საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100123006740378
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №538აპ-24 9 ოქტომბერი, 2024 წელი
ბ–ე ლ., №538აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. პ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ. ბ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 111,109-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ს–ში, მე-.. ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ. ბ–მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი თოფიდან გასროლით, ზურგის არეში დაზიანებები მიაყენა ოჯახის წევრს - შვილის მეუღლეს თ. ჯ–ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივლისის განაჩენით, ლ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლით.
საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის გამოყენებით, ლ. ბ–ს 5 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, აეკრძალა – იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვა, ტარება ან/და გამოყენება.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივლისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. პ–მა და მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. ბ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 22 თებერვალს, მსჯავრდებულ ლ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. პ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა – ლ. ბ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, განაჩენი არის უკანონო, რადგან სააპელაციო სასამართლომ არასწორი კვალიფიკაცია მისცა ლ. ბ–ს მიერ ჩადენილ დანაშაულს. ვინადან, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ უბედური შემთხვევის დღეს ლ. ბ–ე ეკამათა მეუღლეს. მათ კამათში ჩაერია რძალი, რომელიც მამთილს პოლიციაში დარეკვით დაემუქრა. ლ. ბ–მ, რძლის შესაშინებლად, აიღო აივანზე დატოვებული თოფი. მისთვის უცნობი იყო, რომ თუ სად იმყოფებოდა მისი რძალი, რადგან მხოლოდ საუბარი ესმოდა და ვერ ხედავდა. მან როგორც კი აივნიდან ზღურბლს გადააბიჯა და გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, შემთხვევით გამოეკრა ხელი სასხლეტზე, რამაც გასროლა გამოიწვია. შესაბამისად, მას არ ჰქონდა მკვლელობის განზრახვა და გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე თ. ჯ–ს. ამასთან, სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს აქვს გლაუკომა და მარჯვენა თვალით ვერ ხედავს, ხოლო მარცხენა თვალით მხედველობა დაქვეითებული აქვს, ხელის თითები, კი - ნახევრად ამპუტირებული. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს ექსპერტის ჩვენებაც, რომლის თანახმად, დაზიანების მიხედევით, ადგილი ჰქონდა გასროლას მარცხნიდან მარჯვნივ ქვემოდან ზემოთ. აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ თოფში, რომლიდანაც მოხდა გასროლა იდო ტყვიები და ლ. ბ–ს, რომ ჰქონოდა თ. ჯ–ს მოკვლის განზრახვა კიდევ განახორციელებდა გასროლას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა შეიცვალოს და ლ. ბ–ს ქმედება უნდა დაკვალიფირდეს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ლ. ბ–ს ქმედების 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ლ. ბ–მ თ. ჯ–ს თოფიდან გასროლით, ზურგის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა, რამაც დაზარალებულის სიკვდილი გამოიწვია, თუმცა სადავოა მსჯავრდებულისთვის ბრალადშერაცხილი ქმედების კვალიფიკაცია.
5.5. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების – ზ. ბ–ს, გ. ბ–ს, მ. ბ–ს ჩვენებებით, ნ. ბ–ს, მ. ვ–ს, ა. ბ–ს და ნ. ბ–ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმით, გვამის დათვალიერების ოქმით, თ. ჯ–ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით – დადგინდა, რომ შემთხვევის დღეს, ურთიერთშელაპარაკების დროს, ლ. ბ–მ თანნაქონი თოფიდან გასროლით, ზურგის არეში დაზიანებები მიაყენა თ. ჯ–ს (აღნიშნულს არც თავად მსჯავრდებული უარყოფს).
5.6. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N........... დასკვნით დადგინდა, რომ თ. ჯ–სის სიკვდილის უშუალო მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა – გამოწვეული გულმკერდის ღრუში მარცხნივ შემავალი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად მარცხენა წინაგულის, მარცხენა ფილტვის ქსოვილის და სისხლძარღვების მასიური დაზიანებებით. თ. ჯ–ს გვამის გამოკვლევისას ნანახი იქნა შემდეგი დაზიანებები: გულმკერდის უკანა ზედაპირზე მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, კუნთების დაზიანებები, მარცხნივ მე-4-5-6-7-8 ნეკნების მოტეხილობები იღლიის უკანა და ბეჭის ხაზებზე, კედლის ამყოლი პლევრის, მარცხენა ფილტვის ქსოვილის და სისხლძარღვების მასიური დაზიანებები, გულის პერანგის, მარცხენა წინაგულის დაზიანებები, სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის გასწვრივ რბილ ქსოვილებში, მარცხენამხრივი ჰემოთორაქსი, ჰემოპერიკარდიუმი, ჭრილობების არხის მიმართულება უკნიდან წინ, ზემოდან ოდნავ ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ. გვამს ასევე აღენიშნებოდა მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები მარცხენა მხრის და წელის არეში, რომლებიც აზიანებენ კანს, კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს და მთავრდებიან კუნთებში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების (საფანტი) ზემოქმედებით და წარმოადგენენ შესავალ ხვრელებს. კანის პრეპარატის გამოკვლევის მონაცემებით: სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან – საფანტის გაფანტული მოქმედების ზონაში. დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან და ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს.
5.7. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი იქნა, რომ ლ. ბ–ე იყო ალკოჰოლდამოკიდებული და კონფლიქტური პიროვნება, სიმთვრალეში ჰქონდა ცუდი ხასიათი და მუდმივად აყენებდა შეურაცხყოფას როგორც მეუღლეს, ასევე რძალს – თ. ჯ–სეს. მსჯავრდებული განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა რძლის მიმართ და აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფას. ის ფაქტი, რომ მათ შორის იყო დაძაბული ურთიერთობა მოწმეების ჩვენების გარდა ასევე დასტურდება თ. ჯ–ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით, რომლის თანახმად, 2022 წლის ივლისისა და სექტემბრის თვის სხვადასხვა დროს, საცხოვრებელ სახლში მთვრალი ლ. ბ–ე აგრესიას ავლენს თ. ჯ–ს მიმართ, აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებს, ასევე არაერეთხელ აცხადებს, რომ იგი მოსაკლავია და მას მოვკლავს.
5.8. უშუალოდ შემთხვევის დღეს, თვითმხილველი მოწმის – გ. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2022 წლის 11 დეკემბერს, ლ. ბ–სე იყო ნასვამი და ეკამათებოდა მას. სახლში დაბრუნებულმა რძალმა – თ. ჯ–სემ ჰკითხა ჩხუბის მიზეზი, რის შემდეგ თქვა, რომ თუ მისი მამამთილი არ დამშვიდდებოდა, დარეკავდა 112-ში და გავიდა სამზარეულოსკენ. რამდენიმე წუთში გ. ბ-მ გაიგონა გასროლის ხმა, რის შემდეგაც შევარდა სამზარეულოში, რა დროსაც დაინახა ლ. ბ–სე გასროლილი თოფით ხელში სამზარეულოს მხრიდან მიდიოდა კორიდორში და გადიოდა გარეთ. მანვე დაინახა, რომ მისი რძალი სამზარეულოს შესასვლელ კარებთან ჩამხობილი ეგდო ძირს. როდესაც ამოატრიალა დაიანახა, რომ თ. ჯ–ს პირიდან და ყურიდან სისხლი წამოუვიდა და გარდაიცვალა.
5.9. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. ბ–ე მოქმედებდა რა შურისძიების მოტივით, თოფის მეშვეობით გამიზნული ქმედებით, ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს, რომელიც ძირს დავარდა და გარადაიცვალა. დაზარალებულისთვის მიყენებული ჭრილობების ლოკალიზაციის და გასროლის მანძილის გათვალისწინებით, ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია, რომ ლ. ბ–ს არ ჰქონდა თ. ჯ–ს მკვლელობის განზრახვა. მის განზრახვაზე მიუთითებს ასევე მსჯავრდებულის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ. კერძოდ, თ. ჯ–სისთვის დახმარების გაწევის ან/და საშველად მოხმობის ნაცვლად, განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ, ლ. ბ–ე დარწმუნდა რა, რომ დაზარალებული გარდაიცვალა - გავიდა სხვა ოთახში.
5.10. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 განაჩენი). ამასთან, მკვლელობის სურვილი შესაძლებელია, წარმოიშვას იმწუთიერად და დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის, რომ განზრახვა დროის ხანგრძლივი ინტერვალით უსწრებდეს წინ ქმედებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის №379აპ-18 გადაწყვეტილება).
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტაციას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებებს, რაც სასამართლოებმა ყურადღების გარეშე დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.
5.12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. პ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე