საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.09.2024
საქმის ნომერი
2კ-918აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100121004541490

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №918აპ-24 24 სექტემბერი, 2024 წელი

ღ–ე შ., №9186აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ღ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. შ. ღ–ე (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2021 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ–ში, რ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს, შ. ღ–მ ნ. ჯ–ს მიმართ ჯგუფურად განახორციელა ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, სახის არეში ხელებით მიაყენა მსუბუქი ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები ნაჭდევების სახით, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. აღნიშნულით ნ. ჯ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენით შ. ღ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2500 ლარი.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ შ. ღ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. გ–მ და თ. ნ–მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, წარდგენილი ბრალდებით შ. ღ–ს უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენში. კერძოდ, შ. ღ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1500 ლარი.

3.2. 2024 წლის 18 ივლისს, მსჯავრდებულმა შ. ღ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან საქმეში არ არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უტყუარად დაადასტურებდა შ. ღ–ს ბრალეულობას. სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა მოწმეთა ჩვენებებს და გამამტყუნებელი განაჩენი დააფუძნა მხოლოდ ვარაუდს. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ საქმეზე გამოკითხული მოწმეები არიან დაზარალებულ ნ. ჯ–ს ოჯახის წევრები, რომლებიც შეეცადნენ, გამოძიებასა და სასამართლოში ჩვენების მიცემისას, დაემალათ ნ. ჯ–ს მხრიდან მ. ს–იზე ძალადობის ფაქტი, რომლის ინიციატორიც იყო თავად ნ. ჯ–ე. კასატორი ასევე უთითებს, რომ პირადად მას ნ. ჯ–სთან კონფლიქტი არ ჰქონია და არც სახე ჩამოუკაწრავს. სავარაუდოდ სახის არეში არსებული დაზიანება ნ. ჯ–სემ მ. ს-თან ფიზიკური დაპირისპირებისას მიიღო. მოწმე მ. ს–იმა დაადასტურა, რომ მას ჩხუბი მოუხდა უცნობთან, რომელმაც ხელი მოუჭირა კისერში და ახრჩობდა. ჩხუბის დეტალებზე ისაუბრა თვითმხილველმა მოწმე - შ. ხ–იმაც. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დასტურდება მისი უდანაშაულობა, თუმცა შ. ხ–იის ჩვენება განაჩენში ასახული არ არის და იგი არ შეუფასებია სასამართლოს. მოწმემ დეტალურად აღწერა შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები და განმარტა, რომ მის შვილსა და ნ. ჯ–ს შორის მომხდარ კონფლიქტს შეესწრნენ მეზობლები, მათ შორის - მ. დ–ე, რომელიც ცდილობდა მათ გაშველებას. აღნიშნულის შემდეგ, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოწმე მ. დ–ს დაკითხვის შესახებ, თუმცა 2023 წლის 8 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოწმის მიერ სამ საათიანი ლოდინის მიუხედავად, სასამართლომ დროის უქონლობის მოტივით უარი განაცხადა მოწმის დისტანციურად დაკითხვაზე. შესაბამისად, დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა სასამართლო სხდომაზე დაეკითხა ნეიტრალური მოწმე, რომელიც დაადასტურებდა კასატორის უდანაშაულობას. მოგვიანებით დაცვის მხარემ ვეღარ შეძლო ემიგრაციაში მყოფ მოწმესთან დაკავშირება. კასატორი ასევე უთითებს, რომ შ. ხ–ი სასამართლოში მოწმედ დაიკითხა 2022 წლის 30 ნოემბერს, ბრალი კი წარედგინა 2023 წლის აპრილში, რის შემდეგაც მისი გამოკითხვის ოქმი მტკიცებულებად დაერთო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს და შ. ხ–ს მიმართ ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე. შ. ხ–ი დაისაჯა იმის გამო, რომ მან სასამართლოს მისცა ობიექტური ჩვენება და ისაუბრა ბრალდების მხარის მიერ დაშვებულ შეცდომებსა და შ. ღ–ს უდანაშაულობაზე. მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებიდან არაერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო ბრალდების მხარემ, რათა ნ. ჯ–სა და მისი ოჯახის წევრებისათვის თავიდან აერიდებინათ მ. ს–ზე განხორციელებული ძალადობისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობა. კასატორი ასევე უთითებს, რომ გამომძიებელმა ისე მოაწერინა გამოკითხვის ოქმზე ხელი, რომ მისი შინაარსი არ გააცნო, რითაც დაირღვა მისი უფლებები. ბრალის წარდგენისას მან გააპროტესტა გამომძიებლის უკანონო მოქმედება და უარი განაცხადა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაზე ხელის მოწერაზე, რადგან მას ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია, მითუფრო ჯგუფურად. ნ. ჯ–მ მომხდარიდან 3-4 დღის შემდეგ მხოლოდ სახის არეში არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით ჩაიტარა ექსპერტიზა, მთლიანი სხეულის დათვალიერებაზე კი უარი განაცხადა. ამასთან, გამომძიებელმა დაზარალებულის ოჯახის წევრები ერთ დღეს გამოკითხა. მათი ჩვენებები კი არის იდენტური და არასარწმუნო, რადგან მათ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას უმარტივეს შეკითხვებს ვერ გასცეს პასუხი. მხოლოდ იმას უთითებდნენ, რომ დაინახეს შ. ღ–ე როგორ პორჭყნიდა ნ. ჯ–ს სახეს, თუმცა რომელი მხრიდან, ან სად იდგა იგი ვერ გაიხსენეს. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ მას ნ. ჯ–სთან კონფლიქტი ან სიტყვიერი დაპირისპირება არ ჰქონია. კონფლიქტი მოხდა მეზობლებს შორის, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რაშიც ჩაერთნენ ნ. ჯ–ს ოჯახის წევრებიც. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, დაზარალებულმა ნ. ჯ–სემ განმარტა, რომ მას შ. ღ–სგან არაფერი უნდოდა და მისთვის არ უჩივლია. კასატორის პოზიციით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა მისი და შ. ხ–ს მხრიდან დაზარალებულისთვის დაზიანებების მიყენების ფაქტი, ადგილი ექნებოდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებას - აუცილებელ მოგერიებას, რადგან მას არ ჰქონდა მოტივი თავს დასხმოდა დაზარალებულს. იგი მხოლოდ სიტუაციის განეიტრალებას შეეცადა, რადგან დაზარალებული იყო აგრესიული და კვლავ შეეცდებოდა მ. ს–ზე ახალი თავდასხმა განეხორციელებინა, რომელიც კისრით ჰყავდა ა. ჯ–სეს დაჭერილი. ნ. ჯ–ს მოულოდნელი თავდასხმა, ხმამაღლა გაცხადებული მუქარის გათვალისწინებით იყო რეალურად საშიში და მ. ს–სთვის დაზიანების მიყენების შემთხვევაშიც კი მას გაუჩნდებოდა სამართლებრივი სიკეთის - სხვისი ჯანმრთელობის/სიცოცხლის დაცვის სურვილი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას. იგი მხოლოდ სიტუაციის გამწვავების შემდეგ ჩაერთო ნ. ჯ–ის მიერ დაწყებულ ძალადობაში. იმ დროს, როდესაც ნ. ჯ–ე უკვე მეორედ მიიწევდა მ. ს–ს საცემად, იგი შეეცადა სიტუაციის განეიტრალებას და სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვას, რის გამოც ნ. ჯ–ს კაპიშონზე მოჰკიდა ხელი და სცადა მისი დაქაჩვა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შ. ღ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს შ. ღ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას შ. ღ–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ნ. ჯ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2021 წლის 12 თებერვალს მან ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ შ. ღ–ე წინა დღეს მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა. ამის შემდეგ მას დაუძახეს საქმის გასარჩევად, რა დროსაც ქუჩაში შელაპარაკება მოუხდა შ. ხ–ს შვილთან - მ. ს–თან. მასსა და მ. ს–ის შორის მოხდა ფიზიკური კონფლიქტი და მათი გაშველების მიზნით მას დედამ - ნ. ლ–მ შემოჰხვია ხელები, მამამ კი შებოჭა ი. ამ დროს მას გვერდით და უკანა მხარეს მყოფმა შ. ხ–მა და შ. ღ–მ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფრჩხილებით დაუკაწრეს სახე, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5.5. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია მოწმეების - ა. ჯ–სა და ნ. ლ–ს ჩვენებებით, რომლებითაც დგინდება, რომ ისინი აშველებდნენ ნ. ჯ–ს და მ. ს–ის, რა დროსაც შ. ღ–სე და შ. ხ–ი მივარდნენ ნ. ჯ–ს და უყვიროდნენ, რომ თვალებს ამოთხრიდნენ, რა დროსაც მათ ნ. ჯ–ს სახის არეში მიაყენეს დაზიანებები. ამასთან, ნ. ლ–მემ დაადასტურა, რომ მან დაინახა როგორ დაუკაწრა შ. ღ–მ სახე ნ. ჯ–ს. აღსანიშნავია ასევე მოწმე ლ. ლ–ს ჩვენებაც, რომლითაც დგინდება, რომ მან დაინახა შ. ღ–ე და შ. ხ–ი თუ როგორ მივარდნენ ნ. ჯ–ს, რომელსაც უყვიროდნენ, რომ თვალებს დასთხრიდნენ და ფრჩხილებით პორჭყნიდნენ. ის, რომ შ. ღ–სემ დაკაწრა ნ. ჯ–ე ასევე დადასტურდა მოწმე გ. ჯ–ს ჩვენებითაც.

5.6. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ექსპერტ ე. ლ–ს ჩვენებასა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N...... დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2021 წლის 15 თებერვალს ნ. ჯ–ს პირადი გასინჯვით გარეგნულად სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე არსებული ნაჭდევი ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება - 2021 წლის 12 თებერვლის თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან 2021 წლის 12 თებერვლის თარიღს. პირადი გასინჯვის მონაცემებით, შესამოწმებელმა ექსპერტს განუმარტა, რომ 2021 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ორ ქალბატონთან მოუხდა შელაპარაკება, რა დროსაც ის სახის მიდამოში ჩამოკაწრეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს. ამავე ჩანაწერით ირკვევა, რომ შემოწმების მომენტში ნ. ჯ–ე ტკივილებს არ უჩიოდა. ნ. ჯ–ს ობიექტურად მარჯვნივ ყვრიმალის მიდამოში აღინიშნებოდა ირიბგანივად მდებარე, ერთმანეთის პარალელური უსწორო ზოლისებრი ფორმის, მოწითალო ფერის, მიმდებარე კანის დონიდან რამდენადმე მაღლა მდებარე ფუფხით დაფარული ნაჭდევები. მასვე მარცხნივ ქვედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა უსწორო ოვალური ფორმის ნაჭდევები. შესამოწმებელ პირს მარცხნივ შუბლის მიდამოში აღენიშნებოდა ირიბ-სიგრძივად მდებარე, უსწორო ზოლისებრი ფორმის ნაჭდევი, მარცხნივ ლოყის მიდამოში ირიბ-სიგრძივად მდებარე, უსწორო ზოლისებრი ფორმის ნაჭდევი; მარცხნივ ქვედა ყბის მიდამოში აღინიშნებოდა ირიბ-განივად მდებარე პარალელური, უსწორო ზოლისებრი ფორმის ნაჭდევი; ასევე, მარცხენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე აღინიშნებოდა ირიბ-განივად მდებარე, უსწორო ზოლისებრი ფორმის ნაჭდევები; გარდა ამისა, მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე აღინიშნებოდა უსწორო ოვალური ფორმის მოყავისფრო, სქელი ფუფხით დაფარული ალაგ ფუფხგაცლილი ნაჭდევი. ყოველივე ზემოაღნიშნული კი მიუთითებს, რომ დაზარალებულს დაზიანებები აღენიშნებოდა სწორედ მის მიერ მითითებულ ადგილებში, ამასთან, მან ექსპერტს კვლევის ეტაპზევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ მასზე ფიზიკურად იძალადა ორმა ქალბატონმა, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის ჩვენებას.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მოწმე შ. ხ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ მან 2021 წლის 12 თებერვალს გაიგო მეზობლების - შ. ღ–ს და ნ. ლ–ს ხმა, რა დროსაც შ. ღ–ე ნ. ლ–ს სთხოვდა, რომ ნ. ჯ–ს სტუმრის შეურაცხყოფის გამო მოეხადა ბოდიში. ამავე საუბარში ჩაერია მისი შვილი - მ. ს–ი, რომელმაც ნ. ლ–ს უთხრა, რომ მის შვილს უნდა მოეხადა ბოდიში, რა დროსაც ნ. ჯ–მ გაიწია მ. ს–სკენ და მას ხელი მოუქნია. ნ. ჯ–ს დასახმარებლად ბიჭებთან მივიდა დაზარალებულის მამა, რომელმაც მარადი კისრით დაიჭირა. იგი გაშველების მიზნით თავადაც ჩაერთო დაპირისპირებულ მხარეებთან და არ გამორიცხავს, რომ გაშველების დროს მისი ხელი შემთხვევით მოხვდა ნ. ჯ–სეს, თუმცა მას დაზარალებულისათვის დაზიანებების მიყენების განზრახვა არ ჰქონია. მოცემულ შემთხვევაში, მოწმე შ. ხ–მა დაადასტურა მის შვილსა და ნ. ჯ–სეს შორის კონფლიქტის არსებობა, თუმცა უარყო ნ. ჯ–სთვის განზრახ დაზიანების მიყენების ფაქტი, რაც ეწინააღმდეგება მოწმეთა ჩვენებებსა დ გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ამასთან, საკასაციო პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს დაზარალებულისა და თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებში, ასევე სხვა მტკიცებულებების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორი კი არ უთითებს რაიმე წონად საფუძველზე, რაც პალატას მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა. გარდა ამისა, შემთხვევიდან სასამართლოში ჩვენების მიცემამდე გასულია გარკვეული პერიოდი და სრულიად შესაძლებელია მოწმეებს და დაზარალებულს არ ახსოვდეთ ყველა დეტალი, თუმცა მათ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოს მიაწოდეს სრული და ამომწურავი ჩვენება. დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და ვერ გახდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

5.8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარემ სრულად არ აწარმოა გამოძიება და არ გამოკითხა თვითმხილველი მოწმეები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და განმარტავს რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება“. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებისა და დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, წარმოედგინათ თავიანთი მტკიცებულებები, მონაწილეობა მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში და ჯეროვნად დაეცვათ თავიანთი პოზიციები. შესაბამისად, ის, რომ ბრალდების მხარემ გამოძიების ეტაპზე არ გამოკითხა მოწმე, არ წარმოადგენს წარდგენილი ბრალდებით შ. ღ–ს გამართლების საფუძველს. ამასთან, მართალია კასატორი უთითებს, რომ სასამართლომ დროის უქონლობის გამო არ დაკითხა დისტანციურად ჩართული დაცვის მხარის მოწმე, თუმცა მისივე განმარტებით, მან შემდეგ სსდომებზე თავადვე ვეღარ უზურნველყო აღნიშნული მოწმის წარმოდგენა. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო სასამართლომ მხოლოდ ერთ სხდომაზე ვერ უზრუნველყო მოწმის დისტანციურად ჩართვა - არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად, ვინაიდან დაცვის მხარეს არ შეზღუდვია შემდგომ სხდომებზე მოწმის წარმოდგენისა და დაკითხვის შესაძლებლობა.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ იგი მხოლოდ სხვისი სამართლებრივი სიკეთის გადასარჩენად მოქმედებდა და ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა, რომ მას შემდეგ რაც ნ. ჯ–ს მშობლებმა სცადეს კონფლიქტის მონაწილეების გაშველება ნ. ჯ–ე აგრძელებდა მ. ს–იზე თავდასხმას, რითაც საფრთხე ექმნებოდა ამ უკანასკნელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მოცემულ შემთხვევაში, ყველა მოწმემ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ იმ დროს როდესაც მ. ს–ი და ნ. ჯ–ე შეჩერებული ჰყავდათ ამ უკანასკნელის მშობლებს, შ. ღ–სე მეორე ქალბატონთან ერთად აგრესიულად და ყვირილით, რომ ამოთხრიდნენ თვალებს, მივარდნენ ნ. ჯ–ს და დაუკაწრეს სახე. შესაბამისად, ადგილი არ აქვს აუცილებელ მოგერიებას და სახეზეა განზრახი დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, დასტურდება შ. ღ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ შ. ღ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე