საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.10.2024
საქმის ნომერი
2კ-553აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.10.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100122005690450

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №553აპ-24 ქ. თბილისი

დ. დ. 553აპ-24 21 ოქტომბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის – ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. დ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:

1.1. ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 151–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;

1.2. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. დ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 25 ოქტომბერს, ქ. ბ–ში, ........ის N..-ის ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დ. დ–სე ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა არასრულწლოვან ა. ბ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.2. 2021 წლის 3 თებერვალს, ქ. ბ–ში, ........ის N..-ის ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დ. დ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ. ძ–ს, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ხელი მარცხენა იდაყვის და გულმკერდის მარცხენა ნაწილში. ფიზიკური ძალადობის შედეგად თ. ძ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დ. დ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;

3.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, დ. დ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ – ალექსანდრე ძირკვაძემ, რომელმაც მოითხოვა გამართლებული დ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ დ. დ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – რ. პ–მ, რომელმაც მოითხოვა, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილემ – ალექსანდრე ძირკვაძემ, რომელიც ითხოვს დ. დ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი ითხოვს დ. დ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის.

9. ამდენად, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ჩაიდინა თუ არა გამართლებულმა დ. დ–მ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და დ. დ–ს ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობა, იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც დ. დ–ს ბრალადწარდგენილ დანაშაულებში გამართლება განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ დაზარალებულების – ა. ბ–ს და თ. ძ–ს ჩვენებები ვერ აკმაყოფილების უტყუარობისა და სანდოობის კრიტერიუმს. ისინი წინააღმდეგობაშია, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან. კერძოდ:

11.1. დაზარალებულ ა. ბ–ს ჩვენების თანახმად, 2020 წლის 25 ოქტომბერს მამიდამისი დ. დ–ე და მისი ქმარი – რ. დ–ეე მივიდნენ მათ ბინაში, გამოხატავდნენ აგრესიას, დაიწყეს ჩხუბი. დ. დ–მ დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენია ა. ბ–ე და ,,თმების დაგლეჯვით დაემუქრა“. შეეშინდა, რადგან იფიქრა, რომ იგი მართლაც ჩაიდენდა ნათქვამს. რაც შეეხება 2021 წლის 3 თებერვლის ფაქტს, მამის ნათესავები ისევ მიიჭრნენ, კარზე აბრახუნებდნენ, ლანძღავდნენ მას და მის დედ-მამას. განსაკუთრებით აქტიურობდა დ. დ–სე, რომელმაც გამოძახებაზე მისულ პოლიციის თანამშრომელსაც კი მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დ–ო ცდილობდა შეჭრილიყო მათ საცხოვრებელ ფართში, თუმცა წინ გადაეღობა დედამისი (ა. ბ–ს დედა) – თ. ძ–ა, რომელიც სანახევროდ გაღებულ კარში იდგა და ფეხით იჭერდა კარს, რომ დ. დ–ე ბინაში არ შეჭრილიყო. სწორედ ამ დროს მიაყენა მან ფიზიკური შეურაცხყოფა დედამისს.

11.1.1. ამდენად, დაზარალებულმა ა. ბ–მ, მათ შორის, განმარტა, რომ დ. დ–მ ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა აღნიშნულს არ ადასტურებენ შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მხარეებს შორის მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მათ შორის, მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი ინსპექტორ-გამომძიებელ ზ. ჩ–ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2021 წლის 3 თებერვალს განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილესთან ერთად გამოცხადდა შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე. ადგილზე დახვდნენ: შეტყობინების ინიციატორი ა. ბ–ე, ასევე თ. ძ–ა, ო. ბ–ე და რ. დ–ე. ადგილზე მისვლისას რაიმე სახის კონფლიქტს ან მუქარას ადგილი არ ჰქონია, რაც დაუდასტურა თ. ძ–ამაც, რომელიც პრეტენზიას გამოთქვამდა პოლიციის მიმართ, რომ ისინი არ ახდენდნენ დროულ რეაგირებას მანამდე მუქარის ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული შეტყობინებების გამო. ასევე უარი განაცხადეს ფაქტის ირგვლივ გამოკითხვის მიზნით საგამოძიებო ორგანოში გადასვლაზე.

11.2. დაზარალებულების – ა. ბ–სა და თ. ძ–ს ჩვენებებისაგან სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს, 2021 წლის 3 თებერვალს რ. დ. მომხდარი ინციდენტის შესახებ, მასში უშუალოდ მონაწილე და იქ მყოფმა პირებმა – ლ. ტ–მ და ზ. ნ–მა. მათ კატეგორიულად გამორიცხეს ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი. ასევე ინციდენტის ადგილას მყოფმა – რ. დ–ე და ლ. ბ–ე გამოკითხვის ოქმებში (უდავოდ ცნობილი მტკიცებულება) გამორიცხეს დ. დ–ს მხრიდან თ. ძ–ს ფიზიკურ ძალადობა.

11.3. 2021 წლის 3 თებერვალს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112-ში” შესული ექვსი შეტყობინებიდან, რომლებიც შეეხება მითითებულ დღეს რ. დ–ს მომხდარ ინციდენტს და შეტყობინების ინციატორები არიან: თ. ძ–ა, ა. ბ–ე, ლ. ბ–ე და ლ. მ–ე, არც ერთი შეტყობინება არ შეიცავს ინფორმაციას ფიზიკური ძალადობის თაობაზე, საუბარია კონფლიქტსა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.

11.4. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებული თ. ძ–ა ვერ უთითებს ფიზიკური დაზიანების მიყენების კონკრეტულ დეტალებს, კერძოდ, თავდაპირველად მიუთითა, რომ როდესაც მეუღლის ო. ბ–ს ძმა და ძმის ცოლები გადიოდნენ ბინიდან, დ. დ–მ სცადა ბინაში შეჭრა. თავად არ აძლევდა ამის საშუალებას. არ იცის გაშლილი ხელი მოხდა თუ მუჭი, მაგრამ იდაყვის მარცხენა და მკერდის მარცხენა მხარეს იგრძნო დარტყმის შედეგად ტკივილი. მოგვიანებით დაზარალებულმა დააზუსტა, რომ დ. დ–ე, როგორც ბინაში სტუმრების შესვლისას, ასევე მათი ბინიდან გამოსვლისას ცდილობდა მათ საცხოვრებელ ფართში შეჭრას, ეჯაჯგურებოდა და ზუტად არ იცის როდის მიაყენა მას სხეულზე დაზიანებები, ტკივილი ორივე მომენტში იგრძნო, თუმცა უფრო მეტად სტუმრების ბინიდან გასვლისას.

11.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ დ. დ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ. ძ–ს, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ხელი მარცხენა იდაყვის და გულმკერდის მარცხენა ნაწილში.

12. რაც შეეხება დ. დ–ს მიერ არასრულწლოვან ა. ბ–ს მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, გარდა იმისა, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის დაკონკრეტებული მუქარის შინაარსი (საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დ. დ–ე ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა არასრულწლოვან ა. ბ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მუქარის ფაქტზე (დ. დ–ე დაემუქარა ,,თმების დაგლეჯით“), მხოლოდ დაზარალებული - ა. ბ–ე უთითებს და აღნიშნული არ არის მითითებული, მათ შორის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112-ში” შესული 2020 წლის 25 ოქტომბრის შეტყობინებაში, რომლის საფუძველზეც დაიწყო საქმეზე გამოძიება და რომლის თანახმადაც, ინიციატორი თ. ძ–ა აღნიშნავს არა დ. დ–ს მხრიდან ა. ბ–ს, არამედ – ,,დ. დ–ს და რ–ს“ მხრიდან მისი ქმარის – ო. ბ–ს მიმართ მოკვლის მუქარაზე.

12.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, დ. დ–ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

13. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

15. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის – ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი