შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 09.08.2024
საქმის ნომერი
2კ-619აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.08.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100121004313302

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №619აპ-24 ქ. თბილისი

გ. ბ., 619აპ-24 9 აგვისტო, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვალერი კუჭუხიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. გ–ს მიმართ.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. გ–ს, – დაბადებულს 1... წელს, (პ/ნ №..........) – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. გ–სს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 22:09 საათზე, ქ... საჯარო სკოლის წინ გამავალ საავტომობილო გზაზე, „ლექსუსის“ მოდელის (სახელმწიფო ნომრით ............) ავტომობილით ..... ქუჩიდან ს.... მიმართულებით დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას, ბ. გ–მმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, „მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცული იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება“, დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ა. გ–სს, რომელიც გზას კვეთდა სწრაფი სირბილით მარცხნიდან მარჯვნივ. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას მიღებული დაზიანებების გამო ა. გ–ს საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენით:

3.1. ბ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. მასვე, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

3.3. ბ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ ბ. გ–სს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. გ–მემ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენის გაუქმება, ბ. გ–სს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

4.1. მსჯავრდებულმა ბ. გ–მმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ზ. ჯ–მ და გ. გ–მ დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვეს ბ. გ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენით დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. კერძოდ,5.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენში ბ. გ–ს მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

5.2. ბ. გ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 წელი და 8 თვე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი – 1 წელი და 4 თვე თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

5.3. ბ. გ–ს 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

5.4. ბ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 03 თებერვლიდან.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვალერი კუჭუხიძემ, რომელიც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენში ცვლილებას და ბ. გ–სსათვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. ამასთან, კასატორი უთითებს, რომ არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მსჯავრდებულმა ბ. გ–მმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა (სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს) და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხოლოდ ბოლო სხდომაზე განაცხადა ბრალის აღიარების შესახებ, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გამოძიებასთან თანამშრომლობად, ამასთან, გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას მან არ აღიარა წარდგენილი ბრალი (მისცა ჩვენება, რომელიც აშკარა წინააღმდეგობაში მოვიდა გამოძიებით დადგენილ გარემოებებთან და თავიდანვე, მისი ძალისხმევა მიმართული იყო ობიექტური, რეალური გარემოებების დადგენის საწინააღმდეგოდ, რაც გამორიცხავს გამოძიებასთან მის თანამშრომლობას), წინასამართლო სხდომაზე სადავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, წარმოადგინა ალტერნატიული ექსპერტიზის (გამამართლებელი) დასკვნა, კომისიური ექსპერტიზის (სხვა ექსპერტების შემადგენლობით) ჩატარების შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემდეგ, სასამართლოს ნებართვით ჩაატარა ალტერნატიული კომისიური ექსპერტიზა. მსჯავრდებული გამოძიების ეტაპიდან სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპამდე (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში საბოლოო სიტყვით სარგებლობის ჩათვლით) კატეგორიულად უარყოფდა დანაშაულის ჩადენას და ხელს უშლიდა მართლმსაჯულებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ პროკურორ ვალერი კუჭუხიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დავის საგანს არ წარმოადგენს ბ. გ–სს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია - მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა და კანონიერება.

3.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ ბ. გ–სს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სასამართლოში გამოკველული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლის დ. გ-ის ჩვენებით, მოწმეების: ი. გ-ს, ნ. ბ-ს, ი. ს-ის, ზ. გ-ს, თ. დ–ის, ლ. ფ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების ოქმით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N.... დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის N.... დასკვნით, კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით.

4. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).

5. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

5.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გასაჩივრებული განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 წელი და 8 თვე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი – 1 წელი და 4 თვე თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; ხოლო 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

5.1.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი სადავოდ ხდის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას – გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოხდის ფორმას და ითხოვს ძირითადი სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის გარეშე. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და იმ გარემოებას, რომ ბ. გ–ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით სასჯელის სახით დანიშნული ჰქონდა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ბრალდების მხარეს სააპელაციო სასამართლოში არ გაუსაჩივრებია.

6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მსჯავრდებულ ბ. გ–სს მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებასთან დაკავშირებით. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობა: ბრალდებულის (მსჯავრდებული) მიერ დანაშაულის აღიარება (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე); დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელება და თანამშრომლობა გამოძიებასთან (მაგალითისთვის: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება №305აპ-21).

6.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ ბ. გ–ს თანამშრომლობდა გამოძიებასთან. კერძოდ, 2020 წლის 20 ივნისის გამოკითხვის ოქმის თანახმად (იხ.: ტ. 1. ს.ფ. 38-40), ბ. გ–სს მიერ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაცია არ დადასტურდა შემდგომში ჩატარებული 2020 წლის 3 აგვისტოს N... ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნითა და 2021 წლის 24 ივნისის N... კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით. კერძოდ,6.2. 2020 წლის 20 ივნისის გამოკითხვის ოქმში ბ. გ–ს არ აღიარებდა მისთვის მსჯავრად შერაცხილი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენას;

6.3. 2020 წლის 3 აგვისტოს ავტოტექნიკური ექსპერტიზის N....- დასკვნით დადგინდა, რომ გამოძიებით დადგენილ ვითარებაში მძღოლ ბ. გ–სს მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1 მუხლის მოთხოვნებს, რომლის დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება; ქვეითად მოსიარულე ა. გ-ის მოქმედება არ საჭიროებდა ექსპერტ-ავტოტექნიკოსის სპეციალური ცოდნის გამოყენებას და აღნიშნული საკითხი შესაძლებელი იყო გადაწყვეტილიყო გამოძიების მიერ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24.8 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

6.4. ბ. გ–მმა გამოძიების ეტაპზე მეორედ, 2020 წლის 18 დეკემბერს, გამოკითხვისას თავი შეიკავა გამოძიებისათვის ინფორმაციის მიწოდებისაგან (იხ.: ტ.1, ს.ფ. 126-128).

6.5. 2021 წლის 20 იანვარს (მას შემდეგ რაც 2020 წლის 18 დეკემბერს გადაეცა ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარებული 2020 წლის 3 აგვისტოს N... ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ბ. გ–სს მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1. მუხლის მოთხოვნებს, რომლის დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება) ბ. გ–მა განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება, იმის დასადგენად, მის ქმედებაში შეინიშნებოდა თუ არა საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა და მოცემულ ვითარებაში შეეძლო თუ არა მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

6.6. 2021 წლის 24 ივნისის N... კომისიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მძღოლ ბ. გ–სს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველ პუნქტს და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

6.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს 2021 წლის 1 ივლისს გადაეცა 2021 წლის 24 ივნისის კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნა, რის შემდეგაც, 2021 წლის 19 ივლისს მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც. მ-მა განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება (იხ.: ტ.2, ს.ფ. 36).

7. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის სხდომის ოქმი 18:02:32-18:02:37) ბ. გ–ს იყენებდა დუმილის უფლებას, საქმის არსებითი განხილვისას თავდაპირველად ჯერ იყენებდა დუმილის უფლებას (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის სხდომის ოქმი 16:25:49-16:25:57) ხოლო, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, როგორც ჩვენების მიცემისას, ასევე საბოლოო სიტყვის ეტაპზე ბ. გ–მმა მიუთითა, რომ მან ყველაფერი გააკეთა ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან ასარიდებლად (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი 14:44:38-15:00:32; 2023 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი 19:42:41-19:43:42). ამასთან, მსჯავრდებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, რასაც მხარი დაუჭირა ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას (იხ.: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ოქტომბრის სხდომის ოქმი 13:37:57-13:43:27) და სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ ბოლო სხდომაზე 2024 წლის 15 თებერვალს, საქმის განხილვისას, დასკვნითი სიტყვის ეტაპზე დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა – მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება და თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში (იხ.: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის სხდომის ოქმი 12:27:51-12:33:13).

7.1. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიზნის, დანიშნულების და იმპერატიული ხასიათიდან გამომდინარე, სამართალწარმოების მიმდინარეობისას მსჯავრდებულ ბ. გ–სს ქმედება ვერ შეფასდება გამოძიებასთან თანამშრომლობად, რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობას (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენი საქმეზე N 444აპ-23, II- 6.1; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება N 878აპ-22, პარ. 10).

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ბ. გ–სს მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებისას დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა კანონშეუსაბამოა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საკანონმდებლო დანაწესს, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოთხოვნა ამ ნაწილში კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვალერი კუჭუხიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ბ. გ–ს ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. მასვე, 2 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

5. ბ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 3 თებერვლიდან;

6. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი