საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.11.2024
საქმის ნომერი
2კ-1014აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 060100123007993025

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1014აპ-24 ქ. თბილისი

კ–ა ნ., 1014აპ-24 7 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის – ნუგზარ ჯიქიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონულმა პროკურორმა – ნუგზარ ჯიქიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ნ. კ–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. პროკურორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან, არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება ნ. კ–ას ბრალეულობა.

2. გამართლებულ ნ. კ–ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ჟ–ა საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას, ვინაიდან ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. კ–ას ბრალად ედება: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი); ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ეს იგი, სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონო შესვლა, რომელიც არღვევს სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

ü 2023 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე, ს–ს რაიონის სოფელ გ–ში მცხოვრები ნ. კ–ა მივიდა მეზობლად მცხოვრებ გ. და ი. კ–ების საცხოვრებელ სახლთან, შევიდა ეზოში და სრულიად უსაფუძვლოდ, ცეცხლის წაკიდებითა და ცეცხლმოკიდებულ სახლში გამოწვით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ეზოში მყოფ – გ. და ი. კ–ებს, რომელთაც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ü 2023 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე, ს–ს რაიონის …ში მცხოვრები ნ. კ–ა მივიდა მეზობლად მცხოვრებ გ. და ი. კ–ების საცხოვრებელ სახლთან, შევიდა ეზოში და სრულიად უსაფუძვლოდ, ეზოში მყოფ რ. კ–ს მკერდის არეში ერთხელ ჩაარტყა ქვა, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ აღნიშნულს არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ü 2023 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ს–ს რაიონის სოფელ გ–ში მცხოვრები ნ. კ–ა მივიდა მეზობლად მცხოვრებ გ. და ი. კ–ების საცხოვრებელ სახლთან, შევიდა ეზოში და სრულიად უსაფუძვლოდ, ცეცხლის წაკიდებითა და ცეცხლმოკიდებულ სახლში გამოწვით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა გ. და ი. კ–ებს, თან აჩვენებდა ასანთის კოლოფს, რომელთაც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რ. კ–ს კატეგორიული მოთხოვნის გამო, ნ. კ–ამ დატოვა მათი საცხოვრებელი სახლის ეზო.

ü 2023 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებთ 16:35 საათზე, სამტრედიის რაიონის სოფელ გომში მცხოვრებმა ნ. კ–ამ, მეზობლის – რ. კ–ს კატეგორიული მოთხოვნით, დატოვა მისი საცხოვრებელი სახლის ეზო, შემდეგ კვლავ დაბრუნდა, მუქარით და ლანძღვა გინებით უკანონოდ შეიჭრა სახლის ეზოში, რითაც მფლობელების ნების წინააღმდეგ, დაარღვია სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობა.

4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენით ნ. კ–ა, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა ნ. კ–ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით მ. კ–სა და ბ. კ–ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს, უნდა მოეხსნას დადებული ყადაღა.

გამართლებულ ნ. კ–ას განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ნ. კ–ას დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სამტრედიის რაიონული პროკურორის – ნუგზარ ჯიქიძის – მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი, უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა ნ. კ–ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულებმა – გ. და ი. კ–ებმა – განმარტეს, რომ 2023 წლის 28 აგვისტოს, საღამო ხანს, ნ. კ–ა მათ დაემუქრათ ამოწვით, ასევე, რ. კ–ს ქვა ჩაარტყა გულის არეში. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი მეზობელი – ლ. ნ–ე. დაზარალებულები ასევე უთითებენ, რომ ნ. კ–ა მათ გადაწვით დაემუქრათ 2023 წლის 5 სექტემბერსაც და ამავე დღეს იგი შეიჭრა მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში. დაზარალებულების განმარტებით, 2023 წლის 5 სექტემბრის ფაქტებს არავინ შესწრებია.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, 2023 წლის 28 აგვისტოსა და იმავე წლის 5 სექტემბერს ნ. კ–ას მუქარას დაზარალებულებისადმი, რ. კ–სათვის ქვის ჩარტყმას და კ-ების საცხოვრებელი სახლის ეზოში შეჭრას. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულების ჩვენებებისგან არსებითად განსხვავებული ჩვენება მისცა შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა მოწმემ, ლ. ნ–მ, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ 2023 წლის 28 აგვისტოს ნამდვილად შეესწრო ნ. კ–ასა და ი. კ–ს შორის მომხდარ კონფლიქტს, მაგრამ მას ნ–ს მხრიდან ქვის სროლა არ დაუნახავს. ნ–ო არც კ–ების საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩასულა. მან ორივე მხარეს მოუწოდა სიმშვიდისკენ. ი. კ–ამ, პირიქით, ნ–ს მოუქნია ჯოხი, მაგრამ ჯოხი მოხვდა და გადაატყდა მას. მესამე დღეს ნახა, რომ ნ–ს კისერზე ჰქონდა დაზიანება. რ. კ–მ მას შესთავაზა, რომ ეთქვა თითქოს ნ–ო მან გაიყვანა გრამიტოს სახლის ეზოდან, თუმცა ფული არ შეუთავაზებია. მოწმემ ასევე არ დაადასტურა, რომ წაქცეულ რ. კ–ს მიეშველა, რათა მას თავი არ დაერტყა დაბლა, მიწაზე. მოწმემ აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტი არ ყოფილა.

12. გარდა ამისა, დაზარალებულთა ჩვენებები ასევე ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მოწმეთა – ფ. თ–ს, ჯ. კ–ს და თ. ა–ს ჩვენებებსაც. რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, ისინი ირიბია, ვინაიდან არ არიან არცერთი ფაქტის თვითმხილველი პირები. ისინი ადასტურებენ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს და, ამდენად, მათი ჩვენებები საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც ნ. კ–ას ბრალეულობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

14. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ნ. კ–ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურორის – ნუგზარ ჯიქიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი