საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100124008672540
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №127აპ.-25 28 აპრილი, 2025 წელი
ნ–ი ვ., №127აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. ნ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2020 წლის მარტიდან ქ. დ–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ. ნ–თან. 2020 წლის მაისამდე, მეუღლეები, ქ. დ–ის არასრულწლოვან შვილთან – მ. ჯ–ან ერთად ცხოვრობდნენ თ–ში, ო–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში. 2020 წლის მაისიდან – 2021 წლის ზაფხულამდე, ასევე, 2022 წლის იანვრიდან – 2023 წლის დეკემბრამდე დროის შუალედში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, არასრულწლოვან მ. ჯ–ის თანდასწრებით, ვ. ნ–ი სისტემატურად ფსიქოლოგიურად ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე – ქ. დ–ზე, კერძოდ: სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, ამცირებდა, უშვერი სიტყვებით მიმართავდა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას და თავს დამცირებულად გრძნობდა.
1.3. 2023 წლის 19 დეკემბერს, თ–ში, ს–ს ჩიხი №..-ში მდებარე საცხოვრებელ მისამართზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ვ. ნ–მა ყოფილ მეუღლეს – ქ. დ–ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ: გაშლილი ხელი სახის არეში დაარტყა. დარტყმისგან ქ. დ–ი საწოლზე დაეცა, ვ. ნ–ი ზემოდან მოექცა, რა დროსაც ხელები დაუჭირა და სახის არეში კიდევ ერთხელ დაარტყა. ამავე ვითარებაში, სახის არეში შეაფურთხა. ვ. ნ–ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, ქ. დ–მა ფიზიკური ტკივილი განიცადა და მარჯვენა თვალის ქუთოთოს, ასევე, ტუჩის, ზედა და ქვედა კიდურების არეში დაზიანებები მიიღო.
1.4. 2020 წლის მაისში, თ–ში, ო–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ მისამართზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ვ. ნ–ი მეუღლეს – ქ. დ–ს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, კერძოდ: უთხრა, რომ სახესა და სასქესო ორგანოზე მჟავას დაასხამდა. შედეგად, ქ. დ–ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულიყო ვ. ნ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, ვ. ნ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და გამართლდა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ვ. ნ–ის დამნაშავედ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2025 წლის 6 იანვარს, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი ნადირაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ვ. ნ–ის წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ვ. ნ–ის ბრალეულობას. განაჩენის დადგენისას სასამართლოებს სწორად უნდა შეეფასებინათ საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაედგინათ გამამტყუნებელი განაჩენი. ბრალდების მხარე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დაზარალებულ ქ. დ–ის ჩვენება არასანდო და არათანამიმდევრულია და მიაჩნია, რომ დაზარალებულ – ქ. დ–ის და მისი შვილის მ. ჯ–ის, ასევე პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ვიდეო-კამერის ჩანაწერებით და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვ. ნ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს №117აპ-18, №626აპ-17, №733აპ-18 და №680აპ-20 საქმეებზე მტკიცებულებათა შეფასებაზე დადგენილ პრაქტიკას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვ. ნ–ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №230აპ-13 განაჩენი).
5.3. ამასთან, საკასაციო სასამართლომ 2020 წლის 29 მაისის განაჩენში საქმეზე №733აპ-18 მიუთითა, რომ ,,სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული პერმანენტულობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რეგულარულად, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედება მინიმუმ, ორჯერ მაინც უნდა იქნეს ჩადენილი, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი. შესაბამისად, ძალადობა, როდესაც ქმედებები დროის ინტერვალით საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთისგან, არ შეიძლება მივიჩნიოთ სისტემატურად. სისტმატურობა გამოკვეთილია მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის არსებული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ დაზარალებული კვლავ განიცდის პირველი ქმედებით მიყენებულ ზიანს“.
5.4. შესაბამისად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ვ. ნ–ს ედავება ქ. დ–ის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას. თუმცა, არც ბრალდების შესახებ დადგენილებით, არც დაზარალებულისა და მოწმე მ. ჯ–ის ჩვენებებით არ დგინდება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც საკმარისი იქნებოდა ვ. ნ–ის მხრიდან შეურაცხყოფის სისტემატურობის დასადგენად.
5.5. რაც შეეხება ვ. ნ–ის მიმართ ძალადობის და მუქარის ბრალადწარდგენილ ეპიზოდებს, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ სასამართლოში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ქ. დ–ის არათანმიმდევრული ჩვენება, რაც გამყარებული არ არის სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებით. იმისათვის, კი რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაზარალებულის ნათქვამის სისწორეს დაადასტურებს - რაც მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ არის.
5.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე და წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ თითოეული ქმედების ფარგლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.8. მოცემულ შემთხვევაში კი, დაზარალებულ ქ. დ–ის, მოწმე მ. ჯ–ის ჩვენებები და ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმები არ არის თანხვედრაში ერთმანეთთან. ასევე ერთმანეთს არ შეესაბამება სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის N.... სამედიცინო ბარათსა (პაციენტი არის აღგზნებული, აფორიაქებული, ტირის და აცხადებს, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ზედა კიდურზე (მტევანზე) აღენიშნება მცირე ზომის ესკორიაცია და ქვედა კიდურზე სილურჯე (2-3). პირიდან ამოსდის ალკოჰოლის სუნი) და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №......... სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი (ქ. დ–ს შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის, სისხლჩაქცევის, უსწოროკიდეებიანი ჭრილობის და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად) დაზარალებულ ქ. დ–ის სხეულზე არსებული დაზიანებები, რის გამოც შეუძლებელია დადგინდეს თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა ქ. დ–ს ზემოხსენებულ ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებები.
5.9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პატრულ-ინსპექტორთა და ექიმის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე და მიუთითებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს, რადგან ისინი გადმოსცემენ დაზარალებულის მონათხრობს და უშუალოდ არ შესწრებიან დანაშაულებრივ ფაქტს.
5.10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.11. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ვ. ნ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.13. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეებში, რომლებშიც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მისაღწევია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან. ამასთან, კასატორის მიერ მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან, რის გამოც, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე