საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.09.2024
საქმის ნომერი
2კ-518აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №518აპ-24 თბილისი

გ-ი ნ., 518აპ-24 23 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. გ-ის ადვოკატ მ. ვ-ისა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ნ. გ-ს ბრალად დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი), რაც გამოიხატა შემდეგით: 2022 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით, 20:30 საათიდან 20:45 საათამდე პერიოდში, თ-ში, წ-ის გზატკეცილზე, -ის №--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ნ. გ-მა განზრახ მოკვლის მიზნით არაერთი ფიზიკური დაზიანება მიაყენა ა. თ-ს, კერძოდ: არაერთი დარტყმის შედეგად, დაზარალებულს სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები ჰემატომის, შეშუპების, ნაფლეთოვანი ჭრილობისა და ფრაგმენტული მოტეხილობის სახით; ასევე, აღენიშნებოდა თავის ტვინის გარსებს შორის სისხლჩაქცევა, ცხვირის ძვლების, ყვრიმალისა და ზედაყბის ძვლების მოტეხილობა, ქალატვინის დახურული ტრავმა, თავის რბილი ქსოვილების ზედაპირული ტრავმა. ა. თ-ს, რომლისთვისაც მიყენებული დაზიანებები წარმოადგენდა სიცოცხლისათვის სახიფათოს, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 სექტემბრის განაჩენით:

§ ნ. გ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

§ ნ. გ-ი, -, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 29 დეკემბრიდან.

3. განაჩენის მიხედვით, ნ. გ-ს მსჯავრად დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი, სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი).

4. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2022 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით, 20:30 საათიდან 20:45 საათამდე პერიოდში, თ-ში, წ-ის გზატკეცილზე, -ის №--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ნ. გ-მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არაერთი ფიზიკური დაზიანება მიაყენა ა. თ-ს, კერძოდ: არაერთი დარტყმის შედეგად დაზარალებულს სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები ჰემატომის, შეშუპების, ნაფლეთოვანი ჭრილობისა და ფრაგმენტული მოტეხილობის სახით; ასევე, აღენიშნებოდა თავის ტვინის გარსებს შორის სისხლჩაქცევა, ცხვირის ძვლების, ყვრიმალისა და ზედაყბის ძვლების მოტეხილობა, ქალატვინის დახურული ტრავმა, თავის რბილი ქსოვილების ზედაპირული ტრავმა. ა. თ-ისათვის ნ. გ-ის მიერ მიყენებული დაზიანებები წარმოადგენს სიცოცხლისათვის სახიფათოს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

Ш მსჯავრდებულ ნ. გ-ის ადვოკატმა – მ. ვ-მა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ნ. გ-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამავე კოდექსის 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება ან შეფარდებული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება;

Ш თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; ნ. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და თავისუფლების აღკვეთის სახით მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განაჩენით პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

Ш მსჯავრდებულ ნ. გ-ის ადვოკატმა – მ. ვ-მა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ნ. გ-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამავე კოდექსის 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას ან შეფარდებული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას;

Ш თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ნ. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, ნ. გ-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და განუსაზღვრა დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი სასჯელი. სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ნ. გ-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, როგორც კვალიფიკაციის, ასევე, სასჯელთან მიმართებით, რომელსაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

11. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. გ-ის ადვოკატ მ. ვ-ისა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე