საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.09.2024
საქმის ნომერი
2კ-457აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100121004745869

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №457აპ-24 ქ. თბილისი

ხ. მ. 457აპ-24 9 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: მ. ხ–ს - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ხ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020-2021 წლების პერიოდში, მ. ხ–ე ნ. ხ–ს ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ მრავალგზის შევიდა ა–ს რაიონის სოფელ .......–ში მდებარე ნ. ხ–ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლსა და საცხოვრებელი სახლის ეზოში, რითაც დაარღვია ნ. ხ–ს მფლობელობის ხელშეუხებლობა;

2.2. 2019 წლის შემოდგომაზე, ა–ს რაიონის სოფელ .... ნ. ხ–სის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მ. ხ–ე ქონების განადგურებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ხ–სეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.3. 2021 წლის 28 თებერვალს, ა–ს რაიონის სოფელ .....ში ნ. ხ–ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მ. ხ–ე ქონების განადგურებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ხ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.4. 2021 წლის 22 აპრილს ქ. თ–ში, ........ს N..-ში მდებარე თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობაში, მ. ხ–ე ქონების განადგურებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ხ–ს, რა დროსაც ნ. ხ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენით:

3.1. მ. ხ–ე საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. მ. ხ–ე საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის შემოდგომის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.3. მ. ხ–ე საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.4. მ. ხ–ე საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.5. გამართლებულ მ. ხ–ს განემარტა, რომ უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ და მოითხოვა მ. ხ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს გამართლებულმა მ. ხ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. მ–მა და მოითხოვეს თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება. კერძოდ,5.1. მ. ხ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (სამი ეპიზოდი - 2019 წლის შემოდგომის, 2021 წლის 28 თებერვლის და 2021 წლის 22 აპრილის ეპიზოდები);

5.2. მ. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. ხ–მ და მისმა ადვოკატმა მ. მ–მა, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, მ. ხ–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს მ. ხ–ს გამართლებას.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (მათ შორის: დაზარალებულ ნ. ხ–ს ჩვენებას, მოწმე ნ. ა–ის ჩვენებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებას, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმს, ნ. ხ–ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და სათავსოების დათვალიერების ოქმს, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, საჯარო რეესტრის ამონაწერებს და სხვა მტკიცებულებებს), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ. ხ–ს მიერ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლას, რომელიც არღვევს ბინისა და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.

10. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებას (რომელიც საბოლოოა და აღარ გასაჩივრდება) რომლითაც დგინდება, რომ ა–ს რაიონის სოფელ .....ში, ა–ს ქუჩაზე მდებარე სახლი 1976 წლიდან ირიცხება ნ. ხ–ს საკუთრებად. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნ. ხ–სის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალტის 2002 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ხ–ს სარჩელი ნაწილობრივ იყო დაკმაყოფილებული და მ. ხ–ე ცნობილი იყო ა–ს რაიონის სოფელ .....ში, ა–ს ქუჩაზე მდებარე, ნ. ხ–ს სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული სახლის თანამესაკუთრედ.

11. საჯარო რეესტრის ამონაწერით (2012 წლის 27 ივლისის მდგომარეობით) დგინდება, რომ ა–ს რაიონის სოფელ .....ში, საკარმიდამო ნაკვეთის (დაზუსტებული ფართობი: 1381 კვ.მ. განაშენიანების ფართი მითითებულია) საკადასტრო კოდით - N... მესაკუთრეები არიან: ნ. ხ–ე და ნ. ა–ე.

12. 2016 წლის 20 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე ა–ს რაიონის სოფელ .......ში, 1381 კვ.მ. საკადასტრო კოდით - N ..........– გამყიდველებმა – ნ. ხ–მ და ნ. ა–მ 16 000 აშშ დოლარად მიჰყიდეს ნ. ხ–ს.

13. საჯარო რეესტრის ამონაწერით (2017 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით), ა–ს რაიონის სოფელ ........ში, საკარმიდამო ნაკვეთის (დაზუსტებული ფართობი: 1381 კვ.მ. განაშენიანების ფართი მითითებულია) საკადასტრო კოდით - N ......... მესაკუთრეა ნ. ხ–ე.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ხ–ს, ნ. ხ–სა და ნ. ა–ს სააპელაციო საჩივარი; თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების (რომლითაც დაკმაყოფილდა მ. ხ–სის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეების - ნ. ხ–ს, ნ. ხ–სა და ნ. ა–ს მიმართ 2016 წლის 20 აპრილის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამოწმებული უძრავი ნივთის - საკადასტრო კოდით - N ........ ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ნივთი დაუბრუნდა პირვანდელ მესაკუთრეებს - ნ. ხ–სა და ნ. ა–ს) შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ხ–ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მ. ხ–სის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

15. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ნ. ხ–ს ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ ადვოკატია და მ. ხ–ს დის - ნ. ხ–ს ინტერესებს იცავდა. და-ძმას შორის ქონებრივი დავა მიმდინარეობდა საცხოვრებელ სახლზე. სასამართლომ ნ. ხ–ს მთლიანი სახლი არგუნა. 2015 წელს ეს სახლი ნ. ხ–სისგან შეიძინა 17 000 დოლარად. ფაქტობრივად, ბინას 2016 წლის იანვრიდან ფლობდა. სახლის რეგისტრაციის შემდეგ მ. ხ–ე მის (დაზარალებულის) ბინაში შედიოდა და რაღაცეებს აფუჭებდა, მას კი ემუქრებოდა - აქვე უნდა დაგმარხოო. სახლში მ–მ შეიტანა თავისი ნივთები: საწოლი, გაზი. დაზარალებულმა სახლს სამჯერ დაადო ბოქლომი, თუმცა მ–მ სამჯერვე დაამტვრია. ერთხელ მ–მ ფანჯარა ჩაუმტვრია და ისე შევიდა სახლში. ზუსტი თარიღი არ ახსოვს, მ–მმ დაჭრა ხეხილი და დასაწვავად გაამზადა. 2021 წლის თებერვალში, მ–მ შესული იყო მის სახლში, რის გამოც დაზარალებული მივიდა პოლიციაში და განცხადება დაწერა.

16. სასამართლო ითვალისწინებს მოწმე ნ. ა–ს ჩვენებას. მოწმის განმარტებით მ. ხ–ე მისი დედის ძმაა. მ–მ დედამისს ბევრჯერ მიაყენა შეურაცხყოფა და დაემუქრა. დედამისსა და მ–ს შორის მომხდარი კონფლიქტი ბინიდან წარმოშობილ დავას უკავშირდებოდა, დავა 2001 წელს დაიწყო. ბინა დედამისს არგუნეს და შემდეგ სასამართლომ დედამისს დააკისრა ფინანსური ვალდებულება, მ. ხ–სთვის უნდა გადაეხადა 40 000 დოლარი, თუმცა არ გადაუხდია. ეს ბინა ამჟამად ნ. ხ–ს სახელზეა. დედამისმა ნათიას 17 000 დოლარად მიჰყიდა. მ–მ ბინა გაუტეხა ნ. ხ–ს და საცხოვრებლად შევიდა სახლში. ეს არ იყო ერთჯერადი ფაქტი.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა–ს რაიონის სოფელ .......ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოსა და მიწის ნაკვეთში (საკადასტრო კოდით - N .......; 1381 კვ.მ.) შესვლის და იქ ყოფნის ფაქტს ადასტურებს თავად მსჯავრდებული მ. ხ–სეც და უთითებს, რომ მას აღნიშნულის უფლება ჰქონდა.

18. სასამართლო არ იზიარებს მსჯავრდებულ მ. ხ–ს პოზიციას და ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ა–ს რაიონის სოფელ .......ში, 1381 კვ.მ. საკადასტრო კოდით - N .......... (საცხოვრებელი სახლი ეზოთი და მიწის ნაკვეთით), 2016 წლის 20 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენდა ნ. ხ–ს საკუთრებას, რაც დასტურდება ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერებით. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ხ–ს სარჩელი 2016 წლის 20 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ მ. ხ–ს არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი შესულიყო ნ. ხ–ს საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მ. ხ–ე, 2020-2021 წლებში, ნ. ხ–ს ნების საწინააღმდეგოდ, არაერთხელ შევიდა ნ. ხ–ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლსა და საცხოვრებელი სახლის ეზოში და დაარღვია ნ. ხ–სის მფლობელობის ხელშეუხებლობა.

19. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ. ხ–ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ. ხ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

21. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

22. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. მ–ს საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე