საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.04.2025
საქმის ნომერი
2კ-1281აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100123007938565

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1281აპ-24 ქ. თბილისი

ჩ–ე ლ., 1281აპ-24 28 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. ჩ–ეს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით, ლ. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. 2023 წლის 30 აგვისტოს, შუადღის საათებში, თ–ი, .......ის ქუჩა №..-ში ჩატარდა ლ. ჩ–ის №.. ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული, 8 მმ ნომინალური კალიბრის №........... იარაღი, რომელიც თავდაპირველი სახით იყო ქარხნული წესით დამზადებული, ,,.........” მოდელის აირის პისტოლეტი, რომელსაც ლულის არხში კუსტარულად მოხსნილი აქვს მზღუდავი, რის გამოც პისტოლეტიდან შესაძლებელია ჭურვით (ტყვიით) დამუხტული 8 მმ ნომინალური კალიბრის ვაზნების გასროლა. პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

2. ლ. ჩ–ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენით ლ. ჩ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – როინ ხინთიბიძემ – რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. ჩ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – როინ ხინთიბიძემ – რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. ჩ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. საქმეზე უდავოდ მიჩნეული სამხილებით დგინდება, რომ 2023 წლის 30 აგვისტოს, შუადღის საათებში, თ–ი, .......ის ქუჩა №..-ში ჩატარდა ლ. ჩ–ის №.. ბინის ჩხრეკა, საიდანაც ამოიღეს იარაღი. სადავო იყო მხოლოდ დაცვისა და ბრალდების მხარეების მიერ წარდგენილი ექსპერტიზების დასკვნები. ბრალდების მხარის მტკიცებით, წარდგენილი დასკვნების შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე, უტყუარად დგინდება, რომ ამოღებული იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ბალისტიკური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, სადავო იარაღი თავდაპირველად იყო ქარხნული წესით დამზადებული „........” მოდელის აირის პისტოლეტი, რომელსაც ლულის არხში კუსტარულად მოხსნილი აქვს მზღუდავი, რის გამოც, პისტოლეტიდან შესაძლებელია ჭურვით (ტყვიით) დამუხტული 8 მმ ნორმალურ კალიბრიანი ვაზნების გასროლა. პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ამავდროულად, დაცვის მხარემ საქმეზე დანიშნა ორი დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომელთა დასკვნების გაზიარების საფუძველი არ არსებობს და სასამართლო, გადაწყვეტილების მიღების დროს, მათ არ უნდა დაყრდნობიდა. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზების დასკვნები არ ემყარება ექსპერტების მიერ ჩატარებულ ცდებს და მხოლოდ ნივთზე გარეგნულ დაკვირვებას ეფუძნება. ამის საპირწონედ, ბრალდების მხარის ექსპერტიზის დროს, ჩატარდა პრაქტიკული ცდები და იარაღიდან გასროლილია 3 მასრა, რაც ბრალდების მხარის მოსაზრებით, დასკვნის უტყუარობის მთავარი კრიტერიუმია. ალტერნატიული დასკვნების მითითებას, რომ იარაღის კონსტრუქცია ვერ გაუძლებდა გასროლას, რის საფუძველზეც, გამოირიცხა მის ცეცხლსასროლ იარაღთან გაიგივება, უსაფუძვლოა, რადგან, ერთი მხრივ, არცერთ ექსპერტს აღნიშნულთან დაკავშირებით ცდა არ ჩაუტარებია, არამედ – ზედაპირული დათვალიერების საფუძველზე ასკვნიან, მაშინ, როდესაც შსს-ს ექსპერტმა მოახდინა რამდენიმე გასროლა და არც მას და არც იარაღს დაზიანება არ მიუღია; მეორე მხრივ, სახეზეა კუსტარულად დამზადებული იარაღი, რომელიც, ცხადია, ვერ იქნება ისეთივე გამძლე და ხარისხიანი, როგორც ქარხნული, ხოლო მომეტებული საფრთხე – კუსტარულად იარაღის დამზადების თანმდევი შედეგია. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღი არის მოკლე ან გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. ამდენად, კანონი არაფერს ამბობს ნივთის ქარხნულ ნორმებთან შესაბამისობის კრიტერიუმზე და, შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად შეუძლია ამოღებულ იარაღს გარკვეული კინეტიკური ენერგიის გამოყოფა და ამ ენერგიის შედეგად ტყვია ობიექტს დააზიანებდა თუ არა, რაზეც ინფორმაციას მხოლოდ ბრალდების მხარის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა იძლევა. ექაპერიმენტული გასროლების შედეგად წარმოიქმნა კინეტიკური ენერგია – 1,12 ჯ/მმ2. იმისათვის, რომ ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილმა ჭურვმა სამიზნეს მიაყენოს შემავალი დაზიანება (ჭურვის მომაკვდინებელი ძალა), მისი ხვედრითი კინეტიკური ენერგიის მინიმალური მნიშვნელობა უნდა იყოს 0,5 ჯ/მმ2. განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემი მინიმალურ ზღვარზე ორჯერ მეტია, შესაბამისად, სადავო იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა ან დაუსაბუთებელი, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ ვერ დადგინდა ლ. ჩ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენა. ამასთან სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დასაბუთებული პასუხები გასცა აპელანტის – ბრალდების მხარის – საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, კერძოდ:

10. სადავოდ არ გამხდარა, რომ 2023 წლის 30 აგვისტოს, შუადღის საათებში, თ–ი, .......ის ქუჩა №..-ში ჩატარებული ლ. ჩ–ის №.. ბინის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ,,....” მოდელის პისტოლეტი, რომლიდანაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, ლულის არხში კუსტარულად მოხსნილი მზღუდავის გამო, შესაძლებელია ჭურვით (ტყვიით) დამუხტული 8 მმ ნომინალურ კალიბრიანი ვაზნების გასროლა. შესაბამისად, ამოღებული პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, რისი გათვალისწინებითაც, ლ. ჩ–ის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და შენახვის – შემადგენლობა; მეორე მხრივ, დაცვის მხარის ვერსიით, უტყუარად არ დასტურდება, რომ ლ. ჩ–ის სახლიდან ამოღებული, 8 მმ ნომინალურ კალიბრიანი, №........... ქარხნული წესით დამზადებული, ,,......” მოდელის პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, რისი გათვალისწინებითაც, ლ. ჩ–ე წარდგენილ – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და შენახვის – ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

11. იმ გარემოების დასადგენად, ლ. ჩ–ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული პისტოლეტი მიეკუთვნებოდა თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისი იყო თუ არა სროლისათვის, სახელმწიფო ბრალდებამ წარმოადგინა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტის №.... დასკვნა და მოწმის სახით დაკითხა ექსპერტი – გ. კ–ე, ხოლო დაცვის მხარემ, საპირწონედ, წარმოადგინა საექსპერტო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ბიუროს ბალისტიკური ექსპერტის №.... და ....... სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და სასამართლო ექსპერტიზების ცენტრის ბალისტიკური ექსპერტის №..... დასკვნები და მოწმეების სახით დაკითხა ექსპერტები – გ. გ– და გ. დ–ი.

12. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტის №.. დასკვნითა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის – გიორგი კაპანაძის – ჩვენებით ირკვევა, რომ 8 მმ ნომინალურ კალიბრიანი, №....... იარაღი, თავდაპირველი სახით იყო ქარხნული წესით დამზადებული, ,,.......” მოდელის აირის პისტოლეტი, რომელსაც ლულის არხში კუსტარულად მოხსნილი აქვს მზღუდავი, რის გამოც პისტოლეტიდან შესაძლებელია ჭურვით (ტყვიით) დამუხტული, 8 მმ ნომინალურ კალიბრიანი ვაზნების გასროლა. პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

13. საპირისპიროდ, საექსპერტო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ბიუროს ბალისტიკური ექსპერტის №.... დასკვნითა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის – გ. გ–ს – ჩვენების მიხედვით, სადავო პისტოლეტი, საქარხნო ნომრით №...., არის უცხოური წარმოების, სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებული, 8 მმ კალიბრიანი, ,,.......” მოდელის სასიგნალო, ხმოვანი (აკუსტიკური) პისტოლეტი, რომელიც მიეკუთვნება არა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ ცეცხლსასროლ მოწყობილობას. ფაქტიურ მდგომარეობაში (ლულაზე არსებული დაზიანებებიდან გამომდინარე) გამოსაკვლევი პისტოლეტიდან სროლა სახიფათოა, საფრთხის შემცველია მსროლელისათვის და იგი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. საკვლევი პისტოლეტის კუსტარული წესით ლულის არხში სპეციალური მზღუდავის ამოღების, დაზიანებისა და გადაკეთების დადგენა შეუძლებელია. პისტოლეტიდან ექსპერიმენტული გასროლების წარმოება, როგორც კუსტარულად, ფინდიხით დამუხტული, ასევე – ფუჭი ვაზნებით არ შეიძლება.

14. ამავდროულად, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და სასამართლო ექსპერტიზების ცენტრის ბალისტიკური ექსპერტის №.... დასკვნითა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის – გ. დ–ის – ჩვენების მიხედვით: გამოსაკვლევ პისტოლეტს – „........“ 8 მმ-ს, აღენიშნება დაზიანებები: ლულაში ჩასმულ (შიდა ჩანართზე) მილისაზე წინა მხრიდან (ტუჩთან) შეიმჩნევა ნაღარი, დაახლოებით სანტიმეტრამდე ორი, თითქმის, საპირისპიროდ განლაგებული უსწორო ნახვრეტი, ცოტა ღრმად, ერთი უსწოროგვერდებიანი ნახვრეტი. ლულა და შიდა ჩანართი მილისა დამზადებულია სხვადასხვა მყიფე მასალისგან. ლულის ზედა ნაწილზე და წინა მხარეს არის მექანიკური დამუშავების კვლები, ხეხვის კვალი, ზოგ ადგილზე ფენა მოხსნილია და ჩანს მილისა, რითაც შემცირებულია ლულის სიმტკიცე. ასევე – ლულასა და საკეტის შიდა, წინა, ქვედა მხარეს შეიმჩნევა საღებავისმაგვარი დაფარვა. სავარაუდოდ, მოცვეთილია ლულის წინ არსებული ხრახნი, რომელიც გამოიყენება მზღუდავი საცობისა და სასიგნალო აპარატის ჩასახრახნად. მოცემული იარაღისთვის განკუთვნილია სპეციალური, 8 მმ ყალიბრიანი (კალიბრიანი) ხმოვანი, ფუჭი, საპისტოლეტე ვაზნები და სხვა რომელიმე სტანდარტული საბრძოლო ვაზნების გამოყენება, გარდა ხმოვანი ვაზნებისა, გამოიწვევს იარაღის მწყობრიდან გამოსვლას, მსროლელის დაზიანებით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პისტოლეტი ,,.........”, 8 მმ, სერიული ნომრით №.......... თვითნაკეთ ცეცხლსასროლ იარაღს არ განეკუთვნება. ასევე – არ განეკუთვნება ხრახნილლულიანს ან გლუვლულიანს, ვინაიდან ლულა არ არის სათანადოდ დამუშავებული, კერძოდ, არ არის ამოღებული ხრახნული ღარები და/ან არ არის გლუვი, ვინაიდან ლულის ღრუს გააჩნია გარშემო ღარები. იგი არ არის დამზადებული სპორტული იარაღიდან და არ წარმოადგენს ცეცხლსასროლ იარაღს, ვინაიდან არ შეიძლება მოხდეს რაიმე სტანდარტული საბრძოლო თუ სტანდარტული ლეტალური ვაზნის გასროლა.

15. აღსანიშნავია, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანი ცდება სამართლებრივი შეფასების კატეგორიას და საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო სპეციფიური ცოდნის მქონე, ბალისტიკური ექსპერტების დასკვნებს ეყრდნობა. გამომდინარე იქიდან კი, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა და არ დაუკითხავს შესაბამისი, დარგის ექსპერტი, რომელიც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო კვლევებით გაჩენილ ეჭვებს გააქარწყლებდა, შეჯიბრებითი პროცესის პირობებში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გასცდეს ობიექტური არბიტრის როლს და საპირწონე, წონადი არგუმენტების არარსებობისას, საკუთარი შინაგანი რწმენის საფუძველზე, დაადასტუროს ან უარყოს ფაქტები.

16. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და მტკიცების საგანთან მიმართებით – მიეკუთვნება თუ არა ლ. ჩ–ის სახლიდან ამოღებული პისტოლეტი ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია თუ არა სროლისათვის – ურთიერთსაპირისპირო საექსპერტო დასკვნების შინაარსებიდან გამომდინარე, განსახილველი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნების უპირობოდ ძალიან მაღალი ფასის მხედველობაში მიღებით, სამხილების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, ქმვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ლ. ჩ–ის სასარგებლოდ.

17. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი