საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100121005075176
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №590აპ-24 15 ოქტომბერი, 2024 წელი
ა–ე ა., №590აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოსსისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ა–ე (პირადი ნომერი: ..........), გ. ვ–ი (პირადი ნომერი: ........), შ. ლ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნენ ბრალდებულებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდომში – საქართველოს სსკ-ის) 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), ხოლო ლ. გ–ი (პირადი ნომერი: .............) და ზ. გ–ი (პირადი ნომერი: ..............) - საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ესე იგი ნებისმიერი ქმედება (გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილისა), ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. ა. ა–ე ზედმეტსახელად ,,ბ–ე“ აღიარებს ს–ს ფარგელებს გარეთ მყოფი კანონიერი ქურდების ხელმძღვანელობით შექმნილ ქურდულ სამყაროს; აქტიური კავშირი აქვს ამ სამყაროსთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ იგი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისათვის. ა. ა–ე 2021 წლის 10 თებერვალს სარფის გავლით გადავიდა თ–ში და მონაწილეობა მიიღო ქურდულ შეკრებაში, სადაც კანონიერმა ქურდებმა გადაწყვიტეს თუ ვინ გახდებოდა ქ. გ–ს ,,მაყურებელი“, რომელიც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებითა და უკანონო ქმედებებით, სამართლადამცავი ორგანოებისგან გვერდის ავლით, ქალაქში დაალაგებდა კრიმინოგენულ სიტუაციას და ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მისაღებად ააგროვებდა ფულს ე.წ. ,,საერთოს“. აღნიშნული საკითხების განხლვა-გადაწყვეტის მიზნით მან ტელეფონის გამოყენებით დააკავშირა თ–ში მყოფი კანონიერი ქურდები და შ. ლ–ე, გ. ვ–ი დ.. გ–ი. 2021 წლის თებერვალი-მაისის დროის შუალედში ა. ა–ე შ. ლ–სთან და გ. ვ–თან ერთად მონაწილეობას იღებდა ქურდულ შეკრებაში, სადაც განიხილებოდა როგორ და რა ფორმით უნდა გამხდარიყვნენ გ. ვ–ი და შ. ლ–ე ქ. გ–ს მაყურებლები, იგი ასევე მზადყოფნას გამოთქვამდა ქურდული სამყაროს წევრებისათვის ძალაუფლების მოსაპოვებლად და სარგებლის მისაღებად გამოეყენებინა თავისი კრიმინალური გავლენა; იარაღით ან მის გარეშე მონაწილეობა მიეღო ქურდულ გარჩევებში, კრიმინალური გავლენის გამოყენებით სხვადასხვა ადამიანებისგან, ძირითადად ბიზნესის მქონე პირებისგან, უკანონოდ მიეღო ფული. მითითებულ პერიოდში ა. ა–ე როგორც თავისი, ისე სხვა პირებისათვის ძალაუფლებისა და გავლენის მისაღებად აქტიურად მონაწილეობდა „ქურდული სამყაროს“ წევრის „კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასება და დავის განხილვა-გადაწყვეტაში.
1.3. გ. ვ–იი ზედმეტსახელად ,,მ–ი“ აღიარებს ს–ს ფარგელებს გარეთ მყოფი კანონიერი ქურდების ხელმძღვანელობით შექმნილ ქურდულ სამყაროს, აქტიური კავშირი აქვს ამ სამყაროსთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ იგი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისათვის. გ. ვ–ი 2021 წლის 10 თებერვალს სარფის გავლით გადავიდა თ–ში და მონაწილეობა მიიღო ქურდულ შეკრებაში, სადაც კანონიერმა ქურდებმა გადაწყვიტეს, ვინ გახდებოდა ქ. გ–ს ,,მაყურებელი“, რომელიც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და უკანონო ქმედებებით, სამართლადამცავი ორგანოებისგან გვერდის ავლით, ქალაქში დაალაგებდა კრიმინოგენულ სიტუაციას და ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მისაღებად ააგროვებდა ფულს ე.წ. ,,საერთოს“. აღნიშნული საკითხების განხლვა-გადაწყვეტის მიზნით გ. ვ–ი 2021 წლის თებერვლიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით დროის შუალედში შ. ლ–სთან ერთად სატელეფონო კომუნიკაციისა და პირადი შეხვედრების მეშვეობით მონაწილეობდა ქურდულ შეკრებაში, როგორც ს–ში, ისე ს–ს ფარგლებს გარეთ მყოფ ქურდული სამყაროს წევრებთან, იგი მზადყოფნას გამოთქვამდა ქურდული სამყაროს წევრებისათვის ძალაუფლების მოსაპოვებლად და სარგებლის მისაღებად გამოეყენებინა თავისი კრიმინალური გავლენა, ქურდული სამყაროს გადაწყვეტილების შესაბამისად გამხდარიყო ქ. გ–ს მაყურებელი; იარაღით ან მის გარეშე მონაწილეობა მიეღო ქურდულ გარჩევებში, კრიმინალური გავლენის გამოყენებით სხვადასხვა ადამიანებისგან, ძირითადად ბიზნესის მქონე პირებისგან, უკანონოდ მიეღო ფული. მითითებულ პერიოდში გ. ვ–ის აქტიურად უკავშირდებოდნენ ქ. გ–ში მცხოვრები პირები და როგორც კრიმინალურ ავტორიტეტს, დახმარებას სთხოვდნენ მატერიალური დავების გადაწყვეტასა და სხვა ადამიანებისათვის უპირატესობისა და გავლენის მოპოვება-მინიჭებაში.
1.4. შ. ლ–ე აღიარებს ს–ს ფარგლებს გარეთ მყოფი კანონიერი ქურდების ხელმძღვანელობით შექმნილ ქურდულ სამყაროს, აქტიური კავშირი აქვს ამ სამყაროსთან, სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ იგი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისათვის. შ. ლ–ე 2021 წლის 10 თებერვალს შეეცადა სარფის გავლით გადასულიყო თ–ში და მონაწილეობა მიეღო ქურდულ შეკრებაში, სადაც კანონიერმა ქურდებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ვინ გახდებოდა ქ. გ–ს ,,მაყურებელი“, რომელიც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებითა და უკანონო ქმედებებით, სამართლადამცავი ორგანოებისგან გვერდის ავლით, ქალაქში დაალაგებდა კრიმინოგენულ სიტუაციას და ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მისაღებად ააგროვებდა ფულს ე.წ. ,,საერთოს“. აღნიშნული საკითხების განხილვა/გადაწყვეტის მიზნით შ. ლ–ეე 2021 წლის თებერვლიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით სატელეფონო კომუნიკაციისა და პირადი შეხვედრების მეშვეობით მონაწილეობდა ქურდულ შეკრებაში, როგორც ს–ში, ისე ს–ს ფარგლებს გარეთ მყოფ ქურდული სამყაროს წევრებთან, მზადყოფნას გამოთქვამდა ქურდული სამყაროს წევრებისათვის ძალაუფლების მოსაპოვებლად და სარგებლის მისაღებად გამოეყენებინა თავისი კრიმინალური გავლენა. ქურდული სამყაროს გადაწყვეტილების შესაბამისად გამხდარიყო ქალაქ გ–ს მაყურებელი, იარაღით ან მის გარეშე მონაწილეობა მიეღო ქურდულ გარჩევებში, კრიმინალური გავლენის გამოყენებით სხვადასხვა ადამიანებისგან, ძირითადად ბიზნესის მქონე პირებისგან, უკანონოდ მიეღო ფული. მითითებულ პერიოდში შ. ლ–ს აქტიურად უკავშირდებოდნენ ქ. გ–ში მცხოვრები პირები და როგორც კრიმინალურ ავტორიტეტს დახმარებას სთხოვდნენ მატერიალური დავების გადაწყვეტასა და სხვა ადამიანებისათვის უპირატებისა და გავლენის მოპოვება- მინიჭებაში.
1.5. 2021 წლის 10 თებერვლიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით,ლ. გ–სათვის ცნობილი იყო ს–ს ფარგლებს გარეთ მყოფი კანონიერი ქურდების ხელმძღვანელობით შექმნილი და შ. ლ–ს, გ. ვ–სა და ა. ა–ს მონაწილეობით არსებული ქურდული სამყაროს საქმიანობის შესახებ, იგი აქტიურად მონაწილეობდა ზემოაღნიშნულ პირებს შორის მიმდინარე ქურდულ შეკრებაში, სადაც განიხილებოდა თუ ვინ და რა ფორმით იქნებოდა ქ. გ–ს ,,მაყურებელი“, რომელიც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებითა და უკანონო ქმედებებით, სამართლადამცავი ორგანოებისგან გვერდის ავლით, ქალაქში დაალაგებდა კრიმინოგენულ სიტუაციას და ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მისაღებად ააგროვებდდა ფულს ე.წ. ,,საერთოს“.ლ. გ–ი შ. ლ–სთან ერთად აქტიურად განიხილავდა და გეგმავდა ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ძალაუფლების მოსაპოვებლად, იარაღის მეშვეობით ან მის გარეშე როგორ ჩაიდენდა სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებს.
1.6. 2021 წლის თებერვლიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით, ზ. გ–სათვის ცნობილი იყო ს–ს ფარგლებს გარეთ მყოფი კანონიერი ქურდების ხელმძღვანელობით შექმნილი და შ. ლ–ს, გ. ვ–სა და ა. ა–ს მონაწილეობით არსებული ქურდული სამყაროს საქმიანობის შესახებ და აქტიურად უკავშირდებოდა შ. ლ–ს, როგორც ქურდული სამყაროს მიერ აღიარებულ ქალაქ გ–ს კრიმინოგენულ სიტუაციაზე პასუხისმგებელ პირს ე.წ. „მაყურებელს“ და მასთან ერთად განიხილავდა ქურდული საერთოს იგივე „ობშიაკის“ შესავსები ფულადი თანხების მოსაპოვებელ საკითხებს. ზ. გ–ი თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობდა სხვადასხვა სამშენებლო მასალების კერძოდ, რკინის მასალის, ბლოკის და ქვიშის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით საკმაოდ დაბალ ფასებში მოპოვებას. ზ. გ–ის როგორც ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ პირს სხვა პირებისათის სარგებელის მისაღებად და გავლენის მოსაპოვებლად, აქტიურად უკავშირდებოდნენ ქალაქ გ–ში მცხოვრები პირები და სთხოვდნენ დავის არაკანონიერი გზით გადაჭრაში დახმარებას. მას ასევე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა სასჯელაღსრულებაში მყოფ ქურდულ სამყაროში კრიმინალური გავლენების მქონე პირებთან, რომლებსაც აცნობდა არასრუწლოვან ადამიანებს და უკანონო ქმედებებში მათ ჩართვას აანონსებდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა, ა. ა–ს, გ. ვ–ის, შ. ლ–ს „ქურდული სამყაროს“ წევრობა, ხოლოლ. გ–სა და ზ. გ–ს მიერ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენით ა. ა–ე, გ. ვ–ი და შ. ლ–ე ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით, ამავე განაჩენით ლ. გ–ი და ზ. გ–ი ასევე ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით.
2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა და მოითხოვა ა. ა–ს, გ. ვ–ს, შ. ლ–ს,ლ. გ–სა და ზ. გ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 3 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ა. ა–ს, გ. ვ–ს, შ. ლ–ს,ლ. გ–სა და ზ. გ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის ფარული ჩანაწერებით დადასტურებულია, რომ ქურდული სამყაროს საქმიანობას ახორციელებდნენ ქურდული სამყაროს წევრები: შ. ლ–ე, გ. ვ–ი და ა. ა–ე. თავდაპირველად, სამივე მათგანი მიდიოდა თ–ში, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა შ. ლ–მ ვერ დატოვა ს–ს სახელმწიფო საზღვარი, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა ჯერ გ. ვ–ი, შემდეგ კი - ა. ა–ე. ეს უკანასკნელი, ვიდრე საქართველოში დაბრუნდებოდა, იყო ვინმე პ–სთან, რომელიც თავისი ტელეფონით ალაპარაკა საქართველოში მყოფ შ. ლ–ს,ლ. გ–სა და გ. ვ–ის. მათი საუბრები სრულად შეეხებოდა პირთა „ქურდულ სამყაროში“ გაწევრიანებისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ვინმე პ–სთან საუბრის შემდეგ კილ. გ–ი, შ. ლ–ე და გ. ვ–ი დამოუკიდებლად აგრძელებდნენ ქურდულ შეკრებას. კასატორმა თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. პროკურორი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს გამოკვლეულ მტკიცებულებათა არასათანადო და არასწორი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობაზე.
5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა მოიცავს საპროცესო კოდექსის ისეთ დარღვევას, რაც არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ამასთან, არსებითი დარღვევა შესაძლოა ვლინდებოდეს ისეთი საპროცესო დანაწესის დარღვევაში, რასაც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს ინსტრუმენტული უფლება, მათ შორის: გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა, მტკიცებულებათა შეფასებისას ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის („in dubio pro reo“) პრინციპის, მტკიცებულებათა უტყუარობისა და დასაშვებობის სტანდარტების დარღვევა და სხვა.
5.4. საკასაციო საჩივრის თანახმად, პროკურორს მიაჩნია, რომ სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს მოქმედი კანონმდებლობის იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებითაც დგინდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განმარტავს „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის“ ცნების მნიშვნელობას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად: ,,გონივრულ ეჭვს მიღმაა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში“.
5.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კი: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.10. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ქვემდგომ სასამართლოებში საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და დაადგინა, რომ ა. ა–ს, გ. ვ–ს, შ. ლ–ს ქმედებებში არ იკვეთებოდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლოლ. გ–სა და ზ. გ–ის მხრიდან საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.
5.11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა როდის, სად და რა ვითარებაში მონაწილეობდნენ ისინი ქურდულ შეკრებაში. გარდა ამისა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ასევე არ დასტურდება, ა. ა–ს, გ. ვ–ს, შ. ლ–ს, როგორც კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვინ, როდის და რა მატერიალური დავის გადაწყვეტისათვის მიმართა. აღნიშნულზე მითითებას ასევე არ შეიცავს ბრალდების შესახებ დადგენილებები. ზ. გ–სა დალ. გ–ს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული დანაშაულებრივი ქმედებების აღწერა არის ზოგადი ხასიათის. არ არის მითითებული, თუ რაში, რა ქმედებების ჩადენით გამოიხატა მათი მხრიდან ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდულ სამყაროს საქმიანობაში მათი აქტიური მონაწილეობა, გარდა იმისა, რომ სატელეფონო საუბრების დროს ზოგადად საუბრობენ და მიმოიხილავენ ქურდული ცხოვრების წესსა და ტრადიციებს, ასევე განიხილავენ და აფასებენ სხვადასხვა პირთა ქმედებებს.
5.12. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი, პუნქტი 4.1.2.).
5.13. ამდენად, პალატა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს აფასებს ა. ა–ს, გ. ვ–ს, შ. ლ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში და განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა მათი - ,,ქურდული სამყაროს წევრობა“.
5.14. საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ,,ქურდული სამყაროს წევრობა“ ბლანკეტური ნორმაა და აღნიშნული ქმედების არსი დგინდება ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, სადაც განმარტებულია, რომ ქურდული სამყაროს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც კავშირი აქვს „ქურდულ სამყაროსთან“, აღიარებს მათ და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა. „ქურდული სამყაროს“ წევრობა სახეზეა მხოლოდ მაშინ, როდესაც პირმა აღიარა „ქურდული სამყარო“ და აქტიურად მოქმედებს ამ სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. აქტიურ მოქმედებაში მოიაზრება დაშინება, მუქარა, იძულება, ქურდული გარჩევა, დანაშაულის ჩადენა, პირების გამოძებნა დანაშაულის ჩასადენად და მათი წაქეზება დანაშაულის ჩადენისკენ, იმ ობიექტის მოძიება, საიდანაც შეიძლება ქონების ამოღება. დანაშაული დამთავრებულია „ქურდული სამყაროს“ აღიარებასთან ერთად, კონკრეტული ქმედების ჩადენისთანავე და მნიშვნელობა არა აქვს მიაღწია თუ არა „ქურდული სამყაროს“ წევრმა მიზანს. სუბიექტური მხრივ აუცილებელია „ქურდული სამყაროს“ წევრის მოქმედება მიმართული იყოს „ქურდული სამყაროს“ წევრებისთვის ან სხვა პირებისთვის სარგებლის მიღებისკენ.
5.15. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ა. ა–ს, გ. ვ–სა და შ. ლ–ს „ქურდული სამყაროს“ წევრობა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ისინი თავს და ერთმანეთს საუბრებში მოიხსენიებენ ქურდული სამყაროსათვის დამახასიათებელი ტერმინებით. ასევე არ დასტურდება, რომ მათ პირდაპირი კავშირი აქვთ კანონიერ ქურდებთან და ქურდული გარჩევის გზით წყვეტენ მხარეებს შორის საკითხს ან/და პირებს რაიმე ფორმით ავალდებულებენ თანხის მათთვის გადახდას. საქმეზე არსებული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ „ვინმე პ–ა“, რომელიც ფიგურირებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებში და რომელთანაც კავშირი ჰქონდათ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს, არის კანონიერი ქურდი – პ. ბ–ე, შესაბამისად, ბრალდების მხარის მხრიდან აღნიშნულზე მითითება წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც გამყარებული არ არის მტკიცებულებით.
5.16. რაც შეეხება,ლ. გ–სა და ზ. გ–ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას, საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაშიც იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებებს და დამატებით აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ბრლადების შესახებ დადგენილებაში არ არის ასახული რა მოქმედებებში გამოიხატა მათი მხრიდან ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა, რომლ. გ–იმა ან/და ზ. გ–მა თავისი აქტიური ქმედებებით, ხელი შეუწყეს ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობას, რითაც თანაბრალდებულებს შესაძლებლობა მისცეს მოეწყოთ ქურდული გარჩევა და გადაეწყვიტათ სადავო საკითხი.
5.17. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.
5.18. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან, რის გამოც, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
5.19. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე