. მ–ს, - დაბადებულს 2.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, დ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 16 ნოემბერს, თ. დ–ს მოთხოვნის საფუძველზე, დ. მ–ს-ს მიმართ, ვისთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღით. აღნიშნულის საფუძველზე, დ. მ–სს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან – თ. დ–სთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა; ასევე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება.
მიუხედავად იმისა, რომ დ. მ–ს- გაფრთხილებული იყო შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მან მაინც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ: იმავე დღეს – 2023 წლის 16 ნოემბერს, ღამის საათებში, მივიდა თ. დ–ს საცხოვრებელ ბინასთან, მდებარე ქ. თ.......... და სთხოვდა სახლში შეშვებას.
აღნიშნულით დ. მ–სმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რითაც თ. დ–ს მიადგა მორალური სახის ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 იანვრის განაჩენით:
3.1. დ. მ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი;
3.2. დ. მ–სს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო – 2023 წლის 16 ნოემბრიდან - 2023 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ დ. მ–ს დაეკისრა მოვალეობა – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ, რომელმაც ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ დ. მ–ს-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ – დავით ხვედელიძემ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით და დ. მ–ს-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. მ–ს-ს საქართველის სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება დ. მ–ს-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა (რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ). იმავდროულად, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის დანიშნული სასჯელის კანონიერებას.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ზომის შესახებ, ასევე არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას სასჯელის დასაბუთებასთან დაკავშირებით, კერძოდ:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის განაჩენით დ. მ–სს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით - დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის მხედველობაში მიღებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა მუხლის სანქციით დადგენილი მაქსიმალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებზე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის ზომის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 7 ივლისის განაჩენი N14აპ-22; ასევე - 2023 წლის 8 მაისის განაჩენი N150აპ-23). კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
6. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით“.
7. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახის წევრად, მათ შორის, მიიჩნევიან პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
8. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული წესი მხედველობაში არ მიიღება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე.
9. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე მითითება თავისთავად არ განაპირობებს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენების აუცილებლობას, რადგან საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლი განსაზღვრავს ოჯახური დანაშაულის ცნებასა და კვალიფიკაციის საკითხს, ხოლო ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის წესს ადგენს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2-4 ნაწილები.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გამოცემა უკავშირდებოდა დ. მ–ს-ს მიერ თ. დ–ს (ვისთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას) მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას. შესაბამისად, დ. მ–ს-ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედების - საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას გვაძლევს ოჯახის წევრის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დამატებით ობიექტს წარმოადგენს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის გამოყენება - საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის გამო - გამოიწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმართლებელ დამძიმებას (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის N14აპ-22 განაჩენი, II-15; ასევე - 2023 წლის 8 მაისის განაჩენი N150აპ-23). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის გამო მსჯავრდებულისათვის სასჯელის ხანგრძლივობის საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით განსაზღვრის შესახებ.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა დ. მ–სმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული, რომელსაც აღიარებს და ინანიებს, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და ჩადენილი ქმედების ხასიათის, შედეგების, დანაშაულის ჩადენის მოტივის, მიზნის, ხერხისა და მოვალეობათა დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სასჯელის სახით განსაზღვრული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთა - ხანგრძლივობა - 1 წელი - არ შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და ზედმეტად მკაცრია. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. მ–სს დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელი ვადა თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა.
13.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, ხოლო დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის სასჯელის სამართლიანობას. შესაბამისად, სასამართლო საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე მოკლებულია გასაჩივრებული განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის შესაძლებლობას.
14. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7).
15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისთვის სპეციალური და ზოგადი პრევენციის მნიშვნელობას და იმ გარემოებას, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება).
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. მ–ს სასჯელის სახედ განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი, ხოლო სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.
17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მის უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ..... თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96). შესაბამისად, არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე